აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ზალაინი – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი

უკან

ზალაინი – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი

31 ოქტ 2025

 

სოკოვანი ინფექციები მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში როგორც კანსა და ფრჩხილებს, ისე ლორწოვანი გარსებს აზიანებს. ასეთი ინფექციები ხშირად იწვევს ესთეტიკურ თუ ფიზიკურ დისკომფორტს, ქავილსა და წვას, ხოლო მკურნალობის გარეშე შესაძლოა ქრონიკულ და რეციდივულ ფორმაში გადაიზარდოს.

თანამედროვე ფარმაკოლოგია სოკოს საწინააღმდეგო სხვადასხვა პრეპარატს გვთავაზობს, რომელთა შორის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა ზალაინი. იგი ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატია, რომელიც წარმოდგენილია როგორც კრემის, ასევე ვაგინალური სუპოზიტორიის (სანთლების) სახით. პსპ-ის აფთიაქებში ხელმისაწვდომია ზალაინი 300მგ (ვაგინალური სუპოზიტორია) და ზალაინი 20გ (კრემი ტუბში).

 

რის სამკურნალოდ იყენებენ ზალაინს? 

 

ზალაინი ეფექტიანია როგორც კანის, ასევე ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. უფრო კონკრეტულად, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

ვაგინალური სუპოზიტორია (სანთელი):

  • საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს სახეობის სოკოებით (კანდიდოზური ვულვოვაგინიტი).

კრემი:

  • ზედაპირული მიკოზები;
  • დერმატოფიტოზები;
  • წვივების, ტერფების და მტევნების სოკოვანი ინფექციები;
  • სხეულის და წვერის მიკოზი;
  • კანდიდოზი;
  • ფერადი ლიქენი;
  • სებორეული დერმატიტი.

 

როგორ მოქმედებს პრეპარატში შემავალი ნივთიერებები? 

 

ზალაინის ერთი სუპოზიტორია 300 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით პრეპარატში ასევე შედის მყარი, ნახევრად სინთეზური გლიცერიდები, მათ შორის ვიტეფსოლი და სუპოცირი. გარდა ამისა, ვაგინალური სანთელი კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდსაც (უწყლო) შეიცავს.

რაც შეეხება ზალაინის კრემს, მისი 1 გრამი 20 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებებია: ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლ პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინ იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინატი და გასუფთავებული წყალი.

სერტაკონაზოლი არის იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებული, რომელსაც სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. თერაპიულ დოზებში ის იწვევს როგორც ფუნგისტატურ, ასევე ფუნგიციდურ ეფექტს. პრეპარატი აქტიურია Candida-ს სახეობების (Candida albicans, C. tropicalis, C. spp.), სხვა პათოგენური სოკოების (Pityrosporum orbiculare, Malassezia spp.), და დერმატოფიტების (Trichophyton, Microsporum) მიმართ. იგი გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), მათ შორის Gardnerella vaginalis-ის, Enterococcus faecalis-ის, Bacteroides-ისა და Trichomonas vaginalis-ის მიმართ.

მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება სოკოს უჯრედის მემბრანის მთავარი კომპონენტის, ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვას, ასევე კონკურენტულ ანტაგონიზმს უჯრედის კედლის ერთ-ერთ კომპონენტთან, ტრიპტოფანთან. შედეგად, ირღვევა უჯრედული კედლის სტრუქტურა, იზრდება მისი განვლადობა და ხდება პათოგენური მიკროორგანიზმის დესტრუქცია.

 

 

როგორ გამოვიყენოთ ზალაინის ვაგინალური სანთლები?

 

ზალაინის სუპოზიტორია ინტრავაგინალურად, ერთჯერადად გამოიყენება.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია გარეთა სასქესო ორგანოების ნეიტრალური ან ტუტე საპონის საშუალებით კარგად დაბანა. ვაგინალური სანთელი, ზურგზე წოლით მდგომარეობაში, საშოში ღრმად უნდა შეიყვანოთ. პროცედურა საღამოს, ძილის წინ შეასრულეთ.

თუ მკურნალობის შემდეგ დაავადების კლინიკური სიმპტომები კვლავ იჩენს თავს, შვიდი დღის გასვლისას შესაძლებელია მეორე სუპოზიტორიის გამოყენება.

მკურნალობის პერიოდში, იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება თანმხლები ინფექცია (მაგალითად, კანდიდოზური ვულვიტი), დამატებით გარეთა სასქესო ორგანოებისა და პერიანალურ მიდამოში რეკომენდებულია ზალაინის კრემის გამოყენება.

 

როგორია ზალაინის მალამოს გამოყენების წესი 

 

ზალაინის კრემი კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენით, თანაბრად უნდა დაიტანოთ, ისე რომ დაახლოებით 1 სმ ჯანმრთელი კანიც მოიცავს. პრეპარატი გამოიყენება ყოველდღიურად ერთხელ ან ორჯერ დღეში, საღამოს ან დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის გამომწვევსა და ლოკალიზაციაზე დამოკიდებული. კლინიკური და ლაბორატორიული შედეგი საშუალოდ 2-4 კვირის განმავლობაში მიიღწევა. თუმცა, რეციდივის თავიდან აცილებისა და სრული გამოჯანმრთელების უზრუნველსაყოფად, მკურნალობის 4 კვირის განმავლობაში გაგრძელებაა რეკომენდებული.

 

 

პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ზალაინის სანთლისა თუ კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ამით მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების რისკს შეამცირებთ.

ზალაინის ინტრავაგინალურად გამოყენებისას ჭარბი დოზირების ალბათობა ძალზე მცირეა. პრეპარატის შემთხვევით პერორალურად მიღებისას რეკომენდებულია კუჭის გამორეცხვა და სიმპტომატური თერაპია.

კრემს, როგორც წესი, კარგად იტანენ როგორც ჯანმრთელი, ისე დაზიანებული კანის ზედაპირზე გამოყენებისას. იშვიათ შემთხვევაში პრეპარატის წასმის ადგილზე შეიძლება განვითარდეს სწრაფად შექცევადი ერითემა, რომელიც სპეციალურ ჩარევას ან მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

 

რა განსაკუთრებული მითითებები უნდა გავითვალისწინოთ ზალაინის გამოყენებისას 

 

პრეპარატის გამოყენებისას რამდენიმე განსაკუთრებული მითითების გათვალისწინება მოგიწევთ, როგორც სანთლებით, ასევე კრემით მკურნალობის შემთხვევაში.

მაგალითად, დამახასიათებელი სიმპტომების არარსებობისას, მხოლოდ საშოს ლორწოვან გარსზე Candida-ს სახეობის სოკოს აღმოჩენა ზალაინის სუპოზიტორიის გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენს.

ამასთან, კანდიდოზის დიაგნოზის დადასტურებისას მნიშვნელოვანია გამოვლინდეს და აღმოიფხვრას საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ფაქტორები, რომლებიც ინფექციის განვითარებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია: ნეიტრალური საპნის გამოყენება სასქესო ორგანოების ჰიგიენისათვის, ბამბის ქვედა საცვლის ტარება სინთეტიკურის ნაცვლად, საშოს ინტენსიური დაბანის თავიდან აცილება და სხვა შესაბამისი ზომები.

მკურნალობის პერიოდში სასურველია გარეთა სასქესო ორგანოებსა და პერიანალურ მიდამოში დამატებით დაიტანოთ სოკოს საწინააღმდეგო კრემი. ზოგ შემთხვევაში სოკოვან ინფექციებთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მკურნალობაც აუცილებელია.

პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისაგან. რეინფექციის თავიდან ასაცილებლად, ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით, საჭიროა სქესობრივი პარტნიორის პარალელური მკურნალობის განხილვაც.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის გამოყენებისას იზრდება პრეზერვატივის ან დიაფრაგმის დაზიანების (გახევის) რისკი. თუ სქესობრივი აქტის დროს გამოიყენება პრეზერვატივი, ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება სასურველია აქტის შემდეგ.

დაბოლოს, მენსტრუაციის დროს სუპოზიტორიის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება მალამოს, იგი არ უნდა გამოიყენოთ ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში. ასევე, ისეთ გარემოში, რომელიც Candida-ს ჯგუფის სოკოების გამრავლებას უწყობს ხელს. ზალაინის კრემი არ არის გამოცდილი ბავშვებში, ამიტომ პატარების სამკურნალოდ მას ნუ გამოიყენებთ. 



31 ოქტ 2025