აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დენრეკი — ეფექტიანი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

უკან

დენრეკი — ეფექტიანი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

12 სექ 2025

დენრეკი ტაბლეტი

 

ანთებითი პროცესები და ტკივილი, ხშირ შემთხვევაში, თანაარსებობენ — არ აქვს მნიშვნელობა, რასთან არის დაკავშირებული ტკივილი: კბილი გტკივათ, კუნთები თუ ოპერაციის შემდგომი ჭრილობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეძებთ პრეპარატს, რომელიც მას ეფექტიანად, უმოკლეს ვადაში დაგიყუჩებთ და ანთებით პროცესებსაც ჩააცხრობს. 

თანამედროვე მედიცინა მრავალ ტკივილგამაყუჩებელს გვთავაზობს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული პრეპარატი დენრეკია (საერთაშორისო დასახელებით დექსკეტოპროფენი), რომელიც მოგცემთ საშუალებას, მშვიდად დაუბრუნდეთ ყოველდღიურობას და ცხოვრება ტკივილის გარეშე გააგრძელოთ. 

რა არის დენრეკი და რისგან შედგება — ანოტაცია 

პრეპარატის აქტიური ნივთიერება დექსკეტოპროფენია, ხოლო დენრეკის ტაბლეტი ასევე შეიცავს სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, პოვიდონ K-30-სა  და მაგნიუმის სტეარატს. 

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება და მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) ჯგუფს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვის გზით პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებაზე. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება იმოქმედოს ანთების სხვა მედიატორებზეც, რაც პრეპარატის პირდაპირ მოქმედებასთან ერთად დამატებით ირიბ მოქმედებასაც განაპირობებს.

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის პერორალური (პირის ღრუს საშუალებით) მიღების შემდეგ სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 30 წუთში.

პრეპარატის ნახევრადგანაწილების პერიოდი 0.35 საათს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.65 საათს შეადგენს. დექსკეტოპროფენის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან, შემდგომი თირკმლისმიერი გამოყოფით.

დენრეკის 25მგ ტაბლეტები გამოიყენება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის (ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, ტკივილი დისმენორეის დროს, კბილის ტკივილი) სიმპტომური მკურნალობისას. ასევე, ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. 

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

დენრეკი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არ გამოიწვიოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარება.

მოზრდილებში, როგორც წესი, რეკომენდებული დოზა, ტკივილის ტიპისა და გამოხატულების მიხედვით, ყოველ 4-6 საათში 12,5მგ-ს (დენრეკის აბის ნახევარი), ან ყოველ 8 საათში 25მგ-ს (ერთი აბი) შეადგენს — დღე-ღამეში მიღებული ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75მგ-ს (3 ტაბლეტს).

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისთვის და მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს სიმპტომების არსებობის პერიოდით.

რაც შეეხება ხანდაზმულ პაციენტებს, მათ შემთხვევაში, მკურნალობა უმცირესი რეკომენდებული დოზით უნდა დაიწყოს, რაც ჯამურად დღე-ღამეში 50მგ-ს წარმოადგენს. დოზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. 

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში საწყისი ჯამური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს. დენრეკი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისა და თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

დექსკეტოპროფენი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. საკვებთან ერთად მიღება ანელებს პრეპარატის შეწოვას, ამიტომ მწვავე ტკივილის დროს, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე. 

ზედოზირების სიმპტომები უცნობია. როგორც წესი, მსგავსი მოქმედების პრეპარატები იწვევს დარღვევებს საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების მხრივ. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. გააქტივებული ნახშირის პერორალურად მიღება საჭიროა მოზრდილის ან ბავშვის მიერ 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზის ერთი საათის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. დექსკეტოპროფენი ორგანიზმიდან გამოიდევნება დიალიზით.

 

დენრეკი ტკივილი

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები — რა უნდა გავითვალისწინოთ დენრეკის მიღებისას 

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები დენრეკის მიღების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს — ვრცელი ჩამონათვალის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით გათვალისწინების შემთხვევაში, მინიმუმამდე შეამცირებთ არასასურველი რეაქციების გამოვლენის რისკს.

პირველ რიგში, არ  მიიღოთ დენრეკი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ — ასე თავიდან აირიდებთ ალერგიული რეაქციების განვითარებას, რომლებიც, შესაძლოა, ჯანმრთელობისათვის სახიფათო იყოს. 

შედარებით ხშირად ვლინდება გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა. ნაკლებად ხშირია უძილობა, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, პალპიტაცია, გასტრიტი, ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, შემცივნება.

იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს ხორხის შეშუპება, პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტები), სინკოპე (გონების დაკარგვა), ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), ბრადიპნოე (შენელებული სუნთქვა, პეპტიკური წყლული, ჰეპატოცელულარული დარღვევები, ჭინჭრის ციება, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ზურგის ტკივილი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მენსტრუალური დარღვევები, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, პერიფერიული შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა. ძალიან იშვიათია ნეიტროპენია (სისხლში ნეიტროფილების პათოლოგიურად დაბალი შემცველობა), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ნაკლებობა), მხედველობის დაბინდვა, ტინიტუსი (ყურში ხმაური), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), ბრონქოსპაზმი, პანკრეატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია,

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წარმოდგენილ ჩამონათვალში არ არის წარმოდგენილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ დენრეკი, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

    • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს (ასას): ასეთ შემთხვევაში, იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის და სისხლდენის განვითარების რისკი ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტის გამო;
  • ანტიკოაგულანტებს: დენრეკი აძლიერებს ანტიკოაგულანტების (როგორიცაა ვარფარინი) მოქმედებას დექსკეტოპროფენის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების, თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო;
  • ჰეპარინებს: კომბინაცია ზრდის სისხლდენის განვითარების რისკებს. მსგავსი კომბინაციის აუცილებელობის შემთხვევაში საჭიროა სათანადო კლინიკური დაკვირვება და ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი;
    • კორტიკოსტეროიდებს;
  • ლითიუმს — დენრეკი ზრდის ლითიუმის დონეს სისხლში, რამაც შესაძლოა ინტოქსიკაციამდე მიგიყვანოთ. 
  • მეტოტრექსატს მაღალი დოზებით (15 მგ-ზე მეტი კვირაში);
  • ჰიდანტოინის და სულფანილამიდების წარმოებულებს.

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის I და II ტრიმესტრებში დექსკეტოპროფენის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების შეფასების გათვალისწინებით. არ არსებობს მონაცემები დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის დედის რძეში შეღწევის შესახებ.

პრეპარატი რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში ან უნაყოფობის მიზეზების გამოკვლევის დროს, განხილული უნდა იქნას დექსკეტოპროფენის მოხსნის საკითხი. 

დენრეკი სიფრთხილით ენიშნებათ ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან არსებობს ამ დაავადებების გამწვავების რისკი. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით, ან სხვა სამკურნალო საშუალებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედების მომატებული რისკით, განხილული უნდა იყოს კომბინირებული თერაპია დამცავი პრეპარატებით.

სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც ზრდის წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროებას — ასეთი პრეპარატებია პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული სხვა საშუალებები და ანტიაგრეგანტები.

დექსკეტოპროფენს შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები რამაც შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და პაციენტის მდგომარეობა გააუარესოს. დენრეკის მიღებისას ინფექციური დაავადებით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად, რეკომენდებულია დაკვირვება ინფექციური დაავადების მიმდინარეობაზე.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით, ასევე ცხვირის პოლიპები, არსებობს ალერგიის გამოვლენის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე დანარჩენ პაციენტებში. დექსკეტოპროფენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის შეტევა ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავას ან ასას-ის მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში. 

შეჯამებისთვის, დენრეკის მიღება უკუნაჩვენებია, თუ:

  • გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; 
  • ანამნეზში გაქვთ ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის შეტევების პროვოცირება ან ცხვირის პოლიპების, ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების განვითარება მსგავსი მოქმედების პრეპარატების მიღების ფონზე;
  • წარსულში გადატანილი გაქვთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა ან პერფორაცია; 
  • გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიური ან ადრე გადატანილი პეპტიური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია; 
  • გაქვთ კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
  • გაწუხებთ ქრონიკული დისპეფსია; 
  • გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი და სხვა მდგომარეობები სისხლდენის განვითარების მაღალი რისკით;
  • აღგენიშნებათ გულის მძიმე უკმარისობა;
  • გაქვთ თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა; 
  • ხართ ორსულობის III ტრიმესტრში ან ჩვილს ძუძუთი კვებავთ.

დენრეკი უკუჩვენება

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

დენრეკი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ დენრეკს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ნუ მისცემთ ანთებით პროცესებსა და მათ თანმხლებ ტკივილს თქვენი ტანჯვის საშუალებას — გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, მიიღეთ დენრეკი და გათავისუფლდით დისკომფორტისგან.

12 სექ 2025