აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ინოფოლიკი კომბი — საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჰორმონალურ ბალანსს

უკან

ინოფოლიკი კომბი — საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჰორმონალურ ბალანსს

30 ივნ 2025

ინოფოლიკი კომბის შეძენა

ინოფოლიკი კომბი HP საკვები დანამატია, რომელიც ეფუძნება ოთხ ძირითად კომპონენტს, ესენია: მიო-ინოზიტოლი, D-ქირო-ინოზიტოლი, ალფა-ლაქტალბუმინი და ფოლიუმის მჟავა. თითოეული მათგანი ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მათი ერთობლივი მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქალის რეპროდუქციული სისტემის გაწონასწორებას, ჰორმონულ რეგულაციას და მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

 

ინოფოლიკი კომბი ხელს უწყობს ჭარბი წონის მქონე პირებში გლუკოზის სწორად დამუშავებას და ზრდის უჯრედების რეაგირებას ინსულინზე. ის აღადგენს მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო-ინოზიტოლის ბუნებრივ თანაფარდობას სისხლში და ფოლიკულურ სითხეში, რაც დადებითად მოქმედებს როგორც კვერცხუჯრედის, ისე ემბრიონის ხარისხზე. ამასთანავე, ეს საშუალება ამცირებს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის შესაძლებლობას და ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას.

 

როგორ მივიღოთ ინოფოლიკი ფორტე

რა თვისებებით გამოირჩევა ინოფოლიკი კომბის საკვები დანამატის შემადგენელი კომპონენტები?

მოდით, განვიხილოთ ინოფოლიკი კომბის თითოეული შემადგენელი ძირითადი ინგრედიენტის თვისებები.

მიო-ინოზიტოლი

მიო-ინოზიტოლი აქტიურად მონაწილეობს იმ სიგნალების გადაცემაში, რომლებიც ჰორმონების — მათ შორის ინსულინის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) და თირეოტროპული ჰორმონის (TSH) — მოქმედებას უზრუნველყოფს. როდესაც ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირდება, უჯრედების რეაქცია ამ ჰორმონებზე იცვლება და ირღვევა ფიზიოლოგიური ბალანსი.

ეს ნივთიერება აუცილებელია ცხიმებისა და გლუკოზის სწორად გადამუშავებისთვის, ასევე ის მონაწილეობს ნერვული უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებაში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი დონე ასოცირდება უკეთესი ხარისხის კვერცხუჯრედთან და ემბრიონთან. პირიქით, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS — ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადება, რომელიც თავს იჩენს რეპროდუქციული ასაკის ქალებში) მქონე ქალებში ფოლიკულური სითხე ხშირად შეიცავს მიო-ინოზიტოლის ნაკლებ რაოდენობას.

D-ქირო-ინოზიტოლი

D-ქირო-ინოზიტოლი მონაწილეობს იმ პროცესებში, რომლებიც ინსულინის ზემოქმედებით ირთვება. მას და მიო-ინოზიტოლს ორგანიზმი აწარმოებს განსაზღვრული თანაფარდობით, რომელიც თითოეული ქსოვილისთვის ინდივიდუალურია და მის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

გამოცდილებიდან ცნობილია, რომ ჯანსაღი კვერცხუჯრედები ვითარდება მხოლოდ იმ ფოლიკულებში, რომლებშიც მიო-ინოზიტოლის დონე მაღალია. მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიური თანაფარდობა სისხლის პლაზმაში, ჯანმრთელ ადამიანებში, დაახლოებით 40:1-ს შეადგენს.

პოლიკისტოზის სინდრომის, დიაბეტის ან ჭარბი წონის მქონე პირებში, ეს ბალანსი ხშირად ირღვევა, რაც მიო-ინოზიტოლისა და D-ქირო-ინოზიტოლის დანაკარგს იწვევს — შესაბამისად, ორგანიზმში მათი რაოდენობა მცირდება, მათ შორის ფოლიკულურ სითხეშიც.

ალფა-ლაქტალბუმინი

ალფა-ლაქტალბუმინი წარმოადგენს რძის შრატის ცილას, რომელიც აძლიერებს ინოზიტოლების ნაწლავური აბსორბციის პროცესს. აღმოჩენილია, რომ პოლიკისტოზის მქონე პაციენტების ნაწილში ინოზიტოლის შეწოვა შეფერხებულია, რაც შესაძლოა ნაწლავური მიკრობიოტის დარღვევასა და ქრონიკულ ანთებას უკავშირდებოდეს — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სხეულის მასის ინდექსი 25-ს აღემატება.

ამ ცილასთან ერთად მიო- და D-ქირო-ინოზიტოლის მიღება განსაზღვრული თანაფარდობით (40:1) ხელს უწყობს როგორც მეტაბოლურ და ჰორმონალურ პროცესების ნორმალიზებას, ისე ინოზიტოლების უკეთ ათვისებას და ორგანიზმში მათ ეფექტიან მოქმედებას.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, რომელიც წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის, რნმ-ისა და ცილების წარმოქმნის პროცესში. ის ასევე აუცილებელია უჯრედების გამრავლებისა და ქრომოსომების აღდგენისათვის.

ორსულობისას ფოლიუმის მჟავა დედის ქსოვილების ზრდას უწყობს ხელს. მისი დეფიციტის დროს იზრდება ჰომოცისტეინის (გოგირდის შემცველი ამინომჟავა) დონე ფოლიკულებში, რაც შესაძლოა კვერცხუჯრედის ხარისხზე უარყოფითად აისახოს. კვლევებით დადასტურდა, რომ ფოლიუმის ნაკლებობა დაკავშირებულია ნაყოფის განვითარების დარღვევებთან.

მისი დამატება დედის ორგანიზმს ფოლატების დონის აღდგენაში ეხმარება, რაც აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის ჯანსაღი განვითარებისთვის.

 

ინოფოლიკი კომბი hp

როგორია ინოფოლიკის მიღების წესები და დოზირება?

საკვები დანამატის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ სასურველია, ინოფოლიკი კომბი მიღებულ იქნას დღეში ორჯერ, თითო კაფსული ყოველი მიღებისას. იდეალურ შემთხვევაში, მიღებებს შორის 12-საათიანი შუალედი უნდა იყოს დაცული.

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ საკვებ დანამატს?

რაც შეეხება უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს, ინოფოლიკი კომბის ანოტაციაში მათ შესახებ ინფორმაციას ვერ ვხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საკვები დანამატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ინოფოლიკის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ საკვები დანამატები ვერ ასრულებს სრულფასოვანი და დაბალანსებული დიეტის ფუნქციას, ამიტომ, მისი ჩანაცვლების მიზნით, ინოფოლიკი კომბის გამოყენება დაუშვებელია.

30 ივნ 2025

პროდუქცია