ინფარქტი — ყველაფერი, რაც ამ მდგომარეობაზე უნდა ვიცოდეთ
10 ივნ 2025

მიოკარდიუმის ინფარქტი, იგივე გულის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და საშიში გამოვლინებაა. ის გულის კუნთის დაზიანებას, კერძოდ კი ლოკალურ, შემოფარგლულ იშემიურ ნეკროზს გულისხმობს და მაშინ ვითარდება, როცა ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილებასა და მის მიწოდებას შორის მწვავე დისბალანსი იქმნება.
ინფარქტის განვითარება ცხოვრების სტილთან მჭიდრო კავშირშია. ის ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პასიური ცხოვრების სტილი, მაღალკალორიული, ქოლესტერინით მდიდარი საკვები და მუდმივი სტრესი ფართოდ არის გავრცელებული. ინფარქტი ყველაზე ხშირად 48-50 წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა უკანასკნელ წლებში ამ დიაგნოზს უფრო ახალგაზრდებსაც უსვამენ, რაც გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად არაჯანსაღი ჩვევების მასობრივ გავრცელებას უკავშირდება.
ინფარქტი გულის დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ინფარქტის განმარტება გულისხმობს გულის კუნთის — მიოკარდიუმის — გარკვეული უბნის მკვეთრ დაზიანებას, რაც ჟანგბადის მიწოდების ხანგრძლივი შეფერხებითაა გამოწვეული. ტერმინიც ასე იშიფრება: “მიო” კუნთი, “კარდიო” გული და “ინფარქტი” — ქსოვილის განადგურება ჟანგბადის დეფიციტის გამო.
ინფარქტი მას შემდეგ ვითარდება, რაც გულის კუნთის მკვებავი კორონალური (გვირგვინოვანი) არტერია ან მისი რომელიმე ტოტი, თრომბით (სისხლის კოლტით) ან ძლიერი სპაზმით იბლოკება. შედეგად, ამ უბანში სისხლის მიმოქცევა სრულად ან ნაწილობრივ წყდება და ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. თუ ნახევარი საათის განმავლობაში სიტუაცია არ გამოსწორდა, დაზიანება შეუქცევადი ხდება და ნეკროზი იწყება, ანუ გულის კუნთის უჯრედების სიკვდილი.
დაზიანებული უბნის ზომას პაციენტის მდგომარეობასა და საბოლოო პროგნოზზე გავლენა აქვს. თუ მსხვილი არტერიაა დაბლოკილი, ინფარქტული კერაც უფრო ფართოა. საპირისპირო შემთხვევაში რისკი შედარებით ნაკლებია. გულის კუნთის ფუნქციური მოშლა დამოკიდებულია არა მხოლოდ დაზიანების სიდიდეზე, არამედ მის ადგილმდებარეობაზე, რადგან ზოგ უბანში დაზიანება განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს.
მიოკარდიუმის ინფარქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ათეროსკლეროზია, რა დროსაც არტერიების შიგნით ქოლესტერინის ფენები გროვდება და მათ სანათურს ავიწროებს. სხვა რისკფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა (წნევა ინფარქტის წინ ხშირად მაღლა იწევს), სიმსუქნე, უმოძრაობა, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, სტრესი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და გენეტიკური მიდრეკილება.
ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარად ვლინდება. ინფარქტის ნიშნები კაცებში ხშირად მოიცავს გულმკერდის არეში ძლიერ ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ხელს, ზურგს ან ყელს გადაეცემა. გულის ინფარქტის ნიშნები ქალებში ხშირად ატიპიურია — გულმკერდის ტკივილმა, შესაძლოა, საერთოდ არ იჩინოს თავი, მაგრამ დისკომფორტი გამოვლინდეს მარცხენა მხარში, ქვედა ყბაში, კისერში ან ზურგში.

ინფარქტის ნიშნები მრავალფეროვანი და ხშირად განსხვავებული სიმწვავისაა. ეს დამოკიდებულია როგორც პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ინფარქტის ფორმასა და მისი მიმდინარეობის თავისებურებებზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე ტიპური და გავრცელებული სიმპტომია ძლიერი, წვის მსგავსი ტკივილი გულმკერდის არეში. როგორც წესი, ის ლოკალიზებულია მკერდის ძვლის უკან ან მარცხენა მხარეს, თუმცა ხშირად სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება: მარცხენა ბეჭზე, მარცხენა ან ზოგჯერ მარჯვენა ზედა კიდურზე, ზურგზე, კისერსა და ქვედა ყბაზე. ეს ტკივილი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით გამოირჩევა, მას სტანდარტული ტკივილგამაყუჩებელი ვერ აყუჩებს და თან ახლავს ძლიერი შფოთვა და სიკვდილის შიშიც.
ყველა შემთხვევა ერთნაირად მაინც არ მიმდინარეობს. ინფარქტის სახეები ასეთია: არსებობს ინფარქტის ატიპიური ფორმებიც, რომელთა ამოცნობა განსაკუთრებით ძნელია და ხშირად პაციენტიცა და სამედიცინო პერსონალიც სხვა დაავადებებს ეჭვობენ. ერთ-ერთი ასეთია აბდომინური ფორმა, რომლის დროსაც ტკივილი გულმკერდის ნაცვლად მუცლის ზედა ნაწილში იგრძნობა. ამ ფორმის ინფარქტის დროს ავადმყოფი უჩივის გულისრევას, ღებინებას, სლოკინსა და შებერილობას, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებს ჰგავს.
კიდევ ერთი ვარიანტია ასთმური ფორმა, რომელიც ძირითადად ასაკოვან პაციენტებში გვხვდება. ამ დროს ძლიერი ქოშინი და სუნთქვის გაძნელებაა გამოხატული, რაც გულსისხლძარღვთა უკმარისობაზე მიანიშნებს. განსხვავებით სხვა ფორმებისგან, ცერებრული ფორმის დროს დაავადება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გონების არევით ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომებით, რაც ინფარქტის ნაცვლად ინსულტზე აჩენს ეჭვს და დიაგნოსტიკას ართულებს.
უმტკივნეულო ინფარქტის ამოსაცნობად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ასეთი ფორმა უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი მათ შორის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამ პაციენტებში გულის ქსოვილის მგრძნობელობა დაქვეითებულია, რის გამოც ტკივილი, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს ან მხოლოდ სუსტად გამოიხატოს.
ინფარქტის სიმპტომები შეიძლება ეტაპობრივად გაძლიერდეს. მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის ელვისებურად არ იწყება. ხშირად მას წინ უძღვის პროდრომული, ანუ ინფარქტისწინა პერიოდი, რომლის დროსაც გულის მკვებავ არტერიებში სისხლის მიმოქცევა თანდათან უარესდება, თუმცა მიოკარდიუმის დაზიანება ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამ ეტაპზე სწორი სამედიცინო ჩარევა ინფარქტის თავიდან აცილების შანსს იძლევა.
პროდრომულ ფაზაში ინფარქტის წინა ნიშნები მოიცავს სტენოკარდიული ტკივილის გახშირებასა და გაძლიერებას (სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი მჭიდრო კავშირშია). თავდაპირველად ის, შესაძლოა, პერიოდულად ჩნდებოდეს (ფიზიკური დატვირთვისას) და სწრაფად ქრებოდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში უარესდება.
არსებობს ე.წ. ტვინის ინფარქტი, რომელიც ინსულტის მნიშვნელობით იყენებენ. იგი მაშინ ვითარდება, როცა თავის ტვინის გარკვეული უბანი სისხლით ვერ მარაგდება და უჯრედების დაზიანებას იწვევს. ყველაზე გავრცელებული ფორმაა იშემიური ინფარქტი, რომელიც სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული. მისი სიმპტომებია მოულოდნელი სისუსტე, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა და კოორდინაციის დაკარგვა. დროული მკურნალობა გადამწყვეტია, რადგან ასე გამოჯანმრთელების შანსები იმატებს.
პატარა, თითქოს შეუმჩნეველი ცვლილებებიც მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეიძლება მიკრო ინფარქტი იყოს, რომელიც ტვინის მცირე უბნებს აზიანებს. მიკრო ინფარქტის ნიშნები ასეთია: მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების გაუარესება ან ხანმოკლე სისუსტე. ასეთი შემთხვევები თავის ტვინის ინფარქტის რისკს ზრდის, ამიტომ დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია.

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას გულის კუნთის ის ნაწილი კვდება, რომლის სისხლმომარაგებაც გარკვეული დროის განმავლობაში შეწყვეტილია. დაზიანებული უჯრედები თავდაპირველად რბილი და ფაფისმაგვარია, ხოლო მათ გარშემო იშემიური ზონები წარმოიქმნება. სწორედ ეს ნაწილია განსაკუთრებით სუსტი, რის გამოც ფიზიკური დატვირთვა კატეგორიულად აკრძალულია, რათა დაზიანების ზონა არ გაიზარდოს.
ინფარქტის კლინიკური მიმდინარეობის ოთხი სტადია არსებობს:
ამ სტადიაში ხშირია ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, ცივი ოფლი, თავბრუხვევა, ჰაერის უკმარისობა და ძლიერი შფოთვა. ზოგჯერ ტკივილი მხოლოდ მარცხენა მხრის ან ყურის მიდამოში იგრძნობა. ამასთან, შემთხვევების მცირე ნაწილში (დაახლოებით 3%) ტკივილი კონცენტრირებულია ეპიგასტრიუმში, რასაც თან სდევს გულისრევა და ღებინება.
უმწვავესი სტადიის განმავლობაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, ტკივილის შემცირება (ნიტროგლიცერინის მიცემა ან ტკივილგამაყუჩებლები), ფიზიკური მოსვენება და რეანიმობილით სტაციონარში გადაყვანა.
თრომბოემბოლიური გართულებების გამომწვევი მიზეზებია: სისხლის შედედების მომატება, ათეროსკლეროზული დაზიანებები, ინფარქტის უბანში თრომბების არსებობა და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი. მათ თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული გააქტიურება და ანტიკოაგულაციური თერაპია.
ზოგჯერ პაციენტს ინფარქტისთვის დამახასიათებელი კლინიკა აქვს, მაგრამ პირველ 72 საათში ეკგ-ზე ცვლილებები არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში სისხლში ტროპონინის დონის განსაზღვრაა აუცილებელი. ნორმალური მაჩვენებელი 0.4-ზე ნაკლებია. მარკერის მომატება მკურნალობის დაწყების საჭიროებაზე მიუთითებს, რათა განმეორებითი ინფარქტის რისკი შემცირდეს.

მიოკარდიუმის ინფარქტი არის გადაუდებელი მდგომარეობა, რომლის დროსაც ყოველი დაკარგული წუთი პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ინფარქტის ეჭვი ჩნდება, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია უზრუნველყოთ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ინფარქტის დროს. პირველ რიგში, საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, მყისიერი რეაგირება და სწრაფი დიაგნოსტიკა, რომელიც პაციენტის ჩივილებს, ანამნეზსა და სპეციალურ გამოკვლევებს ითვალისწინებს.
ინფარქტის მკურნალობა კომპლექსურ სამედიცინო ჩარევას მოიცავს, რომლის მიზანიც გულის კუნთის სისხლმომარაგების აღდგენა, იშემიის შემცირება და გართულებების თავიდან აცილებაა. მედიკამენტოზური თერაპია ხშირად ანტიაგრეგაციული და ანტიკოაგულანტური პრეპარატებით იწყება, რომლებიც თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს. ასევე ანტიიშემიური და ანტიანგინალური საშუალებებით, რომლებიც გულის დატვირთვას ამსუბუქებს და პაციენტის მდგომარეობას აუმჯობესებს.
აუცილებელია, ინფარქტის მქონე პაციენტისთვის შეიქმნას სიმშვიდის და სტაბილურობის გარემო, რადგან სტრესი და შფოთვა მდგომარეობას ართულებს. მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია კორონაროგრაფია, ანუ პროცედურა, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების მდგომარეობას აფასებს და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ინტერვენციული ჩარევა ადგილზე განახორციელონ. ასეთი ჩარევა ინფარქტდამოკიდებული სისხლძარღვის გახსნას სტენტირების ან ბალონირების გზით გულისხმობს, ხოლო რთულ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია, კერძოდ.აორტო-კორონალური შუნტირება.
მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის ძირეული შეცვლა. მკურნალობა კლინიკიდან გაწერით არ სრულდება, ის სახლშიც გრძელდება და მუდმივ მეთვალყურეობას, მედიკამენტების რეგულარულად მიღებასა და ჯანმრთელი ჩვევების ჩამოყალიბებას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვებას: ინფარქტის შემდგომი დიეტა უნდა იყოს დაბალკალორიული (1000-1500 კკალ დღეში), ადვილად ასათვისებელი და, რაც მთავარია, ქოლესტერინისა და ცხოველური ცხიმების გარეშე.
საკვები მიიღება მცირე ულუფებით, დღეში 5-6-ჯერ. პირველ დღეებში რეკომენდებულია მაწონი, ხაჭო, ორცხობილა, ქლიავის ჩირი, მინერალური წყალი და მცენარეული ზეთი. ეტაპობრივად რაციონი ფართოვდება, თუმცა პაციენტმა ქოლესტერინით მდიდარი საკვები მაინც უნდა შეიზღუდოს. მარილის დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 გრამს, ხოლო სითხის — 1-1.5 ლიტრს (ეს დამოკიდებულია ისეთ თანმხლებ მდგომარეობებზე, როგორიცაა ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა). ამასთან, ინფარქტის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. რეკომენდებულია ალკოჰოლისგან თავშეკავებაც.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მოწევაზე უარის თქმა, ქოლესტერინის დონის შემცირება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სტრესისგან თავის დაცვა და ქრონიკული დაავადებების მართვა ინფარქტის განვითარების რისკს ამცირებს.
10 ივნ 2025