ვალოსედი - რა უნდა ვიცოდეთ ამ დამამშვიდებელ პრეპარატზე
7 ივლ 2025

ვალოსედი კომპლექსურ თერაპიაში, შიშის, დაძაბულობის, აგზნებულობისა და სხვა ჩვენებების დროს გამოიყენება. ის სედატიური, ანუ დამამშვიდებელი ზემოქმედების მქონე პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება. შესაბამისად, მისი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული.
ამ ბლოგში უფრო დეტალურად მოგიყვებით, თუ როგორი შედგენილობა აქვს და რისთვის გამოიყენება ვალოსედის წვეთები და ვალოსედის ტაბლეტები.
ვალოსედის მშრალი ექსტრაქტი, ანუ კატაბალახას ფესურა და ფესურები, შავბალახას ბალახი, პიტნის ფოთლები, ბარამბოს ბალახი, სვიის გირჩები — ეს ვალოსედის ტაბლეტების შედგენილობის ძირითადი კომპონენტებია. დამხმარე ნივთიერებების სახით კი, ვალოსედის ტაბლეტებში შედის მაგნიუმის ფუძეკარბონატი, ტალკი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი და სხვა.
პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატში შემავალი მცენარეები ბიოლოგიურად აქტიურ ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა: ეთერზეთები, ვალეპოტრიატები, ფლავონოიდები და სხვა. პრეპარატში შემადგენელი კომპონენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ვალოსედის ანოტაციას, რადგანაც თუკი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, მისი მიღება უკუნაჩვენებია.
ასევე პრეპარატი არ უნდა მიიღონ ორსულებმა და ლაქტაციის პროცესში მყოფმა ქალებმა, რადგანაც არ არის ხელმისაწვდომი ამ დროს მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი კლინიკური მონაცემები.

ანოტაციის მიხედვით, ვალოსედი ინიშნება შაკიკის მსგავსი თავის ტკივილების, შიშის, დაძაბულობის, აგზნებულობის, ნეიროგენული არითმიების, ჰიპერტონიული დაავადებების, გულისრევის, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მაგალითად კონკრეტული ჩვენების პარალელურად თუ რამდენად არის შესაბამისობაში ეს მედიკამენტი თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუკი ვალოსედის წვეთებს იღებთ ხანგრძლივად, ყურადღებით იყავით, რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარიანობის დაქვეითება. ვალოსედის ტაბლეტების გვერდით მოვლენაშიც გაწერილია, რომ პრეპარატის გაზრდილი დოზებით და ხანგრძლივად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. ამიტომ იყავით ყურადღებით და ნებისმიერი უჩვეულო ჩვენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შეფუთვაში ვალოსედის 20 ტაბლეტია ბლისტერზე, კოლოფში კი სულ 2 ბლისტერი, ანუ ვალოსედის 40 ტაბლეტი უნდა იყოს. რაც შეეხება ვალოსედის წვეთებს 25 მლ არის ერთ ფლაკონში. პრეპარატის მწარმოებელი ქვეყანა საქართველოა.
ვალოსედის მიღების წესი უნდა შეათანხმოთ ექიმთან. ანოტაციაში კი შემდეგი ინსტრუქცია გვხვდება: მიიღეთ ვალოსედის ერთი ტაბლეტი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ. რაც შეეხება ვალოსედის წვეთებს, დოზები შემდეგნაირად არის გაწერილი: 20-25 წვეთი სამჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. აუცილებელია წვეთები განაზავოთ ¼ ჭიქა წყალში.
თუკი სხვა წამლებს იღებთ, გაითვალისწინეთ, რომ ვალოსედი ახანგრძლივებს, ასევე აძლიერებს ფსიქოტროპული, საძილე, ანტიეპილეფსიური და ნეიროლეფსიური საშუალებების მოქმედებას.
დაუშვებელია ავტოტრანსპორტის, ან სხვა საშუალებების მართვა, რაც დამატებით ყურადღებას, კონცენტრაციას, ან ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს, იმ შემთხვევაში თუ ვალოსედის წვეთების მიღების შემდეგ გაქვთ ძილიანობა, თავბრუხვევა, ან მსგავსი რეაქცია.
არ მიიღოთ ვალოსედი, თუკი ვარგისობის ვადა არის გასული, ან ვიზუალური დათვალიერების შემთხვევაში, რაიმე დაზიანება არის კოლოფზე, ან ფლაკონზე.
7 ივლ 2025