აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

იანუმეტის ანოტაცია მარტივად: როგორია პრეპარატის მიღების წესი და რა უნდა გავითვალისწინოთ

უკან

იანუმეტის ანოტაცია მარტივად: როგორია პრეპარატის მიღების წესი და რა უნდა გავითვალისწინოთ

7 აგვ 2025

იანუმეტი ანოტაცია

 

იანუმეტი მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატია. ექიმი მას ხშირად მაშინ ნიშნავს, როცა დიეტითა და ფიზიკური აქტივობით გლუკოზის დონის კონტროლი ვერ ხერხდება. ეს წამალი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და შედეგად დიაბეტისგან გამოწვეულ გართულებებსაც გვარიდებს თავიდან, იქნება ეს ნერვული სისტემის დაზიანება, თირკმელების უკმარისობა თუ გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ეს წამალი ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. იგი პრეპარატთა II ჯგუფს განეკუთვნება და აფთიაქებიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. მისი ფასი სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით ცვალებადია.  

იანუმეტი 50მგ კონცენტრაციით შეიცავს აქტიურ ნივთიერება მეტმორფინს. მეორე აქტიური კომპონენტის, სიტაგლიპტინის, კონცენტრაცია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. იანუმეტი 50/1000 მგ, 50/850 მგ და 50/500-მილიგრამიანი დოზებით არის ხელმისაწვდომი. ექიმი გადაწყვეტს იმას, თუ რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მიზანშეწონილი.  

გაითვალისწინეთ, რომ დოზების მიხედვით, შესაძლოა, წამლის ღირებულება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, იანუმეტი 50/500 და იანუმეტი 50/850 ფასით ერთმანეთისგან განსხვავდება. 

PSP-ს სააფთიაქო ქსელში იანუმეტი თურქული და ნიდერლანდური წარმოებით არის ხელმისაწვდომი. მკურნალობის დროს მთავარი წამლის მოქმედი ნივთიერებებია, რომლებიც ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მეორე მხრივ,  იანუმეტის ფასი თურქული წარმოების შემთხვევაში ნიდერლანდური ვერსიისგან განსხვავებულია (მაგალითისთვის, იხილეთ იანუმეტი 50/850 თურქული და ნიდერლანდური წარმოებით).

მოდით, იანუმეტის ანოტაციას დეტალურად გავეცნოთ — მიმოვიხილოთ როგორც პრეპარატის ჩვენებები და უკუჩვენებები, ასევე იანუმეტის ინსტრუქცია და შესაძლო გვერდითი მოვლენებიც.

რას მკურნალობენ იანუმეტით?

ამ წამალს მე-2 ტიპის დიაბეტის დროს იყენებენ. ეს დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში ინსულინი არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება და ორგანიზმში საჭირო ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამ დროს შეიძლება ჭარბი რაოდენობით შაქარი (გლუკოზა) გამოიყოს, აღნიშნული მდგომარეობა კი ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა გულისა და თირკმელების დაავადებები, ასევე მხედველობის დაკარგვა, ამპუტაციის საჭიროება და ა. შ.

იანუმეტი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ამას კი ორი მოქმედი ნივთიერების დამსახურებით ახერხებს. ესენია მეტფორმინი და სიტაგლიპტინი. მეტფორმინი ბიგუანიდების ჯგუფის პრეპარატია, ხოლო სიტაგლიპტინი ფერმენტ DPP-4-ს თრგუნავს. ორივე ნივთიერება სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად გამოიყენება. 

შესაბამისი კვებისა და ვარჯიშის პარალელურად პრეპარატი ეფექტიანად ასრულებს ამ მიზანს. იანუმეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მონოთერაპიის სახით (ანუ მხოლოდ ეს მედიკამენტი), ასევე ინსულინთან, სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან გლიტაზონთან კომბინაციაშიც. ცხადია, ამას ექიმი წყვეტს. 

რა შეიძლება იყოს იანუმეტის უკუჩვენება?

არის შემთხვევები, როცა ამ პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი და უსაფრთხო არ არის. ამ მდგომარეობებს წამლის უკუჩვენებებს უწოდებენ. იანუმეტის უკუჩვენებაა, თუ:

  • გაქვთ ალერგია ამ მედიკამენტის რომელიმე კომპონენტზე, იქნება ეს აქტიური თუ დამხმარე ნივთიერება (დამხმარე ნივთიერებების სრულ ჩამონათვალს წამალზე თანდართულ ანოტაციაში გაეცნობით);
  • თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციები საშუალოდ ან მძიმედ გაქვთ დაქვეითებული;
  • გაქვთ 1-ელი ტიპის დიაბეტი (ეს პრეპარატი მხოლოდ მე-2 ტიპისთვისაა განკუთვნილი);
  • თქვენი დიაბეტი უკონტროლოა და შემდეგი სიმპტომები ახლავს: ძლიერი ჰიპერგლიკემია, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, რძემჟავა აციდოზი ან კეტოაციდოზი (ამ მდგომარეობას ახასიათებს მუცლის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძილიანობა და ხილის მსგავსი სუნი ამონასუნთქ ჰაერში);
  • გაწუხებთ მძიმე ინფექცია ან დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
  • დაგეგმილი გაქვთ რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტული ნივთიერებით (ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ იანუმეტის მიღება დროებით შეწყვიტოთ);
  • ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა, შოკი, ასევე სუნთქვის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • რეგულარულად ან ხანდახან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებთ (ეს რძემჟავა აციდოზის რისკს ზრდის);
  • ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

იანუმეტი 18 წლამდე ადამიანებში არ გამოიყენება, რადგან პრეპარატის უსაფრთხოება ამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოკვლეული არ არის. რეკომენდებული არაა მისი გამოყენება არც ორსულობის პერიოდში, თუმცა ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს — შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში მოსალოდნელი სარგებელი რისკებს აღემატებოდეს. ექიმს აუცილებლად შეატყობინეთ, თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ამას. 

იანუმეტი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, რადგან ასაკის მატებასთან ერთად თირკმელების ფუნქცია თანდათან სუსტდება, ეს პრეპარატი კი სწორედ ამ ორგანოებიდან გამოიყოფა. შესაძლოა, ამ დროს ექიმმა დოზა შეცვალოს ან თირკმელების ფუნქციის ხშირად შემოწმება გირჩიოთ. 

იანუმეტი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, თუკი ოდესმე გქონიათ: პანკრეატიტი, კენჭი ნაღვლის ბუშტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ანდა ტრიგლიცერიდების მომატებული დონე. ამ მდგომარეობებმა შეიძლება პანკრეასის ანთების რისკი გაზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაგიტარდეთ, იანუმეტის მიღება ჩარევამდე და მას შემდგომ უნდა შეწყვიტოთ. ეს საკითხი აუცილებლად ექიმთან დააზუსტეთ. 

 

იანუმეტი უკუჩვენება

როგორ მივიღოთ იანუმეტი — ინსტრუქცია

იანუმეტი პერორალურად, ანუ გადაყლაპვით, მიიღება. დოზირება, როგორც წესი, თითო ტაბლეტია დღეში 2-ჯერ. კუჭის გაღიზიანების საპრევენციოდ უმჯობესია, ეს წამალი ჭამის დროს მიიღოთ ჭიქა წყალთან ერთად.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, რომ ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა გააგრძელოთ და დღის განმავლობაში ნახშირწყლები თანაბრად გადაანაწილოთ.

შესაძლოა, ექიმმა ზოგჯერ წამლის დოზირება შეცვალოს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, შაქრის დონეების შესაბამისად ანდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას. ხანდაზმულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იანუმეტის დოზირება ექიმმა განსაზღვროს, რადგან თირკმლის ფუნქცია ამ დროს ხშირად გაუარესებულია. სპეციალისტი გადაწყვეტს იმასაც, თუ რამდენად ხშირად უნდა გაკონტროლდეს ეს ორგანოები. 

იმ შემთხვევაში, თუკი დათქმულ დროს წამლის მიღება დაგავიწყდათ, იგი გახსენებისთანავე დალიეთ. თუ შემდეგი დოზის მიღება მალევე გიწევთ, მაშინ გამოტოვებული დოზა არ აღადგინოთ და პრეპარატის გამოყენება ჩვეულ რეჟიმში განაგრძეთ. ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. 

თუკი იანუმეტს საჭიროზე დიდი რაოდენობით მიიღებთ, უმჯობესია, ექიმს მაშინვე დაუკავშირდეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ შემდეგი სიმპტომები დაგეწყებათ: შემცივნება, საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და პულსის შენელება. ეს სერიოზული გართულების ნიშნებია, ზედოზირებისას კი ამის რისკი იმატებს.  

გაითვალისწინეთ, რომ იანუმეტით მკურნალობის თვითნებურმა შეწყვეტამ, შესაძლოა, შაქრის დონის მატება გამოიწვიოს. უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, თუ პრეპარატის მიღებას მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეწყვეტთ. 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატმა?

იანუმეტის მიღებისას ზოგჯერ შეიძლება გვერდითმა მოვლენებმა იჩინოს თავი. ეს ყველა ადამიანში არ ხდება და განსხვავებულია თავად სიმპტომებიც გამოვლენის სიხშირეც — ზოგი გვერდითი მოვლენა შედარებით ხშირია, ზოგი კი თითქმის არავის ემართება. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიხშირეებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: 

  • ძალიან ხშირია (გავრცელებულია) სიმპტომები, რომლებიც 10 ადამიანიდან ერთზე მეტ შემთხვევაში ვლინდება; 
  • ხშირია გვერდითი ეფექტები, რომლებიც 100-იდან 1-10 შემთხვევაში ფიქსირდება; 
  • არც ისე ხშირია გამოვლენა 1000 ადამიანიდან 1-10 შემთხვევაში; 
  • იშვიათია გვერდითი ეფექტები, რომლებიც 10 000-იდან 1-10 შემთხვევაში ვლინდება;
  • ძალიან იშვიათია გამოვლენა 10 000-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში.

ზოგჯერ არსებული მონაცემების მიხედვით გვერდითი მოვლენის სიხშირე ვერ დგინდება. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, რომ გამოვლენის სიხშირე უცნობია. 

გაითვალისწინეთ, რომ იანუმეტის მიღებამ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, რა დროსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო. იანუმეტის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ საავადმყოფოს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ იგრძნობთ ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, რომელიც ზურგს გადაეცემა. შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, თუმცა აუცილებელი არაა. ეს ნიშნები შეიძლება პანკრეასის ანთებაზე მიანიშნებდეს; 
  • თუ დაგეწყებათ ჭინჭრის ციება, კანზე გაგიჩნდებათ გამონაყარი ან ბუშტუკები. ასევე, თუ გაგისივდებათ სახე, ტუჩები, ენა ან ყელი და გაგიჭირდებათ სუნთქვა/ყლაპვა. შესაძლოა, ამ დროს სერიოზულ ალერგიულ რეაქციასთან გქონდეთ საქმე; 
  • თუ თავს უცნაურად ან ძალიან სუსტად იგრძნობთ, დაგეწყებათ ძლიერი გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურისა და პულსის შემცირება, ეს შეიძლება რძემჟავა აციდოზი იყოს. ეს ძალიან სერიოზული გართულებაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

ზოგადად, იანუმეტის მიღებისას ძალიან ხშირია შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, გულისრევა, მუცლის შებერილობა და ღებინება. ხშირია: მუცლის ტკივილი და დიარეა. ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ყაბზობა და ძილიანობა. პაციენტთა ზოგიერთ ჯგუფში გავრცელებული აღმოჩნდა შემდეგი ნიშნებიც: დიარეა, გულისრევა, აირების დაგროვება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი ან ღებინება.

თუკი იანუმეტსა და სულფონილშარდოვანას ერთად მიიღებთ, ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, ხოლო ხშირია ყაბზობა. იანუმეტისა და პიოგლიტაზონის კომბინაციის დროს გავრცელებულია ხელებისა და ფეხების შეშუპება. გარდა ამისა, ამ პრეპარატის ინსულინთან ერთად მიღებისას ხშირია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, ხოლო ნაკლებად ხშირია პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.

მხოლოდ მეტფორმინის (შეგახსენებთ, რომ ეს იანუმეტის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებაა) მიღებისას ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაქვეითება. ეს სიმპტომები ხშირად მკურნალობის დასაწყისში ვლინდება და მალევე თავისით გაივლის. ამასთანავე, გავრცელებულია მეტალის გემო პირში. ძალიან იშვიათია ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება, ღვიძლის ანთება, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), კანის სიწითლე ან ქავილი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს რძემჟავა აციდოზი.

სიტაგლიპტინის შემცველი პრეპარატების, მათ შორის იანუმეტის, გამოყენებისას ხშირია: სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, ყელის ტკივილი, ასევე სახსრებისა და კიდურების ტკივილი. ნაკლებად გავრცელებულია: თავბრუსხვევა, ყაბზობა და კანის ქავილი. უცნობი სიხშირით ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ღებინება, სახსრების, კუნთების და ზურგის ტკივილი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, თირკმლის პრობლემები, კანის სისხლძარღვების ანთება და ბულოზური პემფიგოიდი (ბუშტუკები კანზე).

თუკი რომელიმე გვერდითი მოვლენა ძალიან ძლიერია ანდა ანოტაციაში მითითებული არ არის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პანკრეასის ანთებისა და რძემჟავა აციდოზის სიმპტომებს.

 

იანუმეტი ტაბლეტები

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით?

იანუმეტით მკურნალობისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ იგი სხვა წამლებთან და ნივთიერებებთან ურთიერთქმედებს. შესაძლოა, ამ პრეპარატმა იქონიოს გავლენა მათი მოქმედების მექანიზმზე ან პირიქით. სწორედ ამიტომ, რა საშუალებასაც არ უნდა იყენებდეთ — იქნება რეცეპტული/ურეცეპტო წამლები, მცენარეული პრეპარატები თუ საკვები დანამატები — აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

საჭიროების მიხედვით, შესაძლოა, ექიმმა დოზირება შეგიცვალოთ ანდა გირჩიოთ, რომ თირკმელების ფუნქცია თუ სისხლში გლუკოზის დონე უფრო ხშირად გააკონტროლოთ.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ანთებითი დაავადებების (მაგალითად, ასთმა და ართრიტი) სამკურნალოდ გამოიყენება; არ აქვს მნიშვნელობა, მათ პერორალურად იღებთ, ინჰალაციით ან ინიექციის გზით;
  • დიურეზული, ანუ შარდმდენი პრეპარატები;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID-ები), თუნდაც იბუპროფენი, ცელეკოქსიბი და ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები; ასევე COX-2 ინჰიბიტორები;
  • ანტიჰიპერტენზიული (მაღალი წნევის საწინააღმდეგო) საშუალებები, მათ შორის აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები;
  • ბეტა-სიმპატომიმეტიკები, რომლებიც ბრონქული ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება;
  • ციმეტიდინი და მსგავსი მედიკამენტები, რომლებსაც კუჭის პრობლემების დროს მიმართავენ;
  • იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები, რომლებიც საღებავის სახით ვენაში შეჰყავთ რენტგენოლოგიური კვლევისას;
  • ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები;
  • CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგალითად: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი და კლარიტრომიცინი) — ამ საშუალებებმა შეიძლება სისხლში იანუმეტის ერთ-ერთი კომპონენტის, სიტაგლიპტინის, დონეზე იმოქმედოს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას;
  • დიგოქსინი — თუკი იანუმეტისა და ამ წამლის ერთდროულად მიღება მოგიწიათ, სისხლში დიგოქსინის დონის კონტროლი დაგჭირდებათ.

თუკი რაიმე ახალი წამლის მიღებას იანუმეტით მკურნალობისას გადაწყვეტთ, ეს თქვენს მკურნალ ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ. 

პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, თავისივე შეფუთვაში. ტემპერატურა 30°C-ს არ უნდა აღემატებოდეს. იანუმეტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ უნდა გამოიყენოთ. ამ დროის გადამოწმებას მედიკამენტის შეფუთვაზე შეძლებთ. 

7 აგვ 2025