აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვარიკოცელე: რა არის, იწვევს თუ არა უშვილობას და როგორ მკურნალობენ?

უკან

ვარიკოცელე: რა არის, იწვევს თუ არა უშვილობას და როგორ მკურნალობენ?

10 ივნ 2025

ვარიკოცელე და უშვილობა

 

ვარიკოცელე მდგომარეობაა, რომელსაც სათესლე ჯირკვალში ვენების ვარიკოზული გაგანიერება იწვევს. გამოვლინებით ეს ფეხებზე არსებულ ვარიკოზულ ვენებს ჰგავს, თუმცა სპეციფიკური ლოკალიზაციის გამო შეიძლება კაცებში რეპროდუქციული პრობლემები გამოიწვიოს. 

სანამ ამ დაავადების სიმპტომებს, გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებს მიმოვიხილავთ, მანამდე ყველაზე აქტუალურ კითხვას გავცეთ პასუხი:

რა კავშირშია ვარიკოცელე და უშვილობა ერთმანეთთან?

ვარიკოცელე უშვილობას ყოველთვის არ იწვევს, თუმცა ზოგჯერ კაცის ნაყოფიერებაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ვენების გაფართოებისას სათესლე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. შედეგად ამ ქსოვილებში ტემპერატურა იმატებს, ეს კი სპერმატოზოიდების — ჩასახვაში მონაწილე სასქესო უჯრედების — დაზიანებას იწვევს და მათ წარმოქმნას აფერხებს. 

ამ პრობლემის დროს შეიძლება სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის უნარი და ხარისხი შემცირდეს, თუმცა მკურნალობის (ამას უფრო დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ) შედეგად რეპროდუქციული უნარის აღდგენა შესაძლებელია — ვარიკოცელე ოპერაციის შემდეგ ხშირად იკურნება და ჩასახვის შანსებიც მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორია ვარიკოცელეს სიმპტომები? 

ეს მდგომარეობა ზოგჯერ ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ვარიკოცელეს სიმპტომი შეიძლება იყოს:

  • სიმძიმის შეგრძნება სათესლე ჯირკვლებში — ხშირად იგი დიდხნიანი დგომის შემდეგ ან დღის ბოლოს ძლიერდება;

  • ტკივილი ან დისკომფორტი — ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, მწველი ან გამჭოლი. ფიზიკური დატვირთვის დროს ან დღის ბოლოს იგი ძლიერდება, თუმცა დაწოლისას, როგორც წესი, ქრება;

  • სათესლეების არათანაბარი ზომა ან შეშუპება — ამ დროს ერთი სათესლე ჯირკვალი (ხშირად მარცხენა) შეიძლება დაწეული ან გადიდებული იყოს;

  • ვიზუალურად შესამჩნევი ვენები სათესლე პარკში — ზოგჯერ, განსაკუთრებით დგომისას, პაციენტი შეიძლება ვენების მასას გრძნობდეს, რომელსაც ზოგჯერ “ჭიების გროვას” ადარებენ;

  • სპერმის ხარისხის შემცირება — ვარიკოცელეს დროს სათესლეები ხურდება და სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ამან კი შეიძლება სპერმატოზოიდების დაზიანება და ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს. სწორედ ეს ხდება ხოლმე უნაყოფობის მიზეზი;

  • ერექციის პრობლემები — მიიჩნევა, რომ ვარიკოცელე და ერექცია ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არაა. პრობლემები, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ან ჰორმონული ზეგავლენით ჩნდება ხოლმე. ვარიკოცელე სექსის ხარისხზე ამ გზით თუ იმოქმედებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვარიკოცელე სიმპტომებით ყოველთვის სულაც არ ვლინდება. 

 

სათესლე ჯირკვლის ვარიკოცელე

როგორ ვლინდება ვარიკოცელე ბავშვებში? 

ბავშვებში ვარიკოცელე ძირითადად მოზარდობისას ვლინდება, დაახლოებით 10-15 წლის ასაკში, რადგან ამ პერიოდს სწრაფი ზრდა და ჰორმონალური ცვლილებები ახასიათებს. ეს დაავადება ჩვილებსა და პატარა ბავშვებში ძალიან იშვიათია. 

თუკი ბავშვში ვარიკოცელე პროგრესირებს, სიმპტომები უარესდება და სათესლე ჯირკვლის ზომა იცვლება, არსებობს რისკი, რომ სამომავლოდ სპერმატოზოიდების წარმოქმნა შეფერხდება. ექიმები, როგორც წესი, დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ ხოლმე, თუმცა მძიმე ან ასეთ პროგრესირებად შემთხვევებში ოპერაცია ბავშვსაც შეიძლება დასჭირდეს. 

სხვა მხრივ, როგორც ზრდასრულებში, ეს პრობლემა შეიძლება ჩივილების გარეშეც მიმდინარეობდეს. 

 

ვარიკოცელე ოპერაციის შემდეგ

რა შეიძლება იყოს ვარიკოცელეს გამომწვევი მიზეზები? 

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რა იწვევს ვარიკოცელეს, თუმცა რამდენიმე ფაქტორს მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

მიჩნეულია, რომ ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ვენების სარქვლების სისუსტეა, რაც სათესლე ჯირკვალში სისხლის დაგროვებასა და ვენების გაგანიერებას იწვევს. ვარიკოცელე ხშირად მარცხენა სათესლეში ვითარდება. ეს იმით აიხსნება, რომ ამ მხარეს ვენური სისხლი უფრო გრძელი გზით, ასევე უფრო მაღალი წნევის წინააღმდეგ უნდა წავიდეს, ეს კი გამტარობას ამცირებს. 

გარდა ამისა, ეს დაავადება ზოგჯერ თირკმლის ვენაზე ან ღრუ ვენაზე ზეწოლამაც შეიძლება გამოიწვიოს. ამ პროცესების შედეგად სისხლის გადინების პროცესი ირღვევა. საგულისხმოა ისიც, რომ ვარიკოცელეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური მიდრეკილება და სისხლძარღვოვანი სტრუქტურების სიმყიფეც. 

საბოლოო ჯამში, ვარიკოცელეს არაერთი ფაქტორი და მათი ერთობლიობა შეიძლება იწვევდეს. თავისთავად, ამას პაციენტის ინდივიდუალური ფიზიოლოგია განსაზღვრავს. 

 

ვარიკოცელე სიმპტომები

 

როგორ ხდება ვარიკოცელეს მკურნალობა? 

მკურნალობა ვარიკოცელეს ზომების, მდგომარეობის სიმძიმის, დისკომფორტისა და შვილოსნობაზე გავლენის მიხედვით განისაზღვრება. თუკი სიმპტომები მინიმალურია ანდა ვენის გაგანიერება მცირე ზომისაა, ექიმები, როგორც წესი, რაიმე სახის ჩარევისგან თავს იკავებენ და მონიტორინგს ამჯობინებენ. საშუალო და მძიმე შემთხვევებშიც კი ვარიკოცელე მკურნალობას უმეტესად მარტივად ექვემდებარება. 

ამ დროს ხშირად ქირურგიულ ჩარევას, ვარიკოცელექტომიას, მიმართავენ. ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია საკმაოდ მარტივია: პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სათესლე ჯირკვლის ტკივილი ან დისკომფორტი იჩენს თავს; 2-4 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, პაციენტებმა მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან ანდა სქესობრივი კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავონ. ოპერაციის შედეგად პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები უმსუბუქდება და ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სპერმის ხარისხიც მკვეთრად უმჯობესდება. მიუხედავად ამისა, ვარიკოცელეს რეციდივი შესაძლებელია, ამიტომ პაციენტის მეთვალყურეობაა საჭირო. 

არსებობს ნაკლებად ინვაზიური მეთოდიც, სახელად პერკუტანული ემბოლიზაცია. ამ დროს საზარდულში ან კისერში კათეტერი თავსდება; იგი დაზიანებულ ვენამდე ჩაჰყავთ და მას სპეციალური ტექნიკების გამოყენებით ახშობენ, რათა სათესლეში სისხლის დაბრუნება და დაგროვება შეაჩერონ. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მარტივი პროცედურაა, პერკუტანული ემბოლიზაცია ტრადიციულ ოპერაციასთან შედარებით ზოგჯერ ნაკლებად ეფექტიანია. 

გასათვალისწინებელია, რომ ვარიკოცელეს წამალი არ არსებობს, ანუ ამ პრობლემას კონკრეტული პრეპარატი ვერ მოაგვარებს. მედიკამენტებს, როგორც წესი, სიმპტომური მკურნალობისთვის ან სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ. მაგალითად, სათესლეების ტკივილს ტკივილგამაყუჩებლებით ებრძვიან; მეორე მხრივ, თუ ნაყოფიერების ხელშეწყობა ან უნაყოფობის პრევენციაა მიზანი, ხშირად ამისათვის სპეციალური დანამატები და ვიტამინები გამოიყენება. 

ცნობილია, რომ A ვიტამინი სპერმის უჯრედების მომწიფებას უწყობს ხელს; ასევე, დანამატი L-კარნიტინი ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რაც სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედებისკენ გადაადგილებაში ეხმარება. ვარიკოცელეს მკურნალობისას გამოყენებადი ერთ-ერთი პრეპარატია დოპელჰერც აქტივი, რომელიც, გარდა აღნიშნული ნივთიერებებისა, ნაყოფიერების ხელშემწყობ სხვა კომპონენტებსაც შეიცავს. მსგავსი სხვა პრეპარატების მოძიებას PSP-ს ვებსაიტიდან შეძლებთ. 

საბოლოო ჯამში, ვარიკოცელეს მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, პაციენტის მდგომარეობა კი აუცილებლად ექიმმა უნდა შეაფასოს. სწორი ჩარევით ეს დაავადება, როგორც წესი, განკურნებადია. 



10 ივნ 2025