ვამლოსეტი — არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატი
8 აგვ 2025

არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პრობლემაა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. წნევის მატება მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი გართულებების განვითარების ალბათობას, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა, გულის უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლოა, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, მისი მუდმივი კონტროლი გართულებების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია.
ჰიპერტენზიის მკურნალობისას თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციები უპირატესობას ანიჭებს კომბინირებულ თერაპიას, ანუ ორი ან მეტი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერწყმას. ეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად უზრუნველყოფს არტერიული წნევის კონტროლს, ვიდრე მონოთერაპია. ასეთ კომბინირებულ მედიკამენტებს მიეკუთვნება ვამლოსეტი და კო-ვამლოსეტი, რომლებითაც ორი ან სამი აქტიური ნივთიერების წყალობით არტერიული წნევის დოზა-დამოკიდებული და სტაბილური დაქვეითება მიიღწევა.
ვამლოსეტის შედგენილობაში შედის ამლოდიპინი (კალციუმის არხების ბლოკატორი, და ვალსარტანი (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი). მათი კომბინაცია ადიტიურ ჰიპოტენზიურ ეფექტს იძლევა, რაც არტერიული წნევის დოზა-დამოკიდებულ, ეფექტიან და ხანგრძლივ დაქვეითებას იწვევს. თერაპიის ფონი სტაბილურია, არ აღინიშნება ე.წ. მოხსნის სინდრომი, ხოლო გვერდითი ეფექტების პროფილი ზოგადად კეთილსაიმედოა.
ვამლოსეტის ხელმისავწდომი დოზებია:
კო-ვამლოსეტის დოზები (ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი):
ამლოდიპინი დიჰიდროპირიდინის კლასის კალციუმის არხების ნელი ბლოკატორია, რომელიც ჰიპოტენზიური და ანტიანგინალური მოქმედებით გამოირჩევა. იგი კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადაადგილებას თრგუნავს როგორც კარდიომიოციტებში, ისე სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინი პირდაპირი მოსადუნებელი მოქმედებით ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინაღობას და, შესაბამისად, არტერიულ წნევას. თერაპიულ დოზებში იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას, რაც ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას როგორც მწოლიარე, ისე მჯდომარე მდგომარეობაში, ხოლო გულის შეკუმშვათა სიხშირე და კატექოლამინების დონე სისხლში მნიშვნელოვნად არ იცვლება.
ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი დადასტურებულია როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ პაციენტებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევის არმქონე პაციენტებში იგი თირკმლის ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებს აუმჯობესებს. ამლოდიპინი, კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების მსგავსად, არ ახდენს უარყოფით გავლენას გულის ჰემოდინამიკურ ფუნქციაზე, არც მოსვენებულ მდგომარეობაში და არც ფიზიკური დატვირთვისას. იგი არ ზემოქმედებს სინოატრიულ კვანძსა და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. უარყოფითი ინოტროპულობა ან ელექტროკარდიოგრამაზე არასასურველი ცვლილებები ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციით მიღების შემთხვევაშიც არ აღინიშნება.
ვალსარტანი ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების სელექციური ანტაგონისტია (AT₁ ტიპის), რომელიც არაცილოვანი ქიმიური ბუნებისაა. იგი არჩევითად ბლოკავს AT₁ ტიპის რეცეპტორებს, რომლებიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის მიერ გამოწვეულ ეფექტებზე, როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაცია და არტერიული წნევის ზრდა. AT₁ რეცეპტორების ბლოკირების შედეგად ანგიოტენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება, რაც, თავის მხრივ, არაბლოკირებული AT₂ რეცეპტორების სტიმულაციას იწვევს. ეს მექანიზმი, შესაძლოა, ნაწილობრივ ანაზღაურებდეს ბლოკირებულ რეცეპტორებზე მოქმედებას და შესაძლო არასასურველ ეფექტებს ამცირებდეს. ვალსარტანი არ ახდენს აგონისტურ გავლენას AT₁ რეცეპტორებზე და მათ მიმართ 20.000-ჯერ უფრო ძლიერი აფინურობით ხასიათდება, ვიდრე AT₂ რეცეპტორების მიმართ.
ვალსარტანი არ თრგუნავს აგფ-ს (ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს) და, შესაბამისად, არ ბლოკავს ბრადიკინინისა და P სუბსტანციის დეგრადაციაში მონაწილე მექანიზმებს. ამ თვისების გამო, აგფ ინჰიბიტორებთან შედარებით, ვალსარტანით მკურნალობისას მნიშვნელოვნად დაბალია მშრალი ხველის განვითარების რისკი. ვალსარტანი არ ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან ფუნქციაში მონაწილე სხვა რეცეპტორებზე ან იონურ არხებზეც. იგი პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირეს არ ცვლის, ხოლო წნევის დაქვეითება მიღებიდან 2 საათში იწყება და მაქსიმალურ შედეგს 4–6 საათში იძლევა. ჰიპოტენზიური ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. პრეპარატის განმეორებით გამოყენებისას არტერიული წნევის სტაბილური კონტროლი მიღწევადია 2–4 კვირაში და ეფექტიანობას ინარჩუნებს ხანგრძლივი თერაპიის პირობებშიც.

მასში დამატებული ჰიდროქლოროთიაზიდი თიაზიდური დიურეზულების ჯგუფს მიეკუთვნება და თირკმლის დისტალურ კლაკნილ მილაკებში მოქმედებს. მისი მოქმედების მთავარი მექანიზმია ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვა, რაც ქლორიდის იონების დამაკავშირებელ ადგილებზე კონკურენტული ინჰიბიციის გზით ხორციელდება. შედეგად იზრდება ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეცია, რასაც თან სდევს წყლის ამავე გზით გამოდევნა. ნატრიურეზისა და დიურეზის შედეგად მცირდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა (BCC), რაც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის გააქტიურებას იწვევს. შედეგად აღინიშნება პლაზმური რენინის აქტივობისა და ალდოსტერონის სეკრეციის გაზრდა, რაც კალიუმის შეწოვის დაქვეითებასა და თირკმელებით მისი გამოდევნის გაძლიერებას განაპირობებს. სწორედ ამ პროცესის ფონზე შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია, რაც თერაპიის დაგეგმვისას გათვალისწინებულია ხოლმე.
ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტი მის დიურეზულ აქტივობაზეა დამოკიდებული და გამოიყენება როგორც მონოთერაპიაში, ისე კომბინირებული პრეპარატების შედგენილობაში. იგი ეფექტიანია არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლისთვის და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას აძლიერებს, როდესაც კომბინაციაში გამოიყენება (მათ შორის ვალსარტანთან და ამლოდიპინთან).
ვამლოსეტი/კო-ვამლოსეტი პერორალურად მიიღება, კვების დროის მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ, ის დღეში ერთხელ ინიშნება. თერაპია ხშირად ვამლოსეტის ყველაზე დაბალი დოზით იწყება — 5 მგ. ამლოდიპინი / 80 მგ. ვალსარტანი — რის შემდეგაც, ექიმის რეკომენდაციით, დოზის თანდათანობითი გაზრდა ინდივიდუალური რეაგირების შესაბამისად მიმდინარეობს.
მკურნალობის პირველ ეტაპზე რეკომენდებულია ვამლოსეტის 5/80 მგ. დოზით დაწყება, ხოლო დოზის გაზრდა შესაძლებელია თერაპიის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზაა ან 5/320 მგ (ვალსარტანის მიხედვით), ან 10/160 მგ (ამლოდიპინის მიხედვით), ან 10/320 მგ ორივე კომპონენტზე მაქსიმალური დოზით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებისთვის დოზირება განსხვავდება: თირკმლების ფუნქციის დარღვევა დოზის კორექციას არ საჭიროებს, თუმცა სათანადო კლინიკური მონიტორინგი აუცილებელია; ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დარღვევის შემთხვევაში ვალსარტანის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ-ს, რის გამოც უკუნაჩვენებია ვამლოსეტის მაღალი დოზები (5/160, 5/320, 10/160 და 10/320 მგ); ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, თუმცა თერაპიის დაწყებისას სიფრთხილის გამოჩენაა სასურველი.
რაც შეეხება კო-ვამლოსეტს, რომელიც ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას მოიცავს, მისი საწყისი რეკომენდებული დოზებია 5/160/12,5 მგ ან 10/160/12,5 მგ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით, შესაძლებელია დოზის გაზრდა 10/160/25 მგ-მდე. კო-ვამლოსეტი მიიღება დღეში ერთხელ, უმჯობესია დილის საათებში. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლით.მკურნალობის დაწყებიდან სრული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მჟღავნდება, ამიტომ დოზის კორექცია რეკომენდებულია სწორედ ამ დროის შემდეგ.
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში კო-ვამლოსეტი დოზის შეუცვლელად. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამლოდიპინის შემცველი მინიმალური დოზით, როგორიცაა 5 მგ ამლოდიპინი + 160 მგ ვალსარტანი + 12.5 მგ ან 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი. ეს პაციენტთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით უფრო ფრთხილ მიდგომას უზრუნველყოფს.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზირების სქემა განსხვავდება. თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი დაზიანებისას საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის, თუმცა მძიმე ფორმის დროს (გფს ˂30 მლ/წთ/1,73მ²) პრეპარატი არაა რეკომენდებული ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო. ღვიძლის მძიმე უკმარისობისას კო-ვამლოსეტის გამოყენება უკუნაჩვენებია. მსუბუქ ან ზომიერ დარღვევათა პირობებში პრეპარატი არ გამოიყენება (ვალსარტანის დოზის შეზღუდვის გამო), ხოლო ამლოდიპინის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, საჭიროების შემთხვევაში მინიმალური დოზით.
ვამლოსეტის/კო-ვამლოსეტის გამოყენება დაუშვებელია იმ პაციენტებში, რომელთაც ვალსარტანის, ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინის ტიპის სხვა კომპონენტების ან პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ. ასევე, იგი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, ბილიარული ციროზის ან ქოლესტაზის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, თირკმლების ფუნქციის მძიმე უკმარისობის ან ჰემოდიალიზზე ყოფნისას, მძიმე ჰიპოტენზიის, კოლაფსისა და კარდიოგენული შოკის დროს.
მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციის, მძიმე აორტული სტენოზის, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ ჰემოდინამიკურად არასტაბილური მდგომარეობის, ასევე პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის შემთხვევაშიც, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. პრეპარატი არ გამოიყენება ალისკირენთან ერთად შაქრიანი დიაბეტისა ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის ფონზე (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ).
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ფუნქციური დარღვევების, სანაღვლე გზების ობსტრუქციული პათოლოგიების, თირკმლების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაზიანებებისას. ასევე: თირკმლის არტერიული სტენოზის, გულის ქრონიკული უკმარისობის (III-IV კლასი NYHA-ის მიხედვით), ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის ან მარილის დონის დამაქვეითებელი დიეტის ფონზე.
იგი ფრთხილ მიდგომას საჭიროებს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითების შემთხვევაშიც, როგორიცაა ფაღარათი ან ღებინება. განსაკუთრებული სიფრთხილეა აუცილებელი იმ პაციენტებში, ვისაც მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება აქვს ან მსგავსი რეაქცია აღენიშნათ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობისას. სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, აუცილებელია ყურადღება მიტრალური ან აორტული სტენოზის დროსაც.

ვამლოსეტის/კო-ვამლოსეტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები რამდენიმე სისტემურ დონეზე შეიძლება გამოვლინდეს. მათი სიხშირე პაციენტთა ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით განსხვავდება.
ინფექციებიდან და პარაზიტებისგან გამოწვეული დაავადებებიდან ხშირია ნაზოფარინგიტი და გრიპის მსგავსი სიმპტომები. იშვიათად შეინიშნება იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები; ნივთიერებათა ცვლისა და კვებითი პროცესების მხრივ ხშირად აღინიშნება ჰიპოკალემია, ხოლო არახშირად — ანორექსია, ჰიპერკალცემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერურიკემია და ჰიპონატრიემია.
ფსიქიკური სიმპტომებიდან იშვიათად ვლინდება შფოთვა, ნერვული სისტემის ნიშნებს შორის ხშირია თავის ტკივილი, არახშირად კი — კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა ან პოსტურალური თავბრუსხვევა, პარესთეზია და ძილიანობა; მხედველობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია არახშირი მხედველობის გაუარესება და იშვიათი დარღვევები, სმენისა და ლაბირინთული სისტემის მხრივ კი ვერტიგო და იშვიათად ხმაური ყურებში.
გულის სიმპტომებიდან არახშირად ვითარდება ტაქიკარდია და პალპიტაცია, იშვიათად კი — გონების დაკარგვა. სისხლძარღვების მხრივ გვერდითი მოვლენები მოიცავს არახშირ ორთოსტატიულ ჰიპოტენზიას და იშვიათ შემთხვევაში არტერიული წნევის მკვეთრ დაქვეითებას; სასუნთქი სისტემის მხრივ გამოვლენილია ხველა და ხორხ-ხახის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ კი — არახშირად გულისრევა, ფაღარათი, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მუცლის დისკომფორტი და ტკივილი ზედა ნაწილში.
კანზე დაფიქსირდა არახშირი ეგზანთემა, ქავილი და ჰიპერჰიდროზი; ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ აღინიშნება ართრალგია, სახსრების შესივება, ტკივილი წელის არეში, იშვიათად კუნთების სპაზმები და სხეულის საერთო სიმძიმის შეგრძნება.
თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენებიდან იშვიათად ვლინდება პოლაკიურია და პოლიურია, ხოლო სასქესო სისტემის მხრივ ერექციული დისფუნქცია; ზოგად არასპეციფიკურ დარღვევებს შორის ხშირია ასთენია, დაღლილობის მატება, სახის სიწითლე, შეშუპებები (მათ შორის პერიფერიული) და პასტოზურობა.
ეს გვერდითი მოვლენები ყოველთვის არ ვლინდება პაციენტში და მათი განვითარების ალბათობა დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე დოზასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე.
ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოთენზიური ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან (მაგალითად, აგფ-ინჰიბიტორებთან, ბარბიტურატებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნეიროლეპტიკებთან, ბეტა-ბლოკერებთან) კომბინაციისას, რაც არტერიული წნევის ზედმეტი დაცემის რისკს ზრდის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ერთდროული თერაპიის დოზირების კორექცია და ხშირად აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე ჰიდროქლოროთიაზიდის 2–3 დღით შეწყვეტა. ანალოგიურად, ზოგიერთ ნეიროტრანსმიტერზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად, მაგალითად ადრენომიმეზურებთან, ჰიდროქლოროთიაზიდი შეიძლება მათ ეფექტს ამცირებდეს.
სიფრთხილეა საჭირო ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (აასპ) ერთად მიღებისას, ვინაიდან ეს ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოთენზიური და დიურეზული მოქმედების დაქვეითებას, თირკმლის ფუნქციის გართულების რისკსა და სალიცილატების ნეიროტოქსიურობის გაზრდას იწვევს. მსგავსი სიფრთხილეა რეკომენდებული ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინაციისასაც: თიაზიდები ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტს ამცირებს და ჰიპერგლიკემიის რისკს ზრდის.
პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგალითად, ალოპურინოლი) ერთად მიღებისას, შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის გადახედვა, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი შარდმჟავას კონცენტრაციასა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირეს ზრდის. ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან კომბინაციამ შეიძლება ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობა გააძლიეროს.
სიფრთხილეა რეკომენდებული ჰიდროქლოროთიაზიდის იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ჰიპონატრიემიის რისკს ზრდის. აუცილებელია ნატრიუმის დონის რეგულარული კონტროლ. ასევე, იოდის შემცველ კონტრასტულ ნივთიერებებთან და კალციუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია სიფრთხილე (პირველ შემთხვევაში თირკმლის მწვავე უკმარისობის, ხოლო მეორეში ჰიპერკალცემიის განვითარების საფრთხის გამო).
8 აგვ 2025