აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბადექსი — მრავალკომპონენტიანი დამხმარე საკვების მონელებისთვის

უკან

ბადექსი — მრავალკომპონენტიანი დამხმარე საკვების მონელებისთვის

6 აგვ 2025

ბადექსი კაფსულა

 

ბადექსი მედიკამენტია, რომელიც საკვების ჯანსაღ მონელებას უწყობს ხელს და კუჭ-ნაწლავში წარმოშობილ დისკომფორტს ამსუბუქებს. იგი არა სამკურნალო, არამედ დამხმარე საშუალებაა.  

მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია. მეორე მხრივ, დისკომფორტი დაავადებებისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება გაჩნდეს, გარემო ფაქტორებისა და ცხოვრების წესის ზეგავლენით. დაავადებების მკურნალობის პარალელურად ანდა მსუბუქი სიმპტომების შესამსუბუქებლად ზოგჯერ დამხმარე საშუალებებს, საკვებ დანამატებს, მიმართავენ. მათ შორისაა ბადექსი — საკვები დანამატი.

ეს პრეპარატი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და შეიცავს როგორც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, ასევე ვიტამინებსაც. აფთიაქებიდან იგი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა უმჯობესია, ბადექსი ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამოიყენოთ — მას შემდეგ, რაც მონელების პრობლემების მიზეზს დაადგენთ. იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ორგანულ პათოლოგიასთან გვაქვს, ამ პრეპარატის მიღება საკმარისი, ალბათ, არ იქნება. 

ბადექსის ფასი სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით იცვლება. ამ პრეპარატის შეძენა PSP-ს ონლაინაფთიაქშიც შეგიძლიათ.  

მოდით, მანამდე ბადექსის ანოტაცია ჩავშალოთ. განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს დანამატი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღებისას. 

ბადექსის ანოტაცია: რისგან შედგება და როგორ მუშაობს პრეპარატი? 

ეს საკვები დანამატი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მათგანს — გარდა პანკრეატინისა — მსუბუქი, დამხმარე მოქმედება აქვს და მკურნალობის კურსს ვერ ჩაანაცვლებს. ბადექსის კომპონენტებია: პანკრეასის ფხვნილი (კერძოდ, პანკრეატინი და ლაქტოზა), ანანასიდან მიღებული ბრომელაინი, პაპაიას ნაყოფის ფხვნილი, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი და ყვითელი კოჭას ფესვის მშრალი ექსტრაქტი. 

პანკრეასის ფხვნილი პანკრეატინს შეიცავს. იგი ფერმენტების, ანუ საკვების დამშლელი ნივთიერებების, ნაკრებია, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი წარმოქმნის. პანკრეატინი ამილაზებს, ლიპაზებსა და პროტეაზებს აერთიანებს — ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დამშლელ ფერმენტებს. საჭმლის მონელებისათვის ამ ნივთიერებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათი დამატებით მიღებით კი ეს პროცესი უფრო მარტივდება. 

ბრომელაინი ანანასის წვენიდან მიღებული ფერმენტია, რომელიც ჰიდროლაზების კლასს განეკუთვნება. იგი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, სავარაუდოდ სხვა ფერმენტების გააქტიურების გზით. ეს კომპონენტი ნაწლავების ფუნქციურ აქტივობას აძლიერებს; შესაძლოა, იგი ორგანიზმიდან ტოქსიკური ან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას უწყობდეს ხელს და მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებაშიც დაგვეხმაროს. როგორც დამხმარე საშუალება, ბრომელაინი შეიძლება თრომბების პრევენციაშიც დაგვეხმაროს.

პაპაიას ნაყოფის ფხვნილი ფერმენტ პაპაინს შეიცავს, რომელიც ცილის რთულ მოლეკულებს მარტივ ამინომჟავებამდე შლის. შესაძლოა, მან საკვების მიღების შემდგომი (სიმძიმე, შებერილობა) დისკომფორტი შეამციროს და გულისრევა შეამსუბუქოს. ეს კომპონენტი ზოგჯერ წყლულოვანი დაავადების მკურნალობის დროსაც გამოიყენება დამხმარე საშუალებად. 

ცნობილია, რომ პაპაიას ნაყოფის ფხვნილი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და, სავარაუდოდ, კანს ელასტიკურობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. ეს ნივთიერება C, B1, B2, B5, D ვიტამინებს შეიცავს, ასევე — მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, თუთიას, რკინასა და მაგნიუმს.

არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი არაერთ სასარგებლო კომპონენტს აერთიანებს. ესენია: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ვიტამინები — C, B1, B2, B3, P, A — სხვადასხვა ორგანული მჟავა, ცინარინი, ინულინი. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამ ექსტრაქტმა შეიძლება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას შეუწყოს ხელი. შესაძლოა, იგი ქოლესტერინის დონეს არეგულირებდეს და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასაც უწყობდეს ხელს. 

ყვითელი კოჭას ფესვების მშრალი ექსტრაქტი აქტიური ნივთიერების სახით კურკუმინს შეიცავს. ეს უკანასკნელი ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი ნაღვლის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის მკურნალობისას შეიძლება გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებად. ამასთანავე, კომპონენტი ხელს უწყობს საკვების, განსაკუთრებით ცხიმების გადამუშავებას და პოტენციურად ქოლესტერინის დონესაც აქვეითებს. მიჩნეულია, რომ კურკუმინი სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს, თუმცა ეს მტკიცება და თავად მექანიზმი დაუზუსტებელია. 

ბადექსში ყოველივე ეს კომპონენტი სუსტად, თუმცა ერთობლივად მოქმედებს, რათა საჭმლის მონელება გაგვიმარტივოს — განსაკუთრებით გადაჭარბებული კვების შემდეგ. 

 

 ბადექსი წონის კლება

როგორ მივიღოთ ბადექსი — ინსტრუქცია და დამატებითი დეტალები

ეს პრეპარატი ხშირად შემდეგი მიზნებით გამოიყენება:

 

  • საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის მოსახსნელად ან პრევენციისთვის. ეს შეიძლება იყოს როგორც სიმძიმის შეგრძნება, ასევე შებერილობა და ბოყინი;
  • საჭმლის მომნელებელი ფერმენტების დეფიციტის დროს;
  • დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ;
  • წონის კლების ხელშესაწყობად, თუ ჭარბი წონა ნაწილობრივ მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პრობლემითაა გამოწვეული (ეს ექიმმა უნდა შეაფასოს).  

ბადექსის ინსტრუქცია მარტივია: თითო კაფსული 2-3-ჯერ უნდა მიიღოთ დღეში,  ჭამის დროს. რეკომენდებული დღიური დოზა 3 კაფსულია, დოზის გადაჭარბებამ კი შეიძლება კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი გამოიწვიოს. 

გაითვალისწინეთ, რომ ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება, თუკი მის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ბადექსის დანიშვნაზე გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს, რადგან ამ სიტუაციებში მის უსაფრთხოებაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სხვა მხრივ, ამ პრეპარატის მიღება 12 წლის ასაკიდან შეიძლება. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბადექსი მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაციონის შემცვლელად არ გამოგვადგება — იგი უბრალოდ დამხმარეა მონელების პროცესში.

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ პრეპარატი ვადაგასული არ არის — ამის გადამოწმებას ბადექსის შეფუთვაზე შეძლებთ. გამოყენების შემდგომ ფლაკონს თავი მჭიდროდ უნდა დაახუროთ. იგი 15-25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 



6 აგვ 2025

პროდუქცია