ჯანმრთელობის ჟურნალი
08იან
კანის ტიპები

უნაკლო სახის კანის ქონა ყველა ადამიანის დიდი სურვილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, ვარჯიშს, თუმცა ასევე აუცილებელია კანის გარეგანი მოვლა, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ამაზე მეტად მნიშვნელოვანია შენი კანის შესაფერისი პროდუქტის არჩევა. საჭიროა ვიცოდეთ როგორი ტიპის კანი გვაქვს, რომ ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყოს შესაბამისი თავის მოვლის პროდუქტის შერჩევა. ძირითადად 4 სახის კანის ტიპი არსებობს:

ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

სახლის პირობებშიც, ჩვენს კანზე დაკვირვების შედეგად შეიძლება დავადგინოთ ჩვენი კანის ტიპი.

 ნორმალური ტიპის კანს უწოდებენ კანს, სადაც ცხიმი და ტენის შემცველობა დაბალანსებულია. არც ზედმეტად ცხიმიანი და არც ზედმეტად მშრალი. კანის უბნებს  ერთნაირი შეფერილობა აქვს და დაკრავს ოდნავ ვარდისფერი. გლუვია, სუფთა, არაა მგრძნობიარე, ფორები ნაკლებად შეიმჩნევა. აღსანიშნავია ისაც, რომ ნორმალური ტიპის კანის შანსი, მშრალად  გადაიქცეს ასაკის მატებასთან ერთად, არის ძალიან დიდი.

მშრალი კანი ნორმალურ კანთან შედარებით ნაკლებ სებიუმს ანუ ცხიმს გამოყოფს, შესაბამისად მშრალ კანს აკლია ცხიმები და ტენი, რომ გარემო ზემოქმედებისგან  დაიცვას თავი. მშრალი კანი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, ახალგაზრდობაში იგი გამონაყარისა და  ფორების გარეშეა, ერთი ფერის, თუმცა არასათანადოდ მოვლის შემთხვევაში დაიწყებს უსიამოვნოდ აქერცვლას და დაკარგავს ელასტიურობას.

მშრალი კანის ამოცნობა ერთი შეხედვითაც მარტივია. თხელი სტრუქტურის კანი, რომელიც ალაგ-ალაგ გამომშრალი შესახედაობისაა და მთლიან სახეს ერთი ფერი დაკრავს. კანი  მთელი დღის განმავლობაში დაჭიმულია.

 კომბინირებულ კანს ლოყები შედარებით მშრალი ან ნორმალური აქვს და ცხიმიანი აქვს T-ზონა, რომელიც გულისხმობს ცხვირს, შუბლსა და ნიკაპს. ე.ი. ბალანსია საჭირო ტენსა და სებიუმს შორის. კანი სხვადასხვა შეფერილობისაა. ცხიმიან T ზონაზე ფორები მეტად შესამჩნევია და ასევე დამახასიათებელია მისი სიპრიალე. ხშირად მიდრეკილია აკნესა და გამონაყარისადმი. სახის დაბანის შემდეგ, 2-3 საათის განმავლობაში არაფერი წაისვათ სახეზე, შემდეგ აიღეთ თხელი ქაღალდის ხელსახოცი, მიიდეთ სახეზე და თუ დააკვირდებით, რომ T ზონის შესაბამისად აიკრობა ცხიმი ხელსახოცზე, ე.ი. კომბინირებული კანი გაქვთ. თუ ცხიმს ხელსახოცი მთელი სახის ფორმით აიკრავს, ე.ი. თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ.

ცხიმიანი კანი ერთი შეხედვით სქელი, უხეშია. ახასიათებს სიპრიალე მთელ სახეზე და თვალშესაცემად მსხვილი ფორები. ყველაზე მეტადაა მიდრეკილი აკნესადმი. აკნე ხშირად ჩნდება ასევე ყელზეც და მხრებზეც. მიზეზი კი ჭარბი ცხიმის რაოდენობაა, რომელიც კანში იჭედება მტვერთან და ჭუჭყთან ერთად, საცობს ქმნის  და კანს სუნთქვაში და გასუფთავებაში უშლის ხელს.  ეს ხელს უწყობს აკნეს, ფერიმჭამელებისა და გამონაყარის წარმოქმნას. მოჭარბებული ცხიმის დარეგულირება საჭიროა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ერთი უპირატესობა, რომელსაც მას სხვა კანის ტიპებთან შედარებით აქვს ისაა, რომ ცხიმიანი კანი ყველაზე გვიან ბერდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ სახის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია შესაფერისი მოვლის საშუალებების გამოყენება იმისათვის რომ მუდმივად ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს.