აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

აქსენ ფორტე – ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

უკან

აქსენ ფორტე – ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

5 ივლ 2025

აქსენ ფორტე 550მგ

აქსენ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის აქტიური ნივთიერების სახით 550 მგ ნატრიუმის ნაპროქსენს შეიცავს. მედიკამენტი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება.

პსპ-ში პრეპარატი დასახელებით აქსენ ფორტე 550 მგ არის ხელმისაწვდომი, რომლის ერთ შეკვრაში 10 ტაბლეტია. აქსენ ფორტე აფთიაქების ქსელში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

როდის იყენებენ აქსენ ფორტეს?

წამალი აქსენ ფორტე გამოიყენება იშალგიის, ნევრალგიის, ზურგისა და თავის ტვინის მიდამოში არსებული თიაქრის დროს განვითარებული ტკივილის შესამსუბუქებლად, აგრეთვე კბილის ამოღების შემდეგ დისკომფორტის წინააღმდეგ.

მას ხშირად უნიშნავენ პაციენტებს ეპიზიოტომიის, მშობიარობის შემდგომი ტკივილის მართვისთვის, ასევე ქირურგიული ჩარევის შემდეგ განვითარებული ტკივილის შესამცირებლად.

აქსენ ფორტე გამოიყენება გინეკოლოგიაშიც – დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) დროს ან საშვილოსნოს სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

იგი ეფექტიანია შაკიკის პროფილაქტიკისა და შეტევების დროსაც.

პრეპარატი გამოიყენება რევმატოლოგიური დაავადებების, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, ანკილოზური სპონდილიტისა და რევმატიზმის დროს განვითარებული ანთებითი ტკივილის მოსახსნელად.

ტრავმატოლოგიურ პრაქტიკაში მას იყენებენ როგორც ტრავმების, ასევე ორთოპედიულ-ქირურგიული ჩარევების შემდგომი ტკივილის მართვისთვის.

აქსენ ფორტეს ტაბლეტები ასევე ინიშნება პოდაგრის შეტევებისას, უროლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური ანთებითი პროცესების დროს, როდესაც ანთების, ტკივილისა და ცხელების ერთდროული მართვაა საჭირო.

გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროსაც, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.

 

 აქსენ ფორტე ტკივილგამაყუჩებელი

 

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება  

აქსენ ფორტეს დოზირება მორგებულია პათოლოგიის ტიპზე, დაავადების სიმძიმესა და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, დოზების შერჩევა მკურნალი ექიმის რეკომენდაციით მოხდეს, თუმცა ჩვეულებრივ დოზირება შემდეგნაირია:

შაკიკის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია აქსენ ფორტეს 550 მგ დოზით მიღება დღეში ორჯერ. თუ 4-6 კვირის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, მკურნალობა წყდება.

შაკიკის მკურნალობისას, მწვავე შეტევის დროს პრეპარატის საწყისი დოზაა 825 მგ (1.5 ტაბლეტი). საჭიროების შემთხვევაში, ნახევარ საათში შეიძლება 275-550 მგ-ის (1/2-1 ტაბლეტის) ოდენობით დამატება.

გინეკოლოგიური ტკივილის შესამსუბუქებლად მკურნალობა იწყება 550 მგ-ით, შემდეგ მიღება გრძელდება 275 მგ-ით ყოველ 6-8 საათში.

პოდაგრის გამწვავების დროს პირველადი დოზაა 825 მგ, ხოლო 8 საათის შემდეგ მიიღება 550 მგ. შემდგომ დღეებში მკურნალობა გრძელდება 275 მგ დოზით ყოველ 8 საათში, კრიზისის დამთავრებამდე.

კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს საწყისი დოზა შეადგენს 550 მგ-ს, ხოლო შემდგომი დოზები – 275 მგ ყოველ 6-8 საათში, ტკივილის ინტენსივობის შესაბამისად.

იუვენილური ართრიტის მკურნალობისას, 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებში დოზა განისაზღვრება 10 მგ/კგ-ზე, ორ მიღებად – ყოველ 12 საათში.

ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და ანკილოზირებადი სპონდილიტის მკურნალობაში, საწყისი თერაპია მოიცავს 550-1100 მგ-ის მიღებას დღეში ორჯერ, ანუ ყოველ 12 საათში. მკურნალობის ინტენსიურობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • ძლიერი ტკივილი ღამით ან დილით გამოხატული შებოჭილობა;
  • პაციენტის გადაყვანა სხვა ანტირევმატოიდული პრეპარატიდან აქსენ ფორტეზე;
  • ოსტეოართრიტის საწყისი სტადიის ტკივილი, რომელიც საჭიროებს მკურნალობის დაწყებას 825-1100 მგ-ით დღეში და გაგრძელებას რამდენიმე კვირის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი თერაპია ჩვეულებრივ მოიცავს 550-1100 მგ დოზით მიღებას დღეში ერთხელ ან ორჯერ. დილისა და საღამოს დოზები განისაზღვრება პაციენტის სიმპტომების ინტენსივობის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტიანია პრეპარატის ერთჯერადი მიღება (550-1100 მგ) – ან დილით, ან საღამოს.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1375 მგ-ს. თუმცა, იმ პაციენტებში, რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და არ აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა 1850 მგ-მდე, მაგრამ მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში და მოკლე ვადით.

ყველა შემთხვევაში პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.                                 

შეიძლება თუ არა აქსენ ფორტეს გამოყენება ბავშვებში, ორსულებსა და მოხუცებში  

გაითვალისწინეთ, რომ ნატრიუმის ნაპროქსენის გამოყენება შეზღუდულია ბავშვებში, ორსულებსა და მოხუცებში, რადგან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მისი მოქმედება განსხვავებული სიფრთხილით უნდა შეფასდეს.

ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკში. გამონაკლისია იუვენილური ართრიტი — ამ შემთხვევაში, 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებში შეიძლება ნატრიუმის ნაპროქსენი ექიმის მიერ დაინიშნოს 10 მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.

ორსულობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ტერატოგენური (ნაყოფის განვითარების დამაზიანებელი) ეფექტი არ გამოვლენილა, ნაპროქსენს, როგორც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), შეუძლია ნაყოფის სიყვითლე ან მშობიარობის დაგვიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ორსულებში ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს და საჭიროება დასაბუთებულია.

ლაქტაციის პერიოდში ნატრიუმის ნაპროქსენს არ იყენებენ, რადგან მისი მცირე რაოდენობა (დაახლოებით 1%) დედის რძეში გადადის და შესაძლოა ახალშობილში არასასურველი რეაქციები გამოიწვიოს.

მოხუცებში (ძირითადად 65 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში), არასტეროიდული პრეპარატების მიმართ გვერდითი მოვლენების სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალია. ამიტომ ნაპროქსენი ამ ასაკობრივ ჯგუფში ინიშნება მინიმალური, დაზღვეული დოზით და მაქსიმალური სიფრთხილით.

 

აქსენ ფორტე ანთების საწინააღმდეგო

როგორია პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები 

ნატრიუმის ნაპროქსენის მიღებისას შესაძლებელია გარკვეული გვერდითი ეფექტების განვითარება, რომელთა გამოვლენა დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ასევე მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზირებაზე.

ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციებს შორის არის დისპეფსია (მათ შორის გულისრევა, მუცლის შებერილობა), რაც ხშირად ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე. ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, ყურებში შუილი ან თავბრუსხვევა, რაც ძირითადად დროებითი ხასიათისაა და მკურნალობის გაგრძელების ფონზე შესაძლებელია მათი შემცირება.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული ჰემატოლოგიური დარღვევები, როგორიცაა გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია ან აპლასტიკური ანემია. ასეთ დროს აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი სამედიცინო ჩარევა.

ასევე მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების განვითარება – გამონაყარი, ქავილი ან ანაფილაქსიური რეაქციაც კი, განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვისაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე ალერგია აღენიშნებათ. ერთ-ერთი სერიოზული, თუმცა იშვიათი გართულებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, რომელიც შესაძლოა ხანგრძლივი ან მაღალი დოზით მიღების ფონზე წარმოიშვას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მკურნალობის გადახედვა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან 

ნატრიუმის ნაპროქსენი გიდანტოინის, სულფანილამიდების და ბეტა-ბლოკატორების მოქმედების გაძლიერებას განაპირობებს, რის გამოც ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას დოზის სათანადო შეცვლაა აუცილებელი.

ორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინირებისას დოზის კორექცია ასევე სავალდებულოა შესაძლო სისხლდენის რისკის გამო.

პრობენეციდთან ერთად მიღების შემთხვევაში ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც მოქმედების ხანგრძლივობასაც ზრდის.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც ნატრიუმის ნაპროქსენი მეტოტრექსატთან ერთად მიიღება, რადგან მისი ტუბულარული სეკრეციის დაქვეითების გამო შეიძლება მისი ტოქსიკურობა გაიზარდოს.

ფუროსემიდთან კომბინაცია შესაძლოა ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს, რადგან ნაპროქსენი მის ნატრიურეზულ მოქმედებას ამცირებს. ასევე ნაპროქსენის ფონზე შესაძლებელია პროპრანოლოლისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. 



5 ივლ 2025