აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ელიქუისი - Eliquis 2.5მგ 56 ტაბლეტი

#87368_161
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ირლანდია
რაოდენობა და ფორმა56 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაapixaban
დოზა2.5მგ
მოკლე აღწერა

ჩვენება:თრომბის წარმოქმნის (ღრმა ვენების თრომბოზი) პრევენციის მიზნით.

50.55₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ელიქვისი® 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

·        აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ აპიქსაბანს. 

·        დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა (მიიღება რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ნატრიუმის ლაურილ სულფატი (E487), მაგნიუმის სტეარატი (E470b), ოპადრი II ყვითელი (ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიიღება რძისგან), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი (E1518), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172iii)).

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-        შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

-        დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-        ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს. 

-        თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

-        დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები: 

1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე 

3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ელიქვისის შენახვა

1. რა არის ელიქვისი და რისთვის გამოიყენება?

·   ელიქვისი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აპიქსაბანს და განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ ანტიკოაგულანტებს, ასევე ეს ჯგუფი ცნობილია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების სახელით. ეს პრეპარატი აფერხებს სისხლის შედედების უზრუნველმყოფ მნიშვნელოვან ნივთიერებას - ფაქტორ Xa-ს და აღკვეთს თრომბის  წარმოქმნას.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ყვითელი, მრგვალი, ცალ მხარეს აქვს წარწერა - „893“, მეორე მხარეს კი „2½“. პრეპარატი იყიდება მუყაოს კოლოფში, რომელშიც მოთავსებულია 10, 20 და 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი ბლისტერები.
·   ელიქვისი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:

გამოიყენება ბარძაყის ან მუხლის პროთეზირების შემდგომ თრომბის წარმოქმნის (ღრმა ვენების თრომბოზი) პრევენციის მიზნით. ბარძაყის ან მუხლის ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია გაიზარდოს ფეხის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის ალბათობა. აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფეხის შესიება ტკივილით ან ტკივილის გარეშე. თუ თრომბი ფეხიდან ფილტვებისკენ გადაინაცვლებს, შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისხლის ნაკადს და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება მკერდში ტკივილთან ერთად ან ტკივილის გარეშე. აღნიშნულმა მდგომარეობამ (პულმონარული ემბოლია) შესაძლებელია შექმნას საფრთხე სიცოცხლისთვის და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
გამოიყენება გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი (როგორიცაა გადატანილი ინსულტი ან გარკვეული ტიპის შექცევადი დამბლა (გარდამავალი იშემიური შეტევა), რომელსაც იწვევს ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების დროებითი დახშობა, 75 წელი და მეტი ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა). თრომბი შესაძლებელია მოწყდეს, გადაადგილდეს თავის ტვინისკენ და გამოიწვიოს ინსულტი ან მოხვდეს სხვა ორგანოში და შეაფერხოს ამ ორგანოსთვის მიწოდებული სისხლის ნორმალური ნაკადი (ასევე ცნობილია, როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
გამოიყენება ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბების (პულმონარული ემბოლია) მკურნალობის, ასევე ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის ხელახლა წარმოქმნის პრევენციის მიზნით.
2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ელიქვისის გამოყენებამდე

 არ გამოიყენოთ ელიქვისი შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აპიქსაბანზე ან ელიქვისის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე 

- თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა

- თუ გაქვთ რომელიმე ორგანოს დაავადება ან დარღვევა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, კუჭის ან ნაწლავის აქტიური ან ახალი წყლული, ახლო წარსულში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტი) 

- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (ღვიძლთან დაკავშირებული კოაგულოპათია)

- თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი ან ჰეპარინი): 

• გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლისას სისხლძარღვის გამტარიანობის უზრუნველსაყოფად იყენებთ ჰეპარინს ან არათანაბარი გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ უნდა ჩატარდეს  კათეტერული აბლაცია. 

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ელიქვისი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით 

თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე შემთხვევა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან:

- სისხლდენის მომატებული რისკი, როგორიცაა ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები:

-        სისხლდენის დარღვევები, მათ შორის დაავადებები, რომლებიც იწვევენ თრომბოციტების დაბალ აქტივობას

-        ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომლის კონტროლიც ვერ ხერხდება სამედიცინო მკურნალობით

-        75 წელზე მეტი ასაკი

-        60 კგ ან უფრო ნაკლები სხეულის წონა

- თირკმლის სერიოზული დაავადება ან დიალიზი

- ღვიძლის პრობლემა ან ანამნეზში ღვიძლის პრობლემა

ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის ცვლილებების სიმპტომები
თქვენი ექიმი ელიქვისის გამოყენებამდე ჩაატარებს ანალიზს ღვიძლის ფუნქციის დასადგენად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციებში ცვლილების სიმპტომები, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.
- თუ ზურგის ტვინში მოთავსებული გაქვთ ზონდი (კათეტერი) ან ზურგის ტვინში გაგიკეთდათ ინექცია (ანესთეზიის ან ტკივილის გაყუჩების მიზნით). თქვენი ექიმი მიგითითებთ, რომ ელიქვისი მიიღოთ კათეტერის ამოღებიდან 5 საათის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ.

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია) და ესაჭიროებათ მკურნალობა თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთი ან ორი პრეპარატით 

- პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის ხელოვნური სარქველი

- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბი (პულმონარული ემბოლია), და პაციენტებში, რომლებსაც თრომბის დასაშლელად ან ფილტვიდან თრომბის ამოსაღებად ესაჭიროებათ ოპერაცია

- პაციენტებში აქტიური ონკოლოგიური დაავადებით

- პაციენტებში, რომლებიც იღებენ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის თავში „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“ მითითებულ პრეპარატებს

- პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ოპერაცია ბარძაყის მოტეხილობის გამო

- პაციენტებში მაღალი რისკით, რაც მოიცავს ერთდროულად გულის და გულთან კავშირის არმქონე ერთზე მეტი დაავადების არსებობას, რომლებიც იღებენ ასმ-ს (აცელტილსალიცილის მჟავა, მაგალითად, ასპირინი) ან ასმ-ს და კლოპიდოგრელის კომბინაციას და გადატანილი აქვთ გულის სისხლძარღვების უეცარი თრომბოზი

- აცეტილსალიცილის მჟავას შემცველ, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ) (გარკვეული ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელი) ერთდროულად მიღებისას

- თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების უეცარი გარდამავალი დახშობით გამოწვეული შექცევადი დამბლის (მწვავე იშემიური ინსულტი) სამკურნალოდ თრომბის დამშლელი (თრომბოლიზური) აგენტების გამოყენების შემთხვევაში

- ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებთან (სისხლის გამათხელებელი პრეპარატების ჯგუფი) ერთად გამოყენებისას

- ასაკოვან პაციენტებში სისხლდენის პოტენციურად მაღალი რისკის გამო ელიქვისის და აცეტილსალიცილის მჟავას (მაგალითად, ასპირინი) ერთდროულად გამოყენებისას

- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ დაავადება, სახელად ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა მკურნალობის შეცვლა.

თუ გესაჭიროებათ ოპერაცია ან ჩარევა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლდენა, თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს მცირე ხნით ამ პრეპარატის შეწყვეტა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გამოიწვევს თუ არა გარკვეული პროცედურა სისხლდენას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. 

ანტიკოაგულანტების, მათ შორის ელიქვისის შეწყვეტა აქტიური სისხლდენის, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის და ინვაზიური პროცედურების გამო პაციენტებში ქმნის თრომბოზის მაღალ რისკს. უნდა ერიდოთ მკურნალობის შეწყვეტას და, თუ ნებისმიერი მიზეზით საჭიროა ელიქვისით ანტიკოაგულაციის დროებით შეჩერება, მკურნალობა უნდა დაიწყოს, რამდენადაც შესაძლებელია, უმოკლეს ვადაში.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს. 

ბავშვები და მოზარდები

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვების და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ელიქვისის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ელიქვისის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

არ არის ცნობილი ელიქვისის ზემოქმედება ორსულობასა და ნაყოფზე. თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ელიქვისი. 

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

ლაქტაცია

პრეპარატის  მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ელიქვისი ადამიანის რძეში. 

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ელიქვისით მკურნალობის შეჩერების შესახებ.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა 

არ არის გამოვლენილი, ახდენს თუ არა ზემოქმედებას ელიქვისი სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელიქვისის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ელიქვისი შეიცავს ლაქტოზას (რძეში არსებული გარკვეული ტიპის შაქარი). თუ ექიმმა ადრე გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთ შაქრის მიმართ მგრძნობელობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

ზოგმა პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს ელიქვისის ზემოქმედება, ზოგმა კი დააქვეითოს. ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა ელიქვისი და რა სიხშირით უნდა მოხდეს თქვენზე დაკვირვება.

ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ ელიქვისის ზემოქმედება და არასასურველი სისხლდენის ალბათობა:

- სოკოვანი ინფექციების დროს გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და სხვ.)

- აივ ინფექციის/შიდსის დროს გამოყენებული ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგალითად, რიტონავირი)

- სისხლის შედედების შესამცირებლად გამოყენებული სხვა პრეპარატები (მაგალითად, ენოქსაპარინი და სხვ.) 

- ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, ასპირინი ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და იღებთ ასპირინს, შესაძლებელია არსებობდეს სისხლდენის მომატებული რისკი.

- მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად,  დილთიაზემი)

- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები - ანტიდეპრესანტები (მაგალითად, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები).

ქვემოთ მითითებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეამცირონ ელიქვისის ეფექტი თრომბის წარმოქმნის პრევენციის მხრივ:

- ეპილეფსიის ან კონვულსიების წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, ფენიტოინი და სხვ.) 

- მცენარე კრაზანა (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მცენარეული დანამატი) 

- ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მაგალითად, რიფამპიცინი)

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ელიქვისი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ელიქვისი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გამოყენების გზა და მეთოდი:
ელიქვისი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი ჩაყლაპეთ მთლიანად წყალთან ერთად. შესაძლებელია ელიქვისის მიღება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

თუ გიძნელდებათ მთლიანი ტაბლეტის ჩაყლაპვა, ელიქვისის მიღების სხვა გზებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს. შეგიძლიათ უშუალოდ მიღების წინ დაფხვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს, წყალში დამატებულ გლუკოზის 5%-იან ხსნარს, ვაშლის წვენს ან ვაშლის პიურეს.

ტაბლეტის დაფხვნის ინსტრუქცია:

ტაბლეტი დაფხვენით როდინის და სანაყის გამოყენებით.
დოზა ფრთხილად გადაიტანეთ სათანადო ჭურჭელში: ნარევის მისაღებად შეურიეთ მცირე რაოდენობით, მაგალითად, 30 მლ (2 სუფრის კოვზი) წყალი ან რომელიმე ზემოაღნიშნული სითხე.
ნარევი ჩაყლაპეთ.
ტაბლეტის დასაფხვნელად გამოყენებულ როდინს, სანაყს და ჭურჭელს გამოავლეთ მცირე რაოდენობით (მაგალითად, 30 მლ) წყალი ან სხვა სითხე და გამოვლებული სითხე დალიეთ.
საჭიროებისას ექიმს შეუძლია ნაზოგასტრული ზონდით მოგაწოდოთ ელიქვისის დაფხვნილი ტაბლეტი, შერეული 60 მლ წყალში ან წყალში დამატებულ გლუკოზის 5%-იან ხსნარში.

ბარძაყის ან მუხლის პროთეზირების შემდეგ თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ელიქვისი 2,5 მგ, მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

პირველი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.

თუ ჩაგიტარდათ ბარძაყის ქირურგიული ოპერაცია, ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაახლოებით 32-38 დღის განმავლობაში.

თუ ჩაგიტარდათ მუხლის ქირურგიული ოპერაცია, ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაახლოებით 10-14 დღის განმავლობაში.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი 2,5 მგ ელიქვისის ტაბლეტი:

თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
თუ გეხებათ ქვემოთ მითითებულთაგან ორი ან მეტი შემთხვევა:
-         თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

-        თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

-        თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ტაბლეტი, მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი. მკურნალობის ეფექტის საუკეთესო სახით მისაღებად ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

ფეხის ვენებში და ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის სამკურნალოდ

რეკომენდებული დოზაა პირველი 7 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ორი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს ორ-ორი ტაბლეტი.

7 დღის შემდეგ ელიქვისის რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 5 მგ ტაბლეტი: მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ თრომბის ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის

რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ ერთი ცალი ელიქვისი 2,5 მგ ტაბლეტი. მაგალითად, დილით და საღამოს თითო ტაბლეტი.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.

თქვენს ექიმს შეუძლია ანტიკოაგულაციური მკურნალობა შეცვალოს შემდეგი სახით:

- ელიქვისიდან თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატებზე (ანტიკოაგულანტზე) გადასვლა:

შეწყვიტეთ ელიქვისის გამოყენება. მომდევნო ტაბლეტის მიღების დროს მკურნალობა დაიწყეთ ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინი).

- თრომბის საწინააღმდეგო  პრეპარატებიდან (ანტიკოაგულანტიდან) ელიქვისზე გადასვლა:

შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის მიღება. ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზის მიღების დროს დაიწყეთ მკურნალობა ელიქვისით, შემდეგ კი ჩვეულებრივ განაგრძეთ მკურნალობა ელიქვისით.

- K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ვარფარინი) მკურნალობიდან ელიქვისზე გადასვლა:

შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა დაიწყოთ ელიქვისის მიღება.

- ელიქვისიდან K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველ პრეპარატზე (მაგალითად, ვარფარინი) გადასვლა

თუ ექიმი გეტყვით, რომ თქვენ გესაჭიროებათ K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის გამოყენება, K ვიტამინის ანტაგონისტის შემცველი პრეპარატის პირველი დოზის შემდეგ არანაკლებ 2 დღის განმავლობაში განაგრძეთ ელიქვისის მიღება. ექიმს დასჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება და გეტყვით, როდის უნდა შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება.

პაციენტები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ კარდიოვერსია

თუ საჭიროა გულისცემის დარღვევის აღდგენა პროცედურით, რომელსაც ეწოდება კარდიოვერსია, თავის ტვინის სისხლძარღვებში და სხეულის სხვა სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ელიქვისი ექიმის მიერ მითითებულ დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. 

ასაკოვნებში გამოყენება:

თუ არ არსებობს დოზის შემცირების კრიტერიუმები, არ არის საჭირო დოზის კორექტირება. 

თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:

- თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

- თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

- თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

გამოყენების სპეციალური პირობები:
ღვიძლის უკმარისობა:

ელიქვისი არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დაავადების დროს. 

პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობით ელიქვისი უნდა გამოიყენონ სიფრთხილის დაცვით.

თირკმლის უკმარისობა:

არ არსებობს კლინიკური გამოცდილება პაციენტებში თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსის შედეგი, რომელიც წარმოადგენს თირკმლის ფუნქციის კრიტერიუმს, <15 მლ/წთ-ზე, რის გამოც არ არის რეკომენდებული ელიქვისი.

თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულმა პაციენტებმა (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) აპიქსაბანი უნდა მიიღონ დაბალი დოზით - დღეში ორჯერ 2,5 მგ.

თუ ქვემოთ მითითებული შემთხვევებიდან ორი ან მეტი გეხებათ თქვენ, რეკომენდებული დოზაა დღეში ორჯერ 2,5 მგ ელიქვისი:

- თუ სისხლის ანალიზის შედეგი უჩვენებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას (თუ შრატში კრეატინინი არის 1,5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ) ან უფრო მაღალი)

- თუ ხართ 80 წლის ან მეტი ასაკის

- თუ თქვენი წონა არის 60 კგ ან უფრო ნაკლები.

თუ თვლით, რომ ელიქვისის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ შემთხვევით მიიღეთ ელიქვისი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თან წაიღეთ პრეპარატის პაკეტი, თუნდაც ცარიელი. 

თუ მიიღებთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ელიქვისს, შესაძლებელია გაიზარდოს სისხლდენის რისკი. სისხლდენის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ ოპერაცია, სისხლის გადასხმა ან ანტი-ფაქტორი Xa-ს აქტივობის აღდგენის მიზნით მკურნალობა.

თუ დაგავიწყდათ ელიქვისის მიღება

დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე და

·        ელიქვისის მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს

·        შემდეგ განაგრძეთ ჩვეულებრივი სახით მიღება.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა უნდა გააკეთოთ, ან გამოტოვეთ ერთზე მეტი დოზა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ელიქვისით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:

არ შეწყვიტოთ ელიქვისის მიღება ექიმის მითითების გარეშე, რადგანაც ძალიან ადრე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად გაიზარდოს თრომბის წარმოქმნის რისკი.

თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს? 

სხვა პრეპარატების მსგავსად, ელიქვისის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება ყველას. შესაძლებელია ელიქვისის გამოყენება სამი სამედიცინო შემთხვევის დროს.

შესაძლებელია შეიცვალოს თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და მათი განვითარების სიხშირე. ეს შემთხვევები ქვემოთ ჩამოთვლილია ცალ-ცალკე. სამივე სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ელიქვისის ყველაზე ხშირი, ზოგადად მოსალოდნელი გვერდითი მოვლენაა სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის სახიფათო და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ასეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს: 

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. 

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ელიქვისზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

სიხშირეები განმარტებულია ქვემოთ მითითებული სახით:

- ძალიან ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს);

- ხშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- არახშირი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს);

- ძალიან იშვიათი (შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს);

- უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).

თუ ელიქვისს იღებთ ბარძაყის ან მუხლის პროთეზირების შემდგომ თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი

- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე

- სისხლდენა, მაგალითად:

- სისხლდენა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით

- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

არახშირი

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)

- ოპერაციის შემდეგ ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან ან ინექციის ადგილიდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით 

-  კუჭში, ნაწლავებში ან განავალში პრიალა/წითელი სისხლი

- შარდში სისხლი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ვაგინალური სისხლდენა

- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა

-  სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:

-        ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

-        ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება

-        ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე. 

-        ქავილი.

იშვიათი

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

- კუნთებში სისხლჩაქცევა 

- თვალებში სისხლჩაქცევა

- ღრძილებიდან სისხლდენა და ხველის დროს ნახველში სისხლი

- ანუსიდან სისხლდენა

- თმის ცვენა

უცნობი სიხშირე

- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა

- ფილტვებიდან ან ყელიდან სისხლდენა

- პირის ღრუში სისხლდენა

- მუცელში ან მუცლის ღრუს უკანა მიდამოში სისხლდენა

- ჰემოროიდული სისხლდენა

- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა

- კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, ვიზუალურად მცირე სამიზნეების მსგავსი (ცენტრში შავი წერტილით, ირგვლივ უფრო მკრთალი ფერის მიდამო, გარედან კი მუქი ფერის რკალით) (მულტიფორმული ერითემა)

- სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება კანის სიწითლით ან კანქვეშ წვეტიანი, სწორი, წითელი, მრგვალი წერტილების ან სისხლჩაქცევების სახით (ვასკულიტი).

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არათანაბარი გულისცემა და არანაკლებ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი: თუ ელიქვისს იყენებთ გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი

- თვალებში სისხლჩაქცევა

- კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა

- ანუსიდან სისხლდენა

- შარდში სისხლი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- სილურჯე და შეშუპება

- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე

- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა 

- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

- სისხლის ანალიზებში:

- ფერმენტ გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) მატება.

არახშირი

- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა

- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი

- მუცლის ღრუში ან ვაგინალური სისხლდენა

- განავალში ღია/წითელი სისხლი

- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა  სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის ადგილიდან

- ჰემოროიდული სისხლდენა

- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)

- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:

-        ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

-        ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება

-        ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე. 

- კანზე გამონაყარი

- ქავილი

- თმის ცვენა

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

იშვიათი

- ფილტვებიდან ან ყელიდან სისხლდენა

- მუცლის ღრუს უკანა მიდამოში სისხლდენა

- კუნთებში სისხლჩაქცევა

ძალიან იშვიათი

- კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, ვიზუალურად მცირე სამიზნეების მსგავსი (ცენტრში შავი წერტილით, ირგვლივ უფრო მკრთალი ფერის მიდამო, გარედან კი მუქი ფერის რკალით) (მულტიფორმული ერითემა)

უცნობი სიხშირე

- სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება კანის სიწითლით ან კანქვეშ წვეტიანი, სწორი, წითელი, მრგვალი წერტილების ან სისხლჩაქცევების სახით (ვასკულიტი).

თუ ელიქვისს იყენებთ ფეხის ვენებში თრომბის ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის მკურნალობის ან ხელახლა წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი

- ცხვირიდან სისხლდენა

- ღრძილებიდან სისხლდენა

- შარდში სისხლი

- სილურჯე და შეშუპება

- კუჭიდან, ნაწლავებიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

- პირის ღრუში სისხლდენა

- ვაგინალური სისხლდენა

- ანემია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სისუსტე ან სიფერმკრთალე

- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სისხლის შედედებაზე)

- გულისრევა (ავადმყოფობის შეგრძნება)

- კანზე გამონაყარი

- სისხლის ანალიზებში:

 - ფერმენტების - გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) ან ალანინამინოტრანსფერაზას მატება.

არახშირი

- დაბალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც შესაძლებელია იგრძნოთ შესუსტებული ან აჩქარებული გულისცემა

- თვალში სისხლჩაქცევა

- პირის ღრუდან სისხლდენა ან ხველის დროს ნახველში სისხლი

- განავალში პრიალა/წითელი სისხლი

- ანალიზის შედეგში განავალში ან შარდში სისხლის არსებობა

- ქირურგიული ჭრილობის/განაკვეთის მიდამოდან სისხლის ან სითხის გამოჟონვა  სისხლჩაქცევის და შეშუპების ჩათვლით, სისხლდენა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს ოპერაციის შემდეგ ან ინექციის ადგილიდან

- ჰემოროიდული სისხლდენა

- კუნთებში სისხლჩაქცევა

- ქავილი

- თმის ცვენა

- ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და/ან ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

- სისხლის ანალიზის შედეგებში შესაძლებელია გამოვლინდეს:

- ღვიძლის ფუნქციების დარღვევა

- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება

- ერითროციტების დაშლის პროდუქტის - ბილირუბინის დონის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე. 

იშვიათი

- თავის ტვინში ან ზურგის ტვინში სისხლდენა

- ფილტვებიდან სისხლდენა

უცნობი სიხშირე

- მუცელში ან მუცლის უკან მდებარე ღრუში სისხლდენა

- კანზე გამონაყარი ბუშტუკების სახით, ვიზუალურად მცირე სამიზნეების მსგავსი (ცენტრში შავი წერტილით, ირგვლივ უფრო მკრთალი ფერის მიდამო, გარედან კი მუქი ფერის რკალით) (მულტიფორმული ერითემა)

- სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება კანის სიწითლით ან კანქვეშ წვეტიანი, სწორი, წითელი, მრგვალი წერტილების ან სისხლჩაქცევების სახით (ვასკულიტი).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს გვერდითი მოვლენები მოიცავს ნებისმიერ სავარაუდო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე  გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ელიქვისის შენახვა

ელიქვისი  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ელიქვისი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

ვარგისიანობის ვადა წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.