ენტეროლი და მისი მოქმედების მექანიზმი ფაღარათის მკურნალობაში
6 სექ 2024

ალბათ, ძნელად შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია ფაღარათი, ანუ დიარეა. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომია, რომელიც ერთნაირად ვლინდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
დიარეის გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ვირუსები (როტავირუსი, ნოროვირუსი, საპოვირუსი, ადენოვირესების E ჯგუფი), ასევე ბაქტერიები (ეშერიხია, შიგელა, სალმონელა, კამპილობაქტერი, იერსინია, კლოსტრიდია და სხვა) და პარაზიტები (გიარდია დუოდენალისი).
დიარეა შესაძლოა განვითარდეს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა:
განსხვავებენ მწვავე და გახანგრძლივებულ (პერსისტიულ) დიარეას. როგორც წესი მწვავე პროცესის ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს არ აღემატება, ხოლო გახანგრძლივებულად ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება 14 დღეს ან მეტხანს.
დიარეის ძირითადი სიმპტომებია ნაწლავების ხშირი მოქმედება და თხევადი განავლოვანი მასები. გართულებულ შემთხვევებში ამას შესაძლოა თან ერთვოდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: მუცლის ტკივილი, ცხელება, შებერილობა, ლორწო განავალში, სისხლი განავალში, ღებინება, დეჰიდრაცია (გაუწყლოება) და სხვა.
თუ სიმპტომების ხანგრძლივობა 2 დღეს აღემატება და მკვეთრადაა გამოხატული დეჰიდრატაციის ნიშნები (სისუსტე, თავბრუსხვევა, დაბალი არტერიული წნევა, კანის ელასტიურობის დაქვეითება და სხვა), მაღალი ცხელება (39° და მეტი), სისხლიანი ან ლორწოვანი მინარევი განავალში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
დღეს, ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია დიარეის სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრი. ერთ-ერთი მათგანია ენტეროლი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ენტეროლი ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატია, რომელიც შეიცავს სამკურნალო საფუარს, ლაქტოზას, ლევულოზას (ფრუქტოზა) და არომატიზატორს “tutti frutti”.
პრეპარატი გამოიყენება მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეის, მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტისა და გასტროენტეროკოლიტის , ანტიბიოტიკების, ქიმიოპრეპარატების, ონკოსტატიკების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ეტეროლს ასევე იყენებენ Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტის, შიდსთან ასოცირებული დიარეის, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომისა და ზონდით ხანგრძლივი კვებით გამოწვეული დიარეის სამკურნალოდ.
ენტეროლის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე. გარდა ამისა, იგი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ენტეროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
ენტეროლით მკურნალობისას იშვიათად (1 000-დან ერთ ადამიანში) აღინიშნება შებერილობა; ძალიან იშვიათად (10 000-დან ერთ ადამიანში) სისხლში საფუარების შეჭრა (ფუნგემია); ასევე არსებობს ალერგიის, ქავილის, ურტიკარიის, კანის გამონაყარის და ანგიოდემის იშვიათი შემთხვევები.
თუ შენიშნეთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ენტეროლის მიღება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ენტეროლი ინიშნება 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში. 1-10 წლამდე — 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში, ხოლო 10 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
ენტეროლის კაფსულა უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით, ხოლო პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალში ან რძეში. არ შეიძლება ენტეროლის მიღება ძალიან ცივი ან ცხელი წყლით. დაუშვებელია მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება.
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, ენტეროლის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. ასევე სიფრთხილით გამოიყენება ეს პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში.
შესაბამისად, თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, ან მკურნალ ექიმს.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება დაგავიწყდათ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაიმე სერიოზული გართულება მოსალოდნელი არ არის, ამიტომ საჭირო არ არის რაიმე სახის ღონისძიებების გატარება.
6 სექ 2024