აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბუსპირონი — პრეპარატი შფოთვის მართვისათვის

უკან

ბუსპირონი — პრეპარატი შფოთვის მართვისათვის

12 სექ 2025

Buspiron-EGIS - ბუსპირონ-ეგისი 10მგ 60 ტაბლეტი

 

სტრესი და შფოთვა ბევრისთვის ცხოვრების ნაწილია — ყოველდღიური პრობლემები, სამსახურის დატვირთვა ან პირადი სირთულეები ხშირად იწვევს შინაგან დაძაბულობას. 

როცა შფოთვა დროებითია, ის შესაძლოა ჩვეულებრივი რეაქცია იყოს, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა, როდესაც შფოთვა ხანგრძლივად გრძელდება და ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს. ფსიქოლოგთან კონსულტაცია და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. 

თერაპიის პარალელურად, ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა შესაძლოა დროებით პრეპარატიც გამოგიწეროთ შფოთვის სიმპტომების სამართავად. ტრანკვილიზატორების ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან ერთ-ერთია —  ბუსპირონი (Buspiron). 

რისი წამალია ბუსპირონი? 

უნგრეთში წარმოებული ბუსპირონ-ეგისი არის პრეპარატი ანქსიოლიზური ეფექტებით. იგი გამოიყენება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და სხვა შფოთვითი მდგომარეობების სამართავად.

მაგალითად, როდესაც პირს აწუხებს მსუბუქი ტაქიკარდია, თავბრუხვევა, უკიდურესი მწუხარება. ეს სიმპტომები არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ მოვლენას და მათი კონტროლი რთულია, გარდა იმისა, რომ პიროვნებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, ანოტაციის მიხედვით ბუსპირონი მუშაობს ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად.

გარდა ამისა, ბუსპირონი გამოიყენება დეპრესიის მკურნალობის დამხმარე თერაპიაშიც, თუმცა არა მონოთერაპიაში. ის ხელს უწყობს განწყობის სტაბილიზაციას და შფოთვითი კომპონენტის კონტროლს დეპრესიულ პაციენტებში.

ცნობისთვის, დეპრესიის სიმპტომები მოიცავს შემდეგს: დეპრესიული განწყობა, როგორიცაა მოწყენილობა ან სიცარიელის შეგრძნება, ინტერესის დაკარგვა, ძილის დარღვევა, ცუდი ძილი ან ძილიანობა, ენერგიის დაკარგვა ან ენერგიის მნიშვნელოვნად დაქვეითება, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მეტყველების გაღარიბება, გადაწყვეტილებების მიღების გართულება, სუიციდური აზრები ან განზრახვები. 

გახსოვდეთ, მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია. არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად. მიმართეთ თერაპიას და გულწრფელად ისაუბრეთ პროფესიონალთან თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე. 

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაითვალისწინეთ, ბუსპირონი არ გამოიყენება ცალკე დეპრესიის სამკურნალოდ. მას შეუძლია დეპრესიის კლინიკური ნიშნების შენიღბვა.

ასევე, გახსოვდეთ, ბუსპირონი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

როგორია ბუსპირონის მოქმედების მექანიზმი 

პრეპარატის აქტიური კომპონენტი არის ბუსპირონის ჰიდროქლორიდი, დამხმარე ნივთიერებების სახით კი, შეიცავს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი “ა”), მაგნიუმის სტეარატი, სილიკა, კოლოიდური უწყლო.

პრეპარატის აღწერაზე შემდეგი ინფორმაცია გვხვდება ანოტაციაში:

  • ბუსპირონ-ეგისი 5 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული “E151”, მეორე მხარეს – გასაყოფი ხაზი.
  • ბუსპირონ-ეგისი 10 მგ: თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული “E152”, მეორე მხარეს – გასაყოფი ხაზი.

ორივე შემთხვევაში, ტაბლეტზე გასაყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასატეხად ყლაპვის გამარტივების მიზნით და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად დაყოფის მიზნით.

ბუსპირონი განსხვავდება ტრადიციული ბენზოდიაზეპინებისგან. იგი მოქმედებს სეროტონინის რეცეპტორებზე (5-HT1A აგონისტი), რაც უზრუნველყოფს ანქსიოლიზურ ეფექტს, თუმცა არ იწვევს სედაციას, ამნეზიას და დამოკიდებულებას.

 

გვერდითი მოვლენები: ბუსპირონის შესაძლო გვერდითი მოვლენები.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

ბუსპირონის მიღების წესი და დოზირება აუცილებლად ექიმმა უნდა განგისაზღვროთ, თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენებებზე მორგებულად. აქ გაგაცნობთ, ანოტაციაში მოცემულ სქემას. 

ტაბლეტები მიიღება ერთსა და იმავე დროს, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეპარატის ეფექტი არ დგება დაუყოვნებლივ. პირველ შედეგს პაციენტი ჩვეულებრივ გრძნობს 7–14 დღეში, ხოლო სრული ეფექტი ვლინდება დაახლოებით 4 კვირაში.

მიღების წესი და დოზირება

  • საწყისი დოზა: 5 მგ დღეში 3-ჯერ (სულ 15 მგ).
  • დოზა შეიძლება გაიზარდოს (მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) ყოველ 2–3 დღეში 5 მგ-ით.
  • რეკომენდებული თერაპიული დოზა: 20–30 მგ დღეში.
  • მაქსიმალური დოზა: 60 მგ დღეში.

უსაფრთხოება და სიფრთხილის ზომები — რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე

ბუსპირონი ზოგადად კარგად გადაიტანება, თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად პრეპარატი არ არის რეკომენდებული:

  • თირკმლისა და ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს;
  • ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში;
  • ალკოჰოლის, საძილე საშუალებების ან ანტიფსიქოტიკების მწვავე ინტოქსიკაციისას;
  • ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტს აქვს:

  • ღვიძლის ან თირკმლის მსუბუქი/საშუალო დაავადება;
  • გლაუკომა;
  • მიასთენია გრავის;
  • ნარკოდამოკიდებულება.

გაითვალისწინეთ, ბუსპირონ-ეგისის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რაც შეეხება ბუსპირონის ურთიერთქმედებას სხვა მედიკამენტებთან. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა, თუ პაციენტი იღებს:

  • ანტიდეპრესანტებს (SSRIs, MAO ინჰიბიტორები);
  • ანტიფსიქოტიკებს;
  • ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინი, იტრაკონაზოლი);
  • ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს (დილთიაზემი, ვერაპამილი);
  • ანტიკონვულსანტებს (კარბამაზეპინი, ფენიტოინი);
  • ალკოჰოლს და გრეიფრუტის წვენს (პრეპარატის მოქმედება იზრდება).

ამიტომ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე პრეპარატებზე, რომლებსაც იღებთ.

 

დოზირება: ბუსპირონის სწორი დოზირება და მიღების წესი.

რა გვერდითი მოვლენების გამოვლენაა შესაძლებელი ბუსპირონის მიღებისას?

შესაძლო გვერდითი მოვლენები ბუსპირონის მიღების დროს შეიძლება იყოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა; უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა; გულისრევა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე. ასევე, იშვიათად: კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი; სეროტონინული სინდრომი (SSRIs-თან ერთად); ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, სახის ან ყელის შეშუპება).

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ან უცნაური სიმპტომები, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

შეინახეთ ბუსპირონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 30 °C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას; ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ მიიღოთ ბუსპირონი.

ბუსპირონი წარმოადგენს თანამედროვე ანქსიოლიზურ პრეპარატს, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამართავად. ბუსპირონით მკურნალობა ყოველთვის უნდა წარიმართოს ექიმის ზედამხედველობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს ან აქვს თანმხლები დაავადებები.

12 სექ 2025