აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვიზანა — პრეპარატი ენდომეტრიოზის სიმპტომებთან საბრძოლველად

უკან

ვიზანა — პრეპარატი ენდომეტრიოზის სიმპტომებთან საბრძოლველად

5 აგვ 2025

ვიზანას ტაბლეტები 2მგ

 

მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქალისთვის, ენდომეტრიოზი მეტია ვიდრე უბრალოდ რეპროდუქციული დაავადება — ეს მუდმივი, ხშირად შეუმჩნეველი პრობლემაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვან დაღს ასვამს. ეს კონდიციაა, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება, რასაც ხშირად თან ახლავს ძლიერი ტკივილი მენსტრუაციისა და სქესობრივი აქტის პროცესებში, ასევე დაღლილობა და ფერტილობასთან დაკავშირებული გართულებები.  

ენდომეტრიოზის არასწორი დიაგნოსტიკითა და მკურნალობის არასწორი მეთოდებით გამოწვეული დისკომფორტით ძალიან ბევრი ქალი იტანჯება, რაც მიგნებული პრეპარატის არსებობის მნიშვნელობას ძალიან ზრდის.

მედიცინის არსენალში ერთ-ერთი პრეპარატი ვიზანაა — მიზნობრივი ჰორმონული თერაპიის საშუალება, რომელიც ენდომეტრიოზის საფუძველში არსებულ მიზეზებს ებრძვის. პრეპარატის აქტიური ნივთირება დიენოგესტი ახშობს ესტროგენის აქტივობას: ჰორმონის, რომელიც ენდომეტრიული ქსოვილის ზრდის კატალიზატორია. ესტროგენის დონის დასტაბილურებით ვიზანა ახერხებს, დააპატარაოს ენდომეტრიოზის კერები, გაანელოს ტკივილი, შეამციროს მენსტრუალური სისხლდენა და გააუმჯობესოს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი.

სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, რომლებიც მნიშვნელოვან ჰორმონულ გვერდით მოვლენებს იწვევენ, ვიზანა ქალებს ბევრად უსაფრთხო და ხანგრძლივ გამოსავალს სთავაზობს.

როგორ მოქმედებს ვიზანა — ანოტაცია

პრეპარატი ვიზანა ზრდასრულებში ენდომეტრიოზის მკურნალობის გარდა, 12-დან  18 წლამდე ასაკის ბავშვებში მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დადგომის შემდეგაც გამოიყენება. მის დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით ლაქტოზის მონოჰიდრატს, კარტოფილის  სახამებელს, მიკროკრისტალურ  ცელულოზას,  პოვიდონ-25-ს, ტალკს, კროსპოვიდონსა და მაგნიუმის სტეარატს. 

დიენოგესტი ნორტესტოსტერონის წარმოებულია და ანტიანდროგენული აქტივობით ხასიათდება, რომელიც შეადგენს ციპროტერონის აცეტატის აქტივობის დაახლოებით ერთ მესამედს. დიენოგესტი საშოში პროგესტერონის რეცეპტორებს უკავშირდება, რის პარალელურადაც, პროგესტერონთან მხოლოდ 10% ფარდობითი თვისობა (აფინურობა) აქვს. მიუხედავად პროგესტერონის რეცეპტორებთან დაბალი აფინურობისა, დიენოგესტი in vivo მძლავრი პროგესტაგენული ეფექტით ხასიათდება.

რაც შეეხება ვიზანას ფარმაკოკინეტიკას, პერორალური მიღების შემდეგ დიენოგესტი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია ერთჯერადი პერორალური მიღებიდან დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ მიიღწევა. დიენოგესტი თითქმის მთლიანად განიცდის მეტაბოლიზმს სტეროიდების მეტაბოლიზმის ცნობილი გზებით, უპირატესად ენდოკრინოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 

დიენოგესტის კონცენტრაცია სისხლის შრატში ორ ფაზად მცირდება.  ნახევრად გამოდევნის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს დაახლოებით 9-10 საათს. დიენოგესტის 0,1 მგ/კგ დოზის შიგნით მიღების შემდეგ ის გამოიდევნება მეტაბოლიტების სახით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლების და  ნაწლავების მეშვეობით, დაახლოებით 3:1 თანაფარდობით. 

 

ვიზანას მიღება ენდომეტრიოზის სიმპტომებისას

როგორ მივიღოთ ვიზანა — ინსტრუქცია

ყოველთვის მიიღეთ ვიზანა ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ასე მინიმუმამდე შეამცირებთ არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკებს.

პირველ რიგში, ვიზანა მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მიიღოთ. რეკომენდებული დოზა დღეში ერთი ტაბლეტს შეადგენს. ტაბლეტები უნდა მიიღოთ მუდმივად, ვაგინალური სისხლდენის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ პირველი შეფუთვის დასრულების შემდეგ, შემდეგის მიღება უნდა დაიწყოს შესვენების გარეშე. პრეპარატით მკურნალობის ჯამურ დროს თქვენი ექიმი განსაზღვრავს.

ვიზანას მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, თუმცა სასურველია, პრეპარატის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, საჭიროების შემთხვევაში წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება ან სისხლდენა საშოდან. ასეთ შემთხვევაში სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. არ შეწყვიტოთ ვიზანას მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ასე მოიქცევით, ენდომეტრიოზთან დაკავშირებული პირველადი სიმპტომები შეიძლება კვლავ გაჩნდეს. 

ბავშვები და მოზარდები 12-დან 18  წლამდე მენარქეს (პირველი მენსტრუაციის) დაწყების შემდეგ მკურნალობას იწყებენ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს — დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ბავშვებში.

როგორია ვიზანას გვერდითი ეფექტები და რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ პრეპარატის გამოყენებამდე

ვიზანა ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ მის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული პირობები, რათა გართულებები თავიდან მაქსიმალურად აირიდოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიზანა, თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერებების ან პრეპარატის შედგენილობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა — ასეთ შემთხვევაში არსებობს მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი. ასევე, არ შეიძლება პრეპარატით სარგებლობა იმ პირებისთვის, ვისაც ღრმა ვენების თრომბოზი ან თრომბოფლებიტი აღენიშნება. 

აუცილებლად აცნობეთ ექიმს და დამოუკიდებლად არ დაიწყოთ ვიზანას გამოყენება, თუ წარსულში გქონიათ გულისა და არტერიების დაავადებები — გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ტრანზიტორული იშემიური შეტევა. 

მნიშვნელოვანი წითელი ხაზია ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რასაც თან ახლავს კანის გაყვითლება და ქავილი, ღვიძლის, ან სასქესო ჰორმონებზე დამოკიდებული კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე.

ორსულობის დროს ენდომეტრიოზის მკურნალობის საჭიროება არ არსებობს, ამიტომ ამ ჯგუფში შემავალმა ქალებმა ვიზანა არ უნდა მიიღონ — პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვებაც. არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე რომ დიენოგესტი დედის რძეში აღწევს. აუცილებელია, რომ უარი თქვათ ძუძუთი კვებაზე, ან თავი შეიკავოთ ვიზანას გამოყენებისგან — ეს ვითარება ექიმმა უნდა შეაფასოს.

ვიზანას გამოყენების შედეგად შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა საშოდან, მაგალითად,  საშვილოსნოს ადენომიოზის ან  მიომის მქონე ქალებში. უხვ და დროში ხანგრძლივ  სისხლდენას შეუძლია  ანემიის (ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე) გამოწვევა. ასეთ შემთხვევებში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ვიზანას მიღების პარალელურად, ეცადეთ ფიზიკურად რეგულარულად დაიტვირთოთ და იკვებოთ ჯანსაღად, მიიღოთ კალციუმი და D ვიტამინი.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ:

  • გქონდათ ან გაქვთ დეპრესია და/ან თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება; 
  • ვიზანას გამოყენების ფონზე აღინიშნება არტერიული წნევის მომატება;
  • გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან დიაგნოსტირებულ იყო შაქრიანი დიაბეტი წინა ორსულობის დროს; 
  • ოდესმე გქონიათ ქლოაზმა (ოქროსფერ-ყავისფერი ლაქები კანზე, განსაკუთრებით სახეზე);
  • არსებობს საკვერცხის ფოლიკულები (რასაც ხშირად უწოდებენ საკვერცხის ფუნქციონალურ კისტებს), რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ვიზანას მიღების დროს. 

ყველაზე ხშირად გამოვლენილ არასასურველ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება:  სისხლდენა საშოდან, თავის ტკივილი, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლების არეში, განწყობის დაქვეითება და აკნე. ასევე შეიძლება ზოგჯერ აღინიშნოს სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობის დაქვეითება, ძილის დარღვევა, შფოთვა, ლიბიდოს დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, თმის ცვენა, ზურგის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე. იშვიათია ანემია, თვალების სიმშრალე, ხმაური ყურებში, დაბალი არტერიული წნევა, ქოშინი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა, ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი.

ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა სიტუაცია უყურადღებობამ უფრო არ დაამძიმოს.

 

ვიზანა და მენსტრუაციული ტკივილი

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

ვიზანა აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ვიზანას გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.  

5 აგვ 2025