აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

აისოლი — პრეპარატი ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად

უკან

აისოლი — პრეპარატი ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად

10 ივნ 2025

 

პრეპარატი აისოლი

 

ელექტროლიტები ნამდვილად არ არის ის, რაზეც ყოველდღე ვფიქრობთ, თუმცა როცა მათი ბალანსი ირღვევა, საფრთხე, რომლის წინაშეც პიროვნება დგება, შეიძლება ძალიან სერიოზულიც კი იყოს. 

ელექტროლიტურ დისბალანსს შეუძლია გამოიწვიოს კუნთოვანი სისუსტე, გულისცემის რიტმის დარღვევა, გაფანტულობა, თავბრუსხვევა და კრუნჩხვებიც კი. ამ შემთხვევაში კი საქმე არამხოლოდ ჰიდრატაციას, არამედ გადარჩენას ეხება.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინისათვის მსგავსი დარღვევების აღმოფხვრა პრობლემას აღარ წარმოადგენს. არსებობს მრავალი საშუალება, რომელიც აღმოფხვრის დისბალანსს თქვენს ორგანიზმში და მოგცემთ შესაძლებლობას, ყოველდღიურ ცხოვრებას სრულფასოვნად დაუბრუნდეთ. ერთ-ერთი ასეთი საშუალება კი აისოლია.

რისი წამალია აისოლი — ანოტაცია 

აისოლი (Ayesole) პრეპარატია, რომელიც ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის კორექტირებისათვის მიიღება. ორგანიზმის გაუწყლოვნების დროს აისოლი აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და აციდოზის (სისხლის მოჭარბებული მჟავიანობის) კორექციას უწყობს ხელს. 

ამ დარღვევების მიზეზი შეიძლება, მათ შორის, გახდეს მწვავე დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაცია, ისევე როგორც მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს გამოყოფილი ჭარბი ოფლი — ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ სითხის დიდი რაოდენობით კარგვა ელექტროლიტური ბალანსის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რომელსაც მედიკამენტური ჩარევა სჭირდება.

აისოლის პაკეტი შეიცავს ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდებს, ნატრიუმის ციტრატსა და უწყლო გლუკოზას. დამხმარე ნივთიერებებს შორის კი ვხვდებით ნატრიუმის საქარინს, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, ფორთოხლის არომატიზატორსა, ლიმონის არომატიზატორს, რაც პრეპარატს სასიამოვნო გემოს ანიჭებს და მის პერორალურ მიღებას ამარტივებს. აისოლი გვხვდება 20.82გ-იან და 4.16გ-იან პაკეტებში.

აისოლის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში წამალი ხანმოკლედ რჩება და მალევე გადადის უჯრედებსა და ინტერსტიციურ სივრცეში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1სთ-ს შეადგენს და ორგანიზმიდან მისი გამოყოფა თირკმელების საშუალებით ხდება. 

 

 აისოლის ყიდვა

აისოლის მიღების წესი  — როდის და როგორ დავლიოთ პრეპარატი

აისოლი პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიიღება. უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის მიღება დამოკიდებული არ არის კვებაზე.

აისოლის მომზადება რთული სულაც არ არის — 20.82 გრამიანი პაკეტის შიგთავსი 1ლიტრ, ხოლო 4.16გ-იანი პაკეტის შიგთავსი 200მლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში იხსნება. მომზადებული/წყალში გახსნილი ხსნარი ინახება არაუმეტეს 24სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.

მოზრდილებსა და მოზარდებში მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაციის დროს, პირველი 4-6 საათის განმავლობაში მიიიღება 50მლ/კგ სხეულის მასაზე. საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს კი — 100 მლ/კგ სხეულის მასაზე. მისაღები ხსნარის რაოდენობა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.

 

თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად მსუბუქად მიმდინარე დიარეის დროს მიიღება დღეში 100-200 მლ/კგ სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მძიმედ მიმდინარე დიარეის დროს — 15 მლ/კგ სხეულის მასაზე ყოველ სთ-ში, დიარეის შეწყვეტამდე.

ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს

წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაკტიკისათვის, აისოლი მიიღება ულუფებად წყურვილის დაკმაყოფილებამდე. რაც შეეხება პრეპარატის მიღებას თერმული ზემოქმედების დროს ელექტროლიტური ცვლის დარღვევისას, რასაც, როგორც წესი, გადახურება და დეჰიდრატაცია იწვევს, ხსნარი პირველი 30 წთ-ის განმავლობაში მიიღება 100-150 მლ ულუფებით 500 დან 900 მლ-მდე.

ჩვილებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის ხსნარის ბოთლით მიცემა დაუშვებელია — ამისათვის უნდა გამოიყენოთ სუფთა კოვზი, ჭიქა ან პიპეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება აისოლის 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2 წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10 წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს შედარებით დაბალი სიხშირით — 1 ჩაის კოვზი ყოველ 2 წთ-ში. 

 

აისოლი და ელექტროლიტური ბალანსი

რა შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ აისოლი —  ინსტრუქცია

მოერიდეთ პრეპარატის მიღებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში არსებული რომელიმე კომპონენტის — ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდების, ნატრიუმის ციტრატისა და სხვა ნივთიერებების მიმართ — ამან შეიძლება არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს.

ასევე, მოერიდეთ ექიმის ზედამხედველობის გარეშე აისოლის მიღებას, თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ — ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია გართულება, რადგან პრეპარატი ორგანიზმიდან სწორედ თირკმლის საშუალებით გამოიდევნება.

არ მიიღოთ პრეპარატი ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ ინსულინდამოკიდებული ან ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავების გაუვალობა, მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება ან ჰიპერკალემია — ორგანიზმში კალიუმის მოჭარბებული რაოდენობა. 

სხვა შემთხვევაში საფრთხე არ გემუქრებათ — აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სიფრთხილის ზომები

როგორც უკვე აღინიშნა, რეკომენდებული დოზით მიღებისას, აისოლის გვერდითი ეფექტების შესახებ ცნობები არ არის აღწერილი. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო რისკის გამოსარიცხად.

პირველ რიგში,  გემოს გასაუმჯობესებლად აისოლის ხსნარში შაქრის დამატება კატეგორიულად არ შეიძლება. გემოსი ნუ შეგეშინდებათ — ფორთოხლისა და ლიმონის არომატიზატორები ხსნარს სასიამოვნო, ციტრუსის გემოს ანიჭებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, აისოლის მიღებისას შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს: შენელებული მეტყველება, გადაღლილობა, ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება (39ºC-ზე მეტი), შარდის გამოყოფის შეფერხება, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობის დიარეა, დიარეის უეცარი შეწყვეტა და ძლიერი ტკივილის განვითარება — ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმს. 

აისოლის მიღების შემდეგ ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა უსაფრთხოა — კოორდინაციის უნარზე ხსნარი გავლენას არ ახდენს. 

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, რომლის დროსაც მედიკამენტების მიღებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ — აისოლის რეკომენდებული დოზებით მიღება ასეთ დროს აბსოლუტურად დასაშვებია. 

 

აისოლის გამოყენება

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

აისოლი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა და მისი სტანდარტული შეფუთვა მუყაოს ყუთისა და მასში მოთავსებული 20 პაკეტისგან შედგება, რომლებშიც პრეპარატის ფხვნილია მოთავსებული.

მოუმზადებელი მედიკამენტი შეინახეთ 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა 3 წელს შეადგენს და შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ აისოლს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს მას, მნიშვნელოვანი საფრთხეა, რომელიც ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში, აისოლი თქვენ გვერდით იქნება.



10 ივნ 2025