ადიპინი — რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ
6 აგვ 2025

მაღალი არტერიული წნევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. სისხლის წნევის მომატება, ანუ ჰიპერტენზია, გულსა და სისხლძარღვებს უქმნის საფრთხეს, საბოლოოდ კი შეიძლება ინსულტისა და ინფარქტის საფუძველიც გახდეს. ჰიპერტენზიას თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომებიც, მათ შორის: თავის ანდა გულის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, არარეგულარული გულისცემა და დაღლილობა.
ამ რისკებისა და უსიამოვნო სიმპტომების გამო ჰიპერტენზიის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში გამოყენებული ერთ-ერთი მედიკამენტია ადიპინი — პრეპარატი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს და პაციენტს დისკომფორტსაც უმსუბუქებს.
ეს წამალი აფთიაქებიდან რეცეპტით გაიცემა. ადიპინის ფასი თავად სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ გასათვალისწინებელია მოქმედი ნივთიერების შემცველობაც. ადიპინი 5 მგ დოზითაც არის ხელმისაწვდომი და 10 მგ შემცველობითაც. ექიმი წყვეტს, რომლის მიღებაა თქვენთვის უმჯობესი — ადიპინი 10მგ ტაბლეტების სახით თუ უფრო მცირე დოზით.
ადიპინი პსპ-ს ონლაინაფთიაქშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. სანამ პრეპარატის გამოყენებას დაიწყებდეთ, მოდით, მნიშვნელოვან დეტალებს შევეხოთ და განვიხილოთ: რისი წამალია ადიპინი, როგორ გამოიყენება და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს.
ადიპინი პრეპარატია, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს. იგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების დროს გამოიყენება, რომელთა შორისაა:
ადიპინის მოქმედი ნივთიერება, ამლოდიპინი, მე-3 თაობის კალციუმის არხების ბლოკატორია. იგი არტერიულ წნევას ამცირებს და ანგინის (გულის ტკივილის) საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ამლოდიპინი სისხლძარღვთა კედლების გლუვ კუნთებზე მოქმედებს. შედეგად პერიფერიული არტერიოლები ფართოვდება და საერთო სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა მცირდება, პარალელურად კი რეფლექტორული ტაქიკარდიაც არ იწყება. ამ ცვლილებების შედეგად მიოკარდიუმს (გულის კუნთი) ნაკლები ჟანგბადი და ენერგია სჭირდება.
ამლოდიპინი ასევე აფართოებს გულის სისხლმომარაგების ძირითად გზებს — კორონალურ არტერიებს, მათ შორის დაზიანებულ ან სპაზმურ უბნებსაც. შედეგად იგი გულის სისხლით მომარაგებასა და ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს.
ამლოდიპინის პერორალურად მიღებისას პრეპარატი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ორგანიზმიდან იგი ძირითადად თირკმელებიდან გამოიდევნება. მეტწილად იგი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა, მცირედით კი — შეუცვლელი ფორმით.

ადიპინის დანიშვნამდე ექიმები არაერთ დეტალს ითვალისწინებენ. ეს ეხება როგორც თავად პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე მკურნალობის მთლიან კონტექსტსაც.
დაზუსტებული არაა, რამდენად უსაფრთხოა ადიპინი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. მისი უსაფრთხოება არც ბავშვებშია გამოკვლეული. შესაბამისად, ამ შემთხვევებში ექიმები ადიპინს არ ნიშნავენ, თუკი განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს.
პრეპარატს სიფრთხილით ურჩევენ პაციენტებს, რომელთაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ. მეორე მხრივ, ხანდაზმულებსა და თირკმლის უკმარისობის მქონე ადამიანებში დოზის შემცირება საჭირო არაა.
მკურნალობა დასაშვებია როგორც მხოლოდ ამ წამლით (მონოთერაპია), ასევე მისი სხვა პრეპარატებთან კომბინაციითაც (კომბინირებული თერაპია). ადიპინის მიღება უსაფრთხოა შემდეგ საშუალებებთან ერთად: თიაზიდური დიურეტიკები, ამფ-ის ინჰიბიტორები, ალფა-ადრენობლოკატორები, ბეტა-ადრენობლოკატორები, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატები, ნიტროგლიცერინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), ანტიბიოტიკები და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები. ცნობილია, რომ ადიპინი დიგოქსინისა და ციმეტიდინის ათვისებასა თუ მუშაობაზე არ ზემოქმედებს.
ძალიან საფრთხილოა ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთად გამოყენება, როცა პაციენტს მარცხენა პარკუჭის ფუნქცია მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვს.
თავდაპირველად ადიპინი 5მგ დოზით ინიშნება დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შესაძლებელია, რომ ექიმმა ეს რაოდენობა გაზარდოს. მაქსიმალური დღიური დოზა 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
ადიპინის თითო ტაბლეტი ჭიქა წყლის მიყოლებით უნდა გადაყლაპოთ დღეში ერთხელ. არ აქვს მნიშვნელობა, ამას საკვებთან ერთად გააკეთებთ თუ ამის გარეშე, რადგან ეს პრეპარატის მუშაობაზე არ მოქმედებს. უმჯობესია, მედიკამენტი ერთსა და იმავე დროს მიიღოთ, რათა ორგანიზმში მისი კონცენტრაცია სტაბილური იყოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მედიკამენტი ორი დოზით არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ადიპინი 10 მგ ან 5 მგ ტაბლეტების სახით შეგიძლიათ მიიღოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ადიპინის ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 3 წელია. იგი 10-25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ — მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ადიპინის მიღებისას შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ხდება. განსხვავებულია კონკრეტული გვერდითი ეფექტების სიხშირეც.
მკურნალობის პროცესში ზოგჯერ ვლინდება პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება და სახის წამოწითლება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება დაიწყოს: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და ძილიანობა. პრეპარატი ზოგჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც ზემოქმედებს — შეიძლება გაჩნდეს დისკომფორტი კუჭის არეში და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობამ მოიმატოს.
იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს ადიპინის რომელიმე კომპონენტზე ალერგია აქვს, შეიძლება შესაბამისი რეაქციებიც გამოვლინდეს, მათ შორის: კანის ქავილი და გამონაყარი, ასევე მულტიფორმული ერითემა.
იმ შემთხვევაში, თუკი დოზას გადააჭარბებთ, შეიძლება არტერიული წნევა მკვეთრად დაეცეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ექიმს მიმართოთ. სავარაუდოდ, ასეთ დროს კუჭის ამორეცხვა დაგჭირდებათ; შეიძლება შეგიყვანონ სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები და კალციუმის გლუკონატი. ექიმი გარკვეული დროის განმავლობაში თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას დააკვირდება და გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით მიიღებს.
6 აგვ 2025