აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბუსკოპანი — გათავისუფლდით მუცლის ღრუს სპაზმებისგან უმოკლეს დროში

უკან

ბუსკოპანი — გათავისუფლდით მუცლის ღრუს სპაზმებისგან უმოკლეს დროში

5 ივლ 2025

ბუსკოპანი მუცლის ტკივილი

მუცლის არეში ტკივილი შესაძლოა მოულოდნელად დაგატყდეთ თავს, ძალიან დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ და თქვენი დღე თავდაყირა დააყენოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს მას — საკვების მონელების პრობლემები, მენსტრუაცია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი თუ კუჭ-ნაწლავის რომელიმე ინფექცია, მუცლის ღრუს სპაზმებთან დაკავშირებული ტკივილი არ მოგცემთ საშუალებას, საქმეზე კონცენტრირდეთ. 

მედიცინის არსენალში ხსენებულ სპაზმებთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება ბუსკოპანია, საერთაშორისო დასახელებით ჰიოსცინ ბუტილბრომიდი. სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ ტკივილს ებრძვიან ან კუჭში მჟავიანობას ანეიტრალებენ, ბუსკოპანი კონკრეტული სპაზმების მიზეზებთან საბრძოლველადაა შექმნილი.

რა არის ბუსკოპანი — ანოტაცია 

ბუსკოპანი სპაზმოლიზური მედიკამენტია, რომელიც საჭმლის მომნელებელი და საშარდე გზების გლუვ კუნთებზე პირდაპირ მოქმედებს. ის ნერვული სისტემის შემადგენელ მუსკარინულ რეცეპტორებს ბლოკავს, რომლებიც კუნთების უნებლიე შეკუმშვაზე არიან პასუხისმგებელი. ამ სიგნალების ინჰიბირებით, ბუსკოპანი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, რაც უზრუნველყოფს სპაზმებისა და ტკივილისგან სწრაფ და ეფექტიანად გათავისუფლებას — მონელების ნორმალურ პროცესში ჩარევის გარეშე. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ლოკალურია, რაც ნიშნავს, რომ მისი სამიზნე პირდაპირ მუცლის ღრუა, რაც ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობას ამცირებს. 

ბუსკოპანის ტაბლეტების აქტიურ ნივთიერებებს ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი წარმოადგენენ. დამხმარე ნივთიერებათა შორის კი ვხვდებით საქაროზას, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატს, სახამებელს, ხსნადი სიმინდის სახამებელს, კოლოიდურ კაჟბადის დიოქსიდს, ღვინის მჟავას, სტეარინის მჟავას, პოლივინილპიროლიდონს, ტალკს, აკაციას, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილპარადროქსიბენზოატს, პოლიეთილენ გლიკოლ 6000-ს, კარნუბის ცვილსა და თეთრ ცვილს.

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, მეოთხეული აზოტის ატომის გამო, ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ.100 მგ ჰიოსცინი-N-ბუტიბრომიდის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 1%-ზე ნაკლებია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) შეყვანილი ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდის ეფექტი არის სპეციფიკური ადგილობრივი ეფექტი. პრეპარატის 100 და 400 მგ ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, ელიმინაციის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6,2-დან 10,6 საათამდე. პერორალურად შეყვანილი ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდი გამოიყოფა განავლით და შარდით.

როგორც წესი, ბუსკოპანი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის სპაზმების, სანაღვლე გზების სპაზმებისა და დისკინეზიის, სასქესო სისტემის სპაზმების დროს.

როგორ ხდება ბუსკოპანის მიღება — ინსტრუქცია 

ბუსკოპანი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მისი მიღებისას ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ — უმჯობესია, სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ, თუმცა თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება გამოყენების შესახებ, მაშინ ბუსკოპანის ტაბლეტების რეკომენდებული დოზირებაა: 

  • მოზრდილებში: 1-2 შემოგარსული აბი, 3-4-ჯერ დღეში.
  • 6-12 წლის ბავშვებში: 1 შემოგარსული აბი 3-ჯერ დღეში.
  • 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ბუსკოპანის გამოყენების შესახებ, თუმცა კლინიკურ კვლევებში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის სპეციფიკური არასასურველი ეფექტები არ იყო დაფიქსირებული.

6 წლამდე ბავშვებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბუსკოპანის შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, ჭიქა წყალთან ერთად.

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, ორსულობის დროს ბუსკოპანის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები ან გამოცდილება ორსულ ქალებში ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია, ხოლო პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია. ასევე, ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა შეიძლება შეაფერხოს ლაქტაცია. უცნობია გადადის თუ არა ჰიოსცინი-N-ბუტილბრომიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ახალშობილებს აქვთ გაზრდილი რეაქცია ზოგიერთ ანტიქოლინერგულ საშუალებებზე. არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბუსკოპანით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის მკურნალობის სარგებლობის გათვალისწინებით — ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს.

 

ბუსკოპანი სპაზმები

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს პრეპარატს — სიფრთხილის ზომები  

როგორც ყველა პრეპარატს, გვერდითი მოვლენები ბუსკოპანსაც ახასიათებს, თუმცა ეს ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ — თუ ექიმისა და ფარმაცევტის მითითებებს ზედმიწევნით გაითვალისწინებთ, ამ ეფექტების გამოვლენის რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ. 

პირველ რიგში, ნუ მიიღებთ ბუსკოპანს, თუ მისი შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება განგივითარდეთ ანაფილაქსიური რეაქციები.

ბუსკოპანის მიღების შემდეგ იშვიათად შეიძლება გამოგივლინდეთ, კანის ისეთი რეაქციები, როგორებისაა ჭინჭრის ციება და ქავილი. ასევე, შესაძლებელია ტაქიკარდიის, ჰიპოტენზიის (დაბალი წნევა), თავბრუსხვევის, პირის სიმშრალის, დიარეის, გულისრევის, დაქვეითებული ოფლიანობის, შარდვის გაძნელებისა და დაღლილობის გამოვლენა. 

ძალიან იშვიათად, არსებობს შანსი, რომ გვერდით ეფექტებს შორის იხილოთ აკომოდაციის დარღვევები, გლაუკომის მწვავე შეტევა, განსაკუთრებით ჰიპერმეტროპიულ პაციენტებში.

აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ ბუსკოპანის პარალელურად სხვა მედიკამენტებითაც სარგებლობთ, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი რეაქციები. ბუსკოპანმა შესაძლოა გააძლიეროს ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინების, ანტიფსიქოტიკების, ქინიდინის, ამანტადინის, ბუტიროფენონების, ფენოთიაზინების, დისოპრამიდის და სხვა ანტიქოლინერგული საშუალებების ანტიქოლინერგული ეფექტები. დოფამინის ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი, ორივე პრეპარატის მოქმედება კუჭ-ნაწლავის მოძრაობაზე შეიძლება შემცირდეს. ბუსკოპანს შეუძლია გაზარდოს ბეტა-ადრენერგული პრეპარატების ტაქიკარდიული ეფექტი.

ნუ მიიღებთ ბუსკოპანს, თუ:

  • გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;
  • შარდის შეკავება შარდის ბუშტის ობსტრუქციით;
  • მექანიკური სტენოზები საჭმლის მომნელებელ სისტემაში;
  • პარალიზური ან ობსტრუქციული ილეუსი;
  • ტაქიკარდია და ტაქიარითმია;
  • მეგაკოლონი;
  • მიასთენია გრავისი.

თუ ავტომობილს მართავთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ, არ არის მოსალოდნელი დარღვევები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბუსკოპანს რეკომენდებული დოზით. თუმცა, თუ გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თავბრუსხვევა და ახლო მხედველობის გაძნელება, მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ბუსკოპანის ზედოზირების შემთხვევაში, შეიძლება პრეპარატმა გამოიწვიოს ანტიქოლინერგული ეფექტები, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, ტაქიკარდია, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება და კანის ერითემა. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატაქსია, ტრემორი, ქოშინი და ანტიქოლინერგული ეფექტები განვითარდა უკიდურესად მაღალი დოზების მიღების შემდეგ. ვინაიდან დღემდე არ არის ცნობილი ბუსკოპანით მოწამვლის შემთხვევები, მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს. 

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

ბუსკოპანი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ბუსკოპანს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

მუცლის ღრუს სპაზმები პრობლემაზე თვალის დახუჭვისა და წაყრუების შესაძლებლობას არ მოგცემთ, შესაბამისად, ნუ დაელოდებით, როდის გაივლიან ისინი — მიიღეთ ბუსკოპანი და დაიხსენით თავი მუცლის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტისგან.

5 ივლ 2025