ინდომეტაცინი – პრეპარატის ჩვენებები, დოზირება და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
10 ივლ 2025

ინდომეტაცინი ბულგარეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების, სამედიცინო სანთლებისა და მალამოს სახით არის წარმოდგენილი. მედიკამენტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება და ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით ხასიათდება.
მედიკამენტის ერთი ტაბლეტი 25 მგ ინდომეტაცინს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით პრეპარატში ასევე შედის:
1 გრამ მალამოში ინდომეტაცინის რაოდენობა 100 მგ-ს უტოლდება. დამხმარე ნივთიერებების სახით ინდომეტაცინის მალამოს შედგენილობაში შედის:
რაც შეეხება სანთლებს, თითოეული სუპოზიტორია 50 მგ ინდომეტაცინს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის მყარი ცხიმი.
რისთვის გამოიყენება ინდომეტაცინი?
ინდომეტაცინ სოფარმას იყენებენ სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული ტკივილის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დაავადებების ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის. პრეპარატი ეფექტიანია რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური ართრიტის გამწვავებული ფორმების, მაანკილოზირებელი სპონდილიტის, პოდაგრული შეტევისა და პოდაგრული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტისა და რეიტერის სინდრომის მართვისთვის.
გარდა ამისა, ინდომეტაცინს ექიმები უნიშნავენ პაციენტებს სახსრების მიმდებარე რბილი ქსოვილების ანთებითი პროცესების (ტენდინიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი და სხვ.) შემთხვევაში. ის ასევე რეკომენდებულია ტრავმების შემდეგ წარმოშობილი ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, მათ შორის სპორტსმენებში.
პრეპარატი გამოიყენება რადიკულონევრიტის, პლექსიტის, დისკოპათიის და მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) დროსაც.
ინდომეტაცინის მალამო გამოიყენება ტკივილისა და შეშუპების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული პროცესებისას, მათ შორის ტრავმების შედეგად განვითარებული მდგომარეობების დროს.
მალამო ასევე ინიშნება რბილი ქსოვილების რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმებისას, როგორიცაა ტენდინიტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, ფასციისა და იოგების ანთება. მას აგრეთვე მიმართავენ ხერხემლისა და კიდურების სახსრების ართრიტის გარკვეული ფორმების დროს.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ ტაბლეტები?
ინდომეტაცინ სოფარმას ტაბლეტები ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა მიიღოთ. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა სწორედ სპეციალისტის მიერ, ინდივიდუალურად განისაზღვრება.
მოზრდილებისთვის და ბავშვებში 14 წლიდან: საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 25-50 მგ-ს (1-2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-4-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა იზრდება 150 მგ-მდე, გაყოფილი სამ მიღებად. ერთ დღე-ღამეში დასაშვებია მაქსიმუმ 200 მგ-ის მიღება. ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ-ს.
პოდაგრის მკურნალობა: მწვავე შეტევის დროს საწყის ეტაპზე ინიშნება 100 მგ, შემდეგ კი – 50 მგ დღეში სამჯერ, ტკივილის შემცირებამდე.
14 წლამდე ასაკში პრეპარატი არ გამოიყენება.
ხანდაზმულ პაციენტებში არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი, ამიტომ უპირატესობა ენიჭება მინიმალურ ეფექტიან დოზას და მკურნალობის შედარებით მოკლე კურსს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული დაკვირვება კუჭ-ნაწლავის შესაძლო გართულებებზე, მათ შორის სისხლდენაზე.
რაც შეეხება მიღების წესს, ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვების მიღების შემდეგ, წყალთან ერთად.
ინდომეტაცინის მალამოს გამოყენების წესი
ინდომეტაცინ სოფარმას მალამო მხოლოდ გარე გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
მოზრდილებსა და 15 წლის ზემოთ მოზარდებში მალამო დაზიანებულ უბანზე დღეში 3-4-ჯერ უნდა წაისვას. საჭიროა კანში მისი რბილად შეზელა. პროცედურა გრძელდება მალამოს სრულ შეწოვამდე. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია დაზიანებული ზედაპირის ფართობზე და საშუალოდ 4-5 სმ-ს შეადგენს. მალამოს გამოყენებას შორის მინიმალური ინტერვალი 6 საათი უნდა იყოს.
15 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 7-10 დღეს შეადგენს. თუ ამ პერიოდში მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, საჭიროა ექიმთან ხელახალი კონსულტაცია და მკურნალობის სტრატეგიის გადახედვა.
გაუგებრობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისას, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ და რა სიხშირით გამოვიყენოთ ინდომეტაცინის სანთლები?
ინდომეტაცინ სოფარმას სუპოზიტორიები ექიმის დანიშნულების შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. თუ რაიმეში ეჭვი შეგეპარებათ ან საჭიროებთ დამატებით განმარტებას, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტა, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, რეკომენდებული არ არის. სასურველია, პრეპარატი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიიღოთ.
მოზრდილები და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: ჩვეულებრივ ინიშნება 1 სუპოზიტორია (50 მგ) დღეში ორჯერ ან 2 ერთდროულად დღეში ერთხელ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დღიური დოზის (120-200 მგ) გადაჭარბების შემთხვევაში არასასურველი რეაქციების რისკი იმატებს.
ხანდაზმული პაციენტები: იქიდან გამომდინარე, რომ ასაკის მატებასთან ერთად გვერდითი მოვლენების ალბათობა იზრდება, ხანდაზმულებში რეკომენდებულია მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენება მაქსიმალურად მოკლე პერიოდით. გარდა ამისა, საჭიროა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლო სისხლდენაზე მონიტორინგი.
14 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ საჭირო გახდება მკურნალობის გაგრძელება, ექიმის მიერ მდგომარეობის ხელახალი შეფასებაა აუცილებელი.
რაც შეეხება გამოყენების წესს, სუპოზიტორიები რექტალურად (ანალური გზით) კეთდება.
თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატი მეტისმეტად ძლიერად მოქმედებს ან, პირიქით, სუსტად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
როგორია პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ინდომეტაცინ სოფარმას მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირად გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის სისტემას ეხება, მათ შორის შეიძლება წარმოიქმნას წყლულები, პერფორაციები და სისხლჩაქცევები, რაც უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება ამგვარად:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: არახშირად შეიძლება გამოვლინდეს ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათად აღინიშნება ასთმური შეტევები, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები: არახშირად პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალემია.
ნერვული სისტემის დარღვევები: შედარებით უფრო ხშირი გვერდითი მოვლენებია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა. არახშირად შეიძლება აღინიშნოს შფოთვა, კონცენტრაციის დაქვეითება, მგრძნობელობის პრობლემები (პარესთეზიები), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნეიროპათია, მეხსიერების დარღვევა, ფსიქიკური რეაქციები.
მხედველობის ორგანოების დარღვევები: არახშირად აღინიშნება მხედველობის დაბინდვა ან გაორება.
ყურის მხრივ და ლაბირინთული დარღვევები: ძალიან იშვიათად ვლინდება სმენის დაკარგვა და ყურის შუილი.
გულის მხრივ დარღვევები: არახშირად აღინიშნება ტაქიკარდია, სტენოკარდია, პალპიტაციები, არითმიები, შეშუპებები. ძალიან იშვიათად შეიძლება თავი იჩინოს გულის უკმარისობის გამწვავებამ, ასევე მცირე, თუმცა მაინც არსებობს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკი.
სისხლძარღვების კუთხით დარღვევები: არახშირად აღინიშნება არტერიული წნევის ცვლილება (მომატება ან შემცირება).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, დისპეფსია, შეკრულობა, მუცლის ტკივილი.
უფრო არახშირია მეტეორიზმი, სისხლიანი განავალი (მელენა), სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება.
ღვიძლისა და ნაღვლის სისტემის დარღვევები: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. ძალიან იშვიათად აღინიშნება ფულმინანტური ჰეპატიტი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: არახშირია გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პეტექიები, ეკქიმოზები. ძალიან იშვიათია მძიმედ გამოხატული კანის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და სხვ.).
თირკმლებისა და შარდგამომტანი გზების დარღვევები: არახშირად შეიძლება შეინიშნოს შარდში ცილისა და სისხლის არსებობა, ნეფროზული სინდრომი, თირკმელების ანთება ან მწვავე უკმარისობა.
ლაბორატორიული მონაცემები: შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დროებითი მომატება.
თუ რაიმე სერიოზული ან უცნობი გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
10 ივლ 2025