დიგოქსინი გულის გამართული მუშაობისთვის: როდის და რა წესების დაცვით უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი
6 აგვ 2025

გულის ჯანმრთელობას ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ორგანო უწყვეტად მუშაობს, რათა სხეულს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიაწოდოს. გულის პრობლემების დროს ეს პროცესი ფერხდება, რაც უსიამოვნო და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებსაც კი იწვევს. ასეთ შემთხვევებში დროული და სწორად შერჩეული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
დიგოქსინი მედიკამენტია, რომელიც გულის მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება. იგი პირდაპირ ზემოქმედებს გულის კუნთზე, ამ გზით კი მის შეკუმშვასა და სისხლის გამოტუმბვას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი ძირითადად გულის უკმარისობის დროს გამოიყენება მაშინ, როცა ამას თან არითმიაც ახლავს.
ხელმისაწვდომია როგორც დიგოქსინის ამპულა, ასევე მისი ტაბლეტებიც — ექიმთან ერთად გადაწყვეტთ, რომელი ფორმით სჯობს თქვენთვის პრეპარატის მიღება. სპეციალისტთან აუცილებლად უნდა დააზუსტოთ დოზირების საკითხი, რადგან ზოგადი ინსტრუქცია შეიძლება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს არ მოერგოს.
ეს პრეპარატი აფთიაქებიდან რეცეპტით გაიცემა. დიგოქსინის ფასი სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეა დამოკიდებული. მისი შეძენა PSP-ს ონლაინაფთიაქში შეგიძლიათ.
ამ წამლის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია, რომ მასზე საბაზისო ინფორმაცია თავადაც გქონდეთ. შესაძლოა, ექიმის კაბინეტში ყველა დეტალი საფუძვლიანად ვერ განიხილოთ, დიგოქსინის ანოტაცია კი შესაძლო პრობლემებისგან დაგაზღვევთ. მოდით, ჯერ წამლის მოქმედების პრინციპი და ჩვენებები განვიხილოთ, შემდეგ კი გავიგოთ, როგორია დიგოქსინის მიღების წესი.
დიგოქსინი გულის წამალია — გლიკოზიდი, რომელიც სათითურას ჯგუფს მიეკუთვნება. იგი შემდეგ სიტუაციებში გამოიყენება:
დიგოქსინის მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია: იგი გულის კუნთზე უშუალოდ ზემოქმედებს და მისი შეკუმშვის ძალას ზრდის, შედეგად კი სისხლის გამოტუმბვას აუმჯობესებს. გულის უკმარისობის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორგანო სხეულს საკმარისი სისხლით ვერ ამარაგებს. დიგოქსინი, ასევე, რეფრაქტორულ პერიოდს (დრო გულის თითოეულ დარტყმას შორის) ახანგრძლივებს და გულისცემის სიხშირეს ანელებს, ანუ არითმიას ებრძვის.
ამ პრეპარატს რამდენიმე უკუჩვენებაც აქვს. დიგოქსინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ორსულობის დროს პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ შესაძლო სარგებელი რისკებს გადაწონის. დიგოქსინი დედის რძეში გადადის, თუმცა მცირე რაოდენობით. შესაბამისად, ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ამას ექიმი წყვეტს.
ეს წამალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგად შეიწოვება და თირკმელებით გამოიყოფა. პრეპარატი მოქმედებას შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ იწყებს, მაქსიმალური ეფექტი კი ინიექციიდან 6-8 საათის შემდეგ მიიღწევა.
ამ წამლის მიღების წესი ინდივიდუალურად განისაზღვრება. ექიმი ამას პაციენტის სხეულის მასის, კრეატინინის კლირენსისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით განსაზღვრავს.
ზოგადად, დიგოქსინის ინსტრუქცია შემდეგნაირია:
მოზრდილებში: პირველი დოზა 0.5-0.75 მილიგრამია (ანუ 2-3 ცალი დიგოქსინის ტაბლეტი), შემდეგ ყოველ 6-8 საათში ერთხელ კი 0.125-0.375 მგ.-ამდე ინიშნება, სანამ სიმპტომები არ შემსუბუქდება. 70 კგ სხეულის მასის პაციენტისთვის საწყისი დოზა, როგორც წესი, 0.75-1.25 მგ.-ია.
ბავშვებში: 2-იდან 5 წლამდე ასაკში საერთო დოზა 30-40 მიკროგრამია სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე (მკგ/კგ), შემანარჩუნებელი კი — საერთო დოზის 25-35%. მაგალითისთვის, 30 კილოგრამი მასის ბავშვისთვის საერთო დოზა 0.9-0.12 მილიგრამია, რომელიც რამდენიმე მიღებაზე უნდა გადანაწილდეს.
5-იდან 10 წლამდე ასაკში საერთო დოზაა 20-35 მკგ/კგ, ხოლო შემანარჩუნებელი — საერთო დოზის 25-35%; 10 წელს ზემოთ ასაკში საერთო დოზაა 10-15 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი კი — საერთო დოზის 25-35%.
გაითვალისწინეთ, რომ თითო ტაბლეტი დიგოქსინი 0.25მგ დოზით შეიცავს მოქმედ ნივთიერებას. ასევეა დიგოქსინის ამპულაც.

წამალი დიგოქსინი სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედებს. შესაბამისად, ექიმთან ვიზიტისას მას ყველა სხვა მედიკამენტი უნდა გააცნოთ, რომლებსაც ახლა იყენებთ ან ახლო წარსულში მიგიღიათ.
ცნობილია, რომ დიგოქსინთან ერთად გამოყენებისას ბეტა-ადრენოლიზური საშუალებები და კალციუმის ანტაგონისტები ბრადიკარდიას, ანუ გულისცემის შენელებას, იწვევს.
ვენაში კალციუმისა და ისეთი საშუალებების შეყვანა, რომლებიც სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციას ამცირებს (ესენია ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი და კორტიკოსტეროიდები), გულის რიტმის დარღვევას განაპირობებს.
ამასთანავე, ორციპრენალინი, ადრენალინი, სალბუტამოლი და სხვა სიმპათომიმეტიკური ამინები სინუსური კვანძის აგზნებას იწვევს, ხოლო დიგოქსინით ნამკურნალებ პაციენტებში კი — გულის რიტმის დარღვევას.
დიგოქსინთან ერთად არ არის რეკომენდებული ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც კალციუმის ცვლაზე მოქმედებს. ესენია, მაგალითად: პარათიროიდული ჯირკვლების ჰორმონები და მათი სინთეზური ანალოგები, ასევე D ვიტამინის მაღალი დოზები.
ზოგიერთი პრეპარატი სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას იწვევს. ესენია: ქინიდინი, ამიოდარონი, პროპაფენონი, ვერაპამილი, ინდომეტაცინი და იტრაკონაზოლი.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები დიგოქსინის შეწოვას აძლიერებს. მეორე მხრივ, ამ პრეპარატის შეწოვას თრგუნავს გამანეიტრალებელი საშუალებები, მათ შორის: კოალინი, ნეომიცინი და კოლესტირამინი.
ამ პრეპარატის მიღებისას ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც ვითარდება, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დიგოქსინის გამოყენების დროს ზოგჯერ გულის რიტმი ირღვევა. შეიძლება განვითარდეს როგორც ბრადიკარდია, ასევე ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ესტრასტოლები, წინაგულების ციმციმი და თრთოლა. ცნობილია, რომ დიგოქსინის მიღებისას პაციენტებს ეკგ-ზე ცვლილებები აღენიშნებათ.
ზოგჯერ მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენებიც: გულისრევა და ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, კოლაფსი, უძილობა, მხედველობის დარღვევები (სქანტოფსია ან მხედველობის დაბინდვა), ფსიქიკური დარღვევები (მათ შორის დეპრესიული გუნება-განწყობა), კრუნჩხვები. იშვიათია კანის ალერგიული რეაქციები.
ეს სიმპტომები, შესაძლოა, დოზის გადაჭარბების შედეგიც იყოს, ამ შემთხვევაში კი ექიმს უნდა მიმართოთ.
რაც შეეხება ბავშვებს, ამ ასაკობრივ ჯგუფში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები იშვიათია მოზრდილებთან შედარებით. უფრო ხშირად ვითარდება გულის რიტმის დარღვევა და ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუკი სხვა გვერდითი მოვლენები დაგეწყოთ ან გამოვლენილი სიმპტომები ძალიან მძაფრია. იგი ამის მიზეზების დადგენას შეეცდება და გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს.
აუცილებელია, რომ დიგოქსინის მკურნალობის დაწყებამდე ექიმს თქვენი ანამნეზი დეტალურად გააცნოთ. დაწვრილებით მოუყევით მას არსებული დაავადებების შესახებ, განსაკუთრებით თუ მიოკარდიუმის ინფარქტი გაქვთ გადატანილი ანდა აღგენიშნებათ: მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, გულისა და ფილტვების ქრონიკული უკმარისობა, წინაგულების ციმციმი ან ჰიპოთირეოზი.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც სხეულის მცირე მასა ან თირკმელების უკმარისობა აქვთ, ექიმი, როგორც წესი, პრეპარატს განსხვავებული დოზით ნიშნავს.
იმ შემთხვევაში, თუკი ანტიბიოტიკებს (თუნდაც მაკროლიდებს) იღებთ, ექიმს ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ. ეს იმიტომ, რომ ასეთ დროს დიგოქსინის ბიოშეღწევადობა მატულობს, ამან კი შეიძლება გვერდითი ეფექტების გამოვლენას შეუწყოს ხელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დიგოქსინით მკურნალობისას დაუშვებელია ვენაში კალციუმის მარილების შეყვანა.
პრეპარატის მოქმედებას გააძლიერებს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაც. ამ მდგომარეობას ზოგჯერ დიარეა იწვევს. შესაბამისად, თუკი დიგოქსინის მიღების პარალელურად ფაღარათი გაქვთ, შეიძლება ამან აღნიშნული პრეპარატის ზემოქმედება გააძლიეროს.
დიგოქსინი ყურადღების კონცენტრაციაზე არ მოქმედებს. შესაბამისად, მკურნალობისას სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა დასაშვებია — თუ, რა თქმა უნდა, ამაში რომელიმე სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა არ შეგიშლით ხელს.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, მაქსიმუმ 25ºC ტემპერატურაზე. დიგოქსინის ვარგისიანობის ვადას მის შეფუთვაზე იხილავთ. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ამ დროის გასვლის შემდეგ — შესაძლოა, ამან მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე იმოქმედოს.
6 აგვ 2025