აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გროპრინოსინი — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატის მიღებამდე

უკან

გროპრინოსინი — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატის მიღებამდე

7 ივლ 2025

 გროპრინოსინი 1000მგ

ვირუსული ინფექციები სწრაფად ვრცელდება და მათგან დაზღვეული არავინ არის — ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებსა და მათ გამომწვევ ინფექციებს შორის ჩვენი იმუნიტეტი დგას, რომელიც მუდმივად გვიცავს, თუმცა ლიმიტი მის შესაძლებლობებსაც აქვს: შესაძლოა, ზოგჯერ მედიკამენტური შეშველება დასჭირდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პრეპარატები და ვაქცინები თანამედროვე მედიცინაში საკვანძო მნიშვნელობას ატარებენ, იზრდება ინტერესი იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებზეც, რომლებიც ავადმყოფობის დროს ჩვენი ორგანიზმის იმუნურ პასუხს უფრო აძლიერებენ. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი გროპრინოსინია, რომელიც თავისი ორგვარი მოქმედების მექანიზმითაა ცნობილი — პრეპარატი ებრძვის ვირუსებს და, ამავდროულად, იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. 

გროპრინოსინს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ისეთი გავრცელებული ვირუსების სამკურნალოდ იყენებენ, როგორებიცაა ინფლუენზა (გრიპი), სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ. 

აფთიაქებში გროპრინოსინის 1000მგ-იან ტაბლეტებთან (გროპრინოსინი ფორტე) ერთად, ხელმისაწვდომია გროპრინოსინი 500 და გროპრინოსინის სიროფიც. 

როგორ მოქმედებს გროპრინოსინი - ანოტაცია

გროპრინოსინის აქტიური ნივთიერება ინოზინ პრანობექსია, ხოლო დამხმარე ნივთიერებები განსხვავდება პრეპარატის ფორმის მიხედვით. გროპრინოსინის 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ინოზინ პრანობექსს, ასევე კარტოფილის სახამებელს, პოვიდონ K 25-სა და მაგნიუმის სტეარატს. გროპრინოსინის სიროფის 5მლ შეიცავს 250მგ ინოზინ პრანობექსს, ასევე საქაროზას, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E216), ნატრიუმის ჰიდროქსიდს (E524), ლიმონმჟავას მონოჰიდრატსა (E330) და გასუფთავებულ წყალს.

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოდინამიკასა და ფარმაკოკინეტიკას, ინოზინ პრანობექსი პურინის სინთეზური წარმოებულია. მას გააჩნია იმუნომამოდულირებელი და ანტივირუსული თვისებები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატის მოქმედების შედეგად ორგანიზმში იმუნური პასუხის გაძლიერებით. 

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინოზინ პრანობექსი ანორმალიზებს უჯრედული იმუნიტეტის უკმარისობას ან დისფუნქციას, იწვევს რა 1 ტიპის თ-ლიმფოციტების ჰელპერების პასუხს, რომელიც აინიცირებს თ-ლიმფოციტების მომწიფებას და დიფერენციაციას და იმუნური პასუხებით ინდუცირებული მიტოგენ ან ანტიგენ-აქტივირებული უჯრედების გაძლიერებას.

ადამიანში ინოზინ პრანობექსი შიგნით მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში. მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში, მათ ორგანიზმში შეყვანილი რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული მასალა ვლინდებოდა შემდეგ ორგანოებში აქტივობის კლებადობის მიხედვით: თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი, გული, ელენთა, საკვერცხეები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ტვინი და ჩონჩხის კუნთები. ცხოველებში, პერორალურად შეყვანილი ინოზინის 70% ტრანსფორმირდება შარდში შარდმჟავად, ხოლო დანარჩენი ნაწილი — ქსანტინის და ჰიპოქსანტინის ნორმალურ მეტაბოლიტებად.

გროპრინოსინი გამოიყენება ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ: კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია I ან II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსებით და ვარიცელა ზოსტერის ვირუსით, მაგალითად, ჩუტყვავილა და სარტყელისებური ლიქენი. ასევე, პრეპარატს იყენებენ მარტივი ჰერპესის (Herpes Simplex) ვირუსით გამოწვეული ტუჩებისა და სახის კანის ჰერპესის მკურნალობისას.

 

 გროპრინოსინი, იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი

 

როგორია პრეპარატის მიღების წესი

გროპრინოსინი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მისი მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და ექიმის მითითებების ზედმიწევნით გათვალისწინება გმართებთ, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. 

გროპრინოსინის ტაბლეტის მიღების წესი:

გროპრინოსინის ტაბლეტი მიიღება პერორალურად (პირის ღრუს საშუალებთ). მიაყოლეთ ტაბლეტს საკმარისი რაოდენობის სითხე, სასურველია წყალი. მთელი ტაბლეტის გადაყლაპვის გაძნელებისას, ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს ან გაიხსნას მცირე რაოდენობის სითხეში პრეპარატის მიღების გასამარტივებლად.

რაც შეეხება რეკომენდებულ დოზას, მოზრდილებსა და ხანდაზმულებში (65 წელს გადაცილებულ პირებში) რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ/კგ-ს სხეულის მასაზე დღეში. როგორც წესი, სადღეღამისო დოზა შეადგენს გროპრინოსინი 1000-ის 3  ტაბლეტს დღეში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება ეს დოზა დღეში 4 ტაბლეტამდე გაიზარდოს.

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 50მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი რამდენიმე დოზად. ბავშვებისთვის, რომელთაც უჭირთ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებულია გროპრინოსინის სიროფის მიცემა. 

საშუალოდ, თერაპიის ხანგრძლივობა 5-14 დღეს შეადგენს. მას შემდეგ, რაც სიმპტომები გაქრება, პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 1-2 დღის განმავლობაში. 

გროპრინოსინის სიროფის მიღების წესი:

დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. სადღეღამისო დოზა განაწილებული უნდა იყოს თანაბარ ნაწილებად დღე-ღამეში რამდენიმე მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა, ამ შემთხვევაშიც, შეადგენს 5-14 დღეს.

მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გაანგარიშებით (1მლ/1კგ სხეულის მასაზე): როგორც წესი, სულ 3 გ (60 მლ სიროფი დღეღამეში) გადანაწილებული 3 ან 4 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 გ. (80 მლ. სიროფი დღეღამეში). 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 1 მლ გროპრინოსიის სიროფის ექვივალენტურია 1 კგ სხეულის მასაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები 

როგორც ნებისმიერი მედიკამენტის, ისე გროპრინოსინის მიღებისას, არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისგან დაზღვეული არ ხართ. მიუხედავად ამისა, ეს ჩამონათვალი ნუ შეგაშინებთ, რადგან ექიმისა და ფარმაცევტის რჩევების ზედმიწევნით გათვალისწინებით გვერდითი მოვლენების რისკს მინიმუმამდე შეამცირებთ. 

ერთადერთი მუდმივად გამოვლენადი არასასურველი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან, როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიულ პაციენტებში, არის შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და შარდში (რომლის მაჩვენებლებიც, ჩვეულებრივ, ნორმის ფარგლებში რჩება). შარდმჟავას კონცენტრაცია ჩვეულებრივ ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამოდენიმე დღეში.

ასევე, პრეპარატის გამოყენებასთან ხშირად დაკავშირებულია ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება სისხლში, ართრალგია (სახსრების ტკივილი), კანისმიერი ქავილი , გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, თავის ტკივილი , ვერტიგო, დაღლილობა. შედარებით იშვიათად ვლინდება პოლიურია (შარდის მოცულობის გაზრდა), დიარეა, ყაბზობა, ძილის დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, ერითემა. 

ნუ გამოიყენებთ გროპრინოსინს თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია ანგიონევროზული შეშუპების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის, ჭინჭრის ციების, ანაფილაქსიური რეაქციისა და ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

თუ სხვა პრეპარატებსაც იღებთ, გროპრინოსინით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი, რათა არასასურველი რეაქციები თავიდან იქნეს არიდებული. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგალითად, ალოპურინოლს), პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებენ თირკმლებით შარდმჟავას გამოყოფას, თიაზიდური დიურეტიკების და მარყუჟოვანი დიურეტიკების (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა) ჩათვლით.

გროპრინოსინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმუნოდეპრესანტების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენოთ იმუნოდეპრესანტებთან ერთად შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო, რამაც შეიძლება იმოქმედოს მოსალოდნელ სამკურნალო ეფექტზე.

არსებობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა. ხანგრძლივი მკურნალობისას (3 თვე ან მეტი), ყოველ პაციენტს რეგულარულად უნდა გაუკონტროლდეს შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლის შრატში და შარდში, ღვიძლის ფუნქცია, სისხლის საერთო ანალიზი და თირკმელების ფუნქცია.

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, ინოზინის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული. ასევე უცნობია გადადის თუ არა ინოზინი დედის რძეში. ამრიგად, გროპრინოსინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში ან ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ გადაწყვეტს, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 

გროპრინოსინი, ანტივირუსული საშუალება

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

გროპრინოსინი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ 15-30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ გროპრინოსინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ნუ დატოვებთ თქვენს იმუნიტეტს სახიფათო ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო — მიიღეთ გროპრინოსინი და გათავისუფლდით ვირუსებთან დაკავშირებული საფრთხეებისგან.

7 ივლ 2025