აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ალბუციდის წვეთები — თვალის დაავადების სამკურნალო პრეპარატი

უკან

ალბუციდის წვეთები — თვალის დაავადების სამკურნალო პრეპარატი

5 ივლ 2025

ალბუციდი 5 მლ

თვალი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანო ყოველდღიურად უამრავ გარემო ფაქტორთან არის შეხებაში. შესაბამისად, მტვერმა, ბაქტერიებმა, ინფექციებმა, თუ ალერგიამ შესაძლოა თვალის გაღიზიანება, ან ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, ასეთ დროს დროულად მიმართოთ ოფთალმოლოგს შემდგომი რეკომენდაციებისთვის. შესაძლოა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა ალბუციდი — თვალის წვეთების ფორმით არსებული ანტიბაქტერიული პრეპარატი გამოგიწეროთ. ამ ბლოგში, სწორედ ალბუციდზე მოგიყვებით. 

ალბუციდის ანოტაცია — როდის ნიშნავენ ამ პრეპარატს

ალბუციდი თვალის დაავადებების სამკურნალო, ანტიმიკრობული პრეპარატების სამკურნალო ჯგუფს მიეკუთვნება. მისი საერთაშორისო დასახელება სულფაცეტამიდია. ალბუციდის თვალის  წვეთები არის უფერო, ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე და შემდეგი ფორმით იყიდება: 20%, 30%, 5 მლ, 10 მლ, 15 მლ. ალბუციდი 30 % შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით ნატრიუმის სულფაცეტამიდს და სხვა დამხმარე ნივთიერებებს. 

გაწუხებთ ბლეფარიტები, ინფექციური კონიუნქტივიტები, რქოვანას ჩირქოვანი წყლული, ჩირქოვანი გართულება თვალზე ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ — სწორედ ეს არის გამოყენების ჩვენებები ანოტაციის მიხედვით. ალბუციდი ბავშვებშიც გამოიყენება, კონკრეტულად კი ბლენორეას პროფილაქტიკისთვის ახალშობილებში და თვალის გონორეული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ახალშობილებში. 

გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია თავმოყრილია ალბუციდის ანოტაციაში, თუმცა მნიშვნელოვანია თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებას მიჰყვეთ და არ გამოიყენოთ პრეპარატი თვითნებურად. 

 

 ალბუციდი ფასი

ალბუციდის ინსტრუქცია — როგორ გამოვიყენოთ წვეთები

თუკი ოფთალმოლოგმა თვალების ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის ალბუციდის წვეთები გამოგიწერათ, ზედმიწვნით დაიცავით მიღების წესი და დოზირება. 

ანოტაციის მიხედვით, მოზრდილებს შეუძლიათ, ალბუციდის 1-2 წვეთი ჩაიწვეთონ  2-3-ჯერ დღეში, მწვავე ჩივილების გაქრობის შემდეგ კი 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში. 

ალბუციდი ბავშვებისთვის 1 წლის ასაკიდან რეკომენდებულია 1-2 წვეთი, 4-5-ჯერ დღეში, მწვავე პროცესის გაქრობის შემდეგ კი, 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი გაწერილია 5-7 დღეზე. 

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ბლენორეას პროფილაქტიკისათვის ახალშობილებს უშუალოდ დაბადების შემდეგ თითოეულ თვალში აწვეთებენ ალბუციდის 20%-იანი ხსნარის 2 წვეთს,  2 საათის შემდეგ, კვლავ 2 წვეთს.

ალბუციდის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები — რა უნდა ვიცოდეთ

ალბუციდის გამოყენებამდე ზედმიწვენით შეამოწმეთ პრეპარატის შედგენილობა, თუკი მომატებული მგრძნობელობა გაქვთ მთავარი, ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ გამოიყენოთ ეს თვალის წვეთები. ასევე, თუ თვალის ვიზუალური დათვალიერებისას ჩანს დეფექტები, წამლის გამოყენება რეკომენდებული არაა. 

გაითვალისწინეთ, რომ  ნოვოკაინთან, დიკაინთან, ანესთეზინთან ერთად არ შეიძლება ალბუციდის გამოყენება. თუკი მართავთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ალბუციდი გამოიყენეთ ფრთხილად, გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი, უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატი,  თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აჭარბებს რისკს ნაყოფისათვის და ჩვილისთვის. ნებისმიერი წუხილითა და კითხვით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

თუ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, გვერდითი მოვლენების შანსი იზრდება. წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს თვალის ქსოვილის გაღიზიანება, წვა, ქავილი, შეწითლება ან შეშუპება.

დაიცავით ჰიგიენა პრეპარატის გამოყენებამდე, ჩაწვეთების დროს და შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ, ჩაწვეთებისას საწვეთურის თავი არ შეეხოს სხვა საგნებს, ან ზედაპირებს. ჩაწვეთების შემდეგ კი, თავსახური მჭიდროდ მოარგეთ საწვეთურის თავს. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენების ვადა არის 10 დღე. არ შეიძლება ვადის გასვლის შემდეგ ალბუციდის გამოყენება.  



5 ივლ 2025