აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბეტამაქსი — ეფექტიანი საშუალება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ

უკან

ბეტამაქსი — ეფექტიანი საშუალება ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ

10 ივნ 2025

ბეტამაქსი 200 მგ

 

მენტალური ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დარღვევების სფეროში, პაციენტები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომელიც ზუსტი და ეფექტიანი მკურნალობის სტრატეგიებს უკავშირდება. მდგომარეობები, როგორებიცაა შიზოფრენია, მძიმე დეპრესიული ფონი ფსიქოტური ნიშნებით, ვერტიგო (მძიმე თავბრუსხვევა) და ა.შ, მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებისამებრ გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. მედიცინა მუდმივად მუშაობს ისეთი პრეპარატების შექმნაზე, რომლებიც პაციენტებს სასურველი შედეგების მიღებაში დაეხმარება. 

ერთ-ერთი ასეთი საშუალება ბეტამაქსია (Betamaks), საერთაშორისო დასახელებით სულპირიდი. რომელიც ლატვიურმა ფარმაცევტულმა კომპანია AS Grindeks-მა შექმნა. მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ამ პრეპარატს სხვადასხვა ფსიქიატრიული და ნევროლოგიური მდგომარეობების სამკურნალო საშუალებად აქცევს — ბეტამაქსს მოქმედების ორმაგი მექანიზმი აქვს — როგორც ანტიდეპრესანტის, ისე ნევროლეპტიკური. შესაბამისად, თუ ექიმის რჩევით ბეტამაქსს შანსს მისცემთ, ის არ დაგაღალატებთ. 

რა არის ბეტამაქსი — ანოტაცია

სულპირიდი ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებაა, რომელიც ბენზამიდების ჯგუფს მიეკუთვნება. პრეპარატს ფარმაკოლოგიური თვისებების ფართო სპექტრი ახასიათებს — ზომიერი ანტიფსიქოზური და მსუბუქი ანტიდეპრესიული მოქმედება, მარეგულირებელი ზემოქმედება ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი. 

ბეტამაქსი ინიშნება მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის, მწვავე დელირიოზული მდგომარეობის, სხვადასხვა ეთიოლოგიის დეპრესიების, ნევროზების, სხვადასხვა ტიპის თავბრუსხვევების (ვერტებრო-ბაზილური უკმარისობა, ვესტიბულური ნევრიტი, მენიერის დაავადება, ქალა-ტვინის ტრავმა, შუა ოტიტი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომის დროს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელოთ ექიმის დანიშნულებით.

სხვა ანტიფსიქოზური საშუალებებისაგან განსხვავებით, რომლებიც ერთნაირად ახდენენ გავლენას როგორც D1-, ასევე D2 – დოფამინურ რეცეპტორებზე, სულპირიდისათვის დამახასიათებელია შერჩევითი მოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის D2 – დოფამინურ რეცეპტორებზე და D2 –აუტორეცეპტორების მიმართ უფრო მაღალი მსგავსება. მცირე დოზებში ბეტამაქსის გამოყენებისას შეინიშნება დოფამინერგიული იმპულსების გადაცემის გაუმჯობესება ლიმბიურ სისტემაში. მაღალ დოზებში კი სულპირიდი ცნს-ს დოფამინერგიულ გამტარობას ბლოკავს. 

შესაბამისად, პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მის დოზაზე. მცირე დოზებში სულპირიდი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი, ამცირებს ნეგატიურ და ფსიქიკურ სიმპტომატიკას და თავიდან აქვეითებს დამთრგუნველ რეაქციებს. დიდ დოზებში კი ვლინდება სულპირიდის ანტიფსიქოზური მოქმედება, რასაც მოჰყვება ფსიქოზების პროდუქტიული სიმპტომატიკის, ჰალუცინაციების, ბოდვითი იდეებისა და აგრესიულობის შემცირება.

სულპირიდი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, კუჭნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების სპაზმების მოხსნის გზით. გააჩნია პროკინეტიკური მოქმედებ — ბეტამაქსს ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერისტალტიკაც, თრგუნავს ღებინებას. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციებს, ხელს უწყობს ე.წ. “სტრესული წყლულის” თავიდან აცილებას, ასევე ხელს უწყობს წყლულის შეხორცების სტიმულირებას.

პრეპარატი პერორალურად მიიღება და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 1,5 - 3 საათის შემდეგ აღწევს. სულპირიდის ბიოშეღწევადობა 27%-ს, ხოლო პლაზმის ცილებთან დაკავშირება 40%-ზე ნაკლებს შეადგენს. 

ადამიანის ორგანიზმში სულპირიდი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა, პრაქტიკულად, უცვლელი ფორმით თირკმელებიდან. ნახევრადგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად მატულობს თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (20-26 საათამდე ინტრავენური შეყვანის შემდეგ). ასეთმა პაციენტებმა, ექიმის მეთვალყურეობით, უნდა შეამცირონ სულპირიდის დოზა ან გაზარდონ პრეპარატის დოზების მიღებას შორის ინტერვალი.

 

ბეტამაქსი მიღების წესი

 

როგორია ბეტამაქსის მიღების წესი სხვადასხვა მდგომარეობის დროს

ბეტამაქსის (სულპირიდის) რეკომენდებული მაქსიმალური დოზა დღე-ღამეში 1600მგ-ს შეადგენს. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში (16:00 საათის შემდეგ) სიფხიზლის დონის მომატებასთან დაკავშირებით.

მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიისა და მწვავე დელირიული ფსიქოზის დროს სულპირიდის საწყისი დოზები დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე და შეადგენს დღე-ღამეში 600-1200 მგ-ს. ბუნებრივია, ეს დოზა რამდენიმე მიღებაზე იყოფა.

დეპრესიის დროს, როგორც წესი, ინიშნება 150-200 მგ-დან 600 მგ-მდე დღე-ღამეში, კლინიკური სურათის მიხედვით. 

ქრონიკული თავბრუსხვევის შემთხვევაში, ინიშნება 150-200მგ დღე-ღამეში, ხოლო მძიმე მდგომარეობებში დოზა შეიძლება 300-400 მგ-მდეც გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 14 დღეს.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომის დამხმარე მკურნალობის დროს, ექიმი დაგინიშნავთ 100-300 მგ სულპირიდინს დღე-ღამეში ერთ ან ორ მიღებაზე.

ხანდაზმული პაციენტებისათვის სულპირიდის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზის, დაახლოებით ½-ს ან ¼-ს. რაც შეეხება პრეპარატის გამოყენებას ბავშვებისათვის, ამ შემთხვევაში, სულპირიდის სტანდარტული დოზა 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისათვის უნდა შეადგენდეს სხეულის მასის კილოგრამზე 3-5 მგ-ს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფებში გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკი უფრო მაღალია. 14 წლამდე ბავშვებში ბეტამაქსის მიღება არ შეიძლება.

სიფრთხილის ზომები და გვერდითი ეფექტები

ბეტამაქსის მასტიმულირებელი და მააქტივირებელი მოქმედების გამო ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ჰიპომანიის და მანიის ნიშნების მქონე პაციენტებმა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრეპარატმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიური დარღვევების გამწვავება შიზოფრენიით დაავადებულებში. 

უსაფრთხოების ზომები უნდა იქნეს გათვალისწინებული ბეტამაქსის დანიშვნისას თირკმლების ფუქნციების დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან პრეპარატის 95%-მდე სწორედ თირკმლებით გამოიყოფა.

ბეტამაქსის გამოყენებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება — ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ყველა ანტიფსიქოზური საშუალების მიღება. 

ვინაიდან პრეპარატის ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, არ გაზარდოთ რეკომენდებული დოზები ექიმის მითითების გარეშე, განსაკუთრებით ნევროზებისა და ფსიქომოტორული დარღვევებისას. 

 

ბეტამაქსი ანოტაცია

როდის არ უნდა მიიღოთ ბეტამაქსი — უკუჩვენებები

ბეტამაქსი ძლიერმოქმედი საშუალებაა, შესაბამისად არსებობს არაერთი შეზღუდვა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პრეპარატის მიღებას მკაცრად უნდა მოერიდოთ.

რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოთ პრეპარატის მიღებისგან,  თუ აღგენიშნებათ ალკოჰოლით, საძილე საშუალებებითა და ანალგეზიურებით მწვავე მოწამვლა. ასევე უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 

მწვავე უკუჩვენებაა მოსალოდნელი იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ II-III სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, მანიაკალური ფსიქოზი, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე), პარკინსონის დაავადება, ეპილეფისა, პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები, ჰიპერპროლაქტინემია (ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე).

არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მიცემა პაციენტისთვისაც, რომელისაც აქვს აფექტისა და აგრესიის მდგომარეობა, რადგან ასეთ დროს არსებობს სიმპტომების პროვოკაციის საშიშროება. 

რაც შეეხებათ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდს, ექიმები, როგორც წესი, ბეტამაქსის მიღებას ასეთ შემთხვევაშიც ზღუდავენ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმი, ორსულისა და ნაყოფისათვის სარგებლისა და რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის გამოყენების აუცილებლობაზე.

ბეტამაქსის მიღებისას უნდა მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასაც, რადგან ეს წამალი შეიძლება ანელებდეს ფსიქომოტორულ რეაქციებს.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შეიძლება შეინიშნებოდეს მხედველობის დაბინდვა, არტერიული ჰიპერტენზია, სედაციური ეფექტი, გულისრევა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, პირის სიმშრალე, ღებინება, მომატებული ოფლიანობა და გინეკომასტია. სპეციფიკური ანტიდოტის არარსებობის გამო, უნდა გამოიყენოთ სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია და სასურველია, ასეთ დროს მიმართოთ ექიმს.

აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია მკურნალ ექიმს, თუ ბეტამაქსის პარალელურად იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც. სულპირიდისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების (ნარკოზული, ანალგეზიური საშუალებების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ბარბიტურატების, ბენზოდიაზეპინების და სხვა ანქსიოლიზური საშუალებების) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება მიგვიყვანოს ამ პრეპარატების სედაციური მოქმედების გაძლიერებამდე. არ შეიძლება ბეტამაქსის მიღება, თუ იღებთ ლევოდოპას, რადგან ამ ორ პრეპარატს ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი ახასიათებთ.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული საშიშროება სულპირიდისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული მიღების დროს. 

 პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

ბეტამაქსი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და მისი აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ან 100 მგ, ან 200 მგ სულპირიდს.

მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ბეტამაქსს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დარღვევების კონტროლს დიდი ყურადღება სჭირდება, შესაბამისად მედიკამენტები ყურადღებით უნდა იყოს შერჩეული. ბეტამაქსი ამ სფეროში გამორჩეული მედიკამენტია და მისი ნდობა ნამდვილად შეგიძლიათ.  



10 ივნ 2025