აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბიცილინი — პრეპარატი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ანთებითი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

უკან

ბიცილინი — პრეპარატი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ანთებითი ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ

8 აგვ 2025

ბიცილინის ინექცია კუნთში, პრეპარატის დოზირების სწორი მეთოდი.

 

ანტიბიოტიკოთერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც სწრაფი გავრცელებისა და სერიოზული გართულებების რისკს შეიცავს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა არა მხოლოდ მყისიერი, არამედ ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები, რომლებიც სისხლში ანტიბაქტერიული ნივთიერების სტაბილურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ კატეგორიის მედიკამენტებს მიეკუთვნება ბიცილინ-3 და ბიცილინ-5, ბენზილპენიცილინის საფუძველზე შექმნილი ხანგრძლივი მოქმედების ანტიბიოტიკები. ისინი ძირითადად სტრეპტოკოკული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. ბიცილინ-3 და ბიცილინ-5 პსპ-ის აფთიაქებში მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

როდის იყენებენ ბიცილინს?

ბიცილინი გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. პრეპარატის გრძელვადიანი მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სისხლში ანტიბიოტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებაა საჭირო, რაც მკურნალობის ეფექტიანობასა და ინფექციის გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფს.

პრეპარატი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

  • რევმატიზმის რეციდივების პრევენცია – რეკომენდებულია პრეპარატის ხანგრძლივად, მთელი წლის განმავლობაში მიღება, რათა დაავადების გამწვავება თავიდან ავიცილოთ;
  • სიფილისი (ათაშანგი) და ფრამბეზია – ეს პრეპარატი გადამდები ინფექციების სამკურნალოდ ერთ-ერთი კომპონენტია;
  • სტრეპტოკოკური წარმოშობის დაავადებები (B ჯგუფის სტრეპტოკოკებისგან გამოწვეულთა გარდა) – მათ შორის მწვავე ტონზილიტი, ქუნთრუშა, სტრეპტოკოკური ინფექციით დაინფიცირებული ჭრილობები და წითელი ქარი.

ყველა ეს მდგომარეობა საჭირობს ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობის მიხედვით უნდა არის მორგებული.

როგორია პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება

ბიცილინ-3 600,000 სე და ბიცილინ-5 1,500,000 სე მხოლოდ კუნთში შეჰყავთ. ვენაში მათი შეყვანა დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში სერიოზული გართულებების რისკი იზრდება. ინიექცია ასეპტიკურ პირობებში მზადდება და უშუალოდ გამოყენების წინ, რაც პრეპარატის სტერილურობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

ბიცილინ-3-ის ერთი ფლაკონში შედის: 200,000 სე ბენზათინ ბენზილპენიცილინი, 200,000 სე ბენზილპენიცილინის კალიუმის ან ნატრიუმის მარილი და 200,000 სე ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილი.

ბიცილინ-5-ის ერთი ფლაკონი კი შეიცავს: 1,200,000 სე ბენზათინ ბენზილპენიცილინს და 300,000 სე პროკაინის ბენზილპენიცილინს (იგივე ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილს).

რაც შეეხება მომზადების წესსა და დოზირებას, ბიცილინ-3-ის ფლაკონში წინასწარ შეაქვთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი, სტერილური საინიექციო წყალი ან ნოვოკაინის 0,25–0,5%-იანი ხსნარი. მიღებული ნარევი კარგად უნდა შეინჯღრეს, სანამ ჰომოგენური სუსპენზია არ მიიღება.

მოზრდილებში ბიცილინ-3 შეჰყავთ დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში, ღრმად კუნთში, დოზით – 600,000 სე – ყოველ 6 დღეში ერთხელ. ინიექციის ჩატარებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნება, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვში. თუ სისხლი გამოჩნდა, ნემსი დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ და პრეპარატი სხვა ადგილას შევიყვანოთ.

ბიცილინ-5-ის მომზადების წესი იდენტურია: ფლაკონში ემატება იგივე მოცულობის შესაბამისი ხსნარი და შემდეგ შეინჯღრევა ჰომოგენური სუსპენზიის მისაღებად. მოზრდილებში ბიცილინ-5 შეჰყავთ ღრმად კუნთში, დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში, დოზით – 1,500,000 სე – ერთხელ 4 კვირაში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დოზა შეადგენს 600,000 სე-ს ყოველ 3 კვირაში, ხოლო 8 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში – 1,200,000 სე ერთხელ ყოველ 4 კვირაში. ნუ გამოიყენებთ ბიცილინ-5-ს არ აღნიშნულ სქემაზე უფრო ხშირად, რადგან დოზირების გადაჭარბება უკუნაჩვენებია.

 

ალერგია და ინფექციური დაავადებები, რომლებსაც ანტიბიოტიკოთერაპია ბიცილინით მკურნალობენ.

როდის შევიკავოთ თავი პრეპარატის მიღებისგან და რა სიფრთხილის ზომებს მივმართოთ? 

გაითვალისწინეთ, ბიცილინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პენიცილინის, სულფანილამიდებისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის მიღებისგან თავი უნდა შეიაკვონ პირებმა, რომლებსაც ბრონქული ასთმა, ან სხვა ალერგიული დაავადებები აწუხებთ. აქედან გამომდინარე, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენთვის პრეპარატის მიღება რისკის შემცველია, რჩევის მიღებად და მკურნალობის კურსის დასადგენად მიმართეთ ექიმს.

ბიცილინის გამოყენებისას ალერგიის პირველივე ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.

ბიცილინი-3-ისა და ბიცილინი-5-ის სხვა საინიექციო ხსნარებთან შერევა დაუშვებელია. ასევე, არ არის რეკომენდებული ბიცილინის ერთდროული გამოყენება ინდომეტაცინთან, ფენილბუტაზონთან და სალიცილატებთან, ვინაიდან მათთან კომბინაციამ შეიძლება ალერგიული რეაქციების რისკი გაზარდოს ან პრეპარატის მოქმედება შეაფერხოს.

ბიცილინი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებმა, რადგან ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხე არსებობს.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი პრეპარატის მიღებისას

ბიცილინ-3-მა და ბიცილინ-5-მა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ალერგიული რეაქციები. პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ (მათ შორის პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ), მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები: ურტიკარია (ჭინჭრის ციება), კანისა და ლორწოვანი გარსის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, ცხელება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), ანაფილაქსიური შოკი;
  • ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ტკივილის შეგრძნება;
  • იშვიათად: სტომატიტი, გლოსიტი, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება.

მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევა და შემდეგნაირი მკურნალობა:

  • 0.1% ატროპინის ინიექცია – 0.5-0.6 მლ;
  • ნიშადურის სპირტის შესუნთქვა;
  • 0.1% ადრენალინის ინიექცია – 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ;
  • 2% სუპრასტინის ინიექცია – 1-2 მლ.

პაციენტები უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ალერგიული რეაქციების სრულად გაქრობამდე.

8 აგვ 2025