ინფლუციდი-A — ჰომეოპათიური საშუალება მწვავე ვირუსული ინფექციების დროს
7 ივლ 2025

ინფლუციდი-ა (Influcid-A) წარმოადგენს ჰომეოპათიურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება მწვავე ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ის ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და შედგება რამდენიმე ბუნებრივი კომპონენტისგან, რომელმაც, ჰომეოპათიური პრინციპების თანახმად, უნდა გაააქტიუროს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმები და ხელი შეუწყოს თვითგანკურნების პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლუციდი განსხვავდება ტრადიციული ფარმაკოლოგიური პრეპარატებისგან თავისი მოქმედების მექანიზმით, ის დღეს ვირუსული დაავადებების სეზონური გავრცელების პერიოდში ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე — დამხმარე თერაპიის სახით. პრეპარატი არ მოქმედებს კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავს, იმუნური სისტემის აქტივაციის გზით, ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციების გაძლიერებას.
ინფლუციდი-ა ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და მისი ფასი დაახლოებით 28 ლარს შეადგენს.
პრეპარატ ინფლუციდი-ა-ს ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორად შერჩეულ დოზაზე, რაც განსაზღვრულია მის ანოტაციაში. დოზირება განსხვავებულია პაციენტის ასაკის, მდგომარეობის სიმძიმისა და მიზნის — მკურნალობა თუ პრევენცია — მიხედვით.
მოზრდილებში, მწვავე ინფექციების დროს (როგორიცაა გრიპისმაგვარი მდგომარეობა), რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება ყოველ ერთ საათში, თუმცა არა უმეტეს 12 ტაბლეტისა დღეში. როდესაც მდგომარეობა გაუმჯობესდება, დოზა მცირდება დღეში სამჯერ 1-2 ტაბლეტამდე. იმუნიტეტის გაძლიერებისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის მიზნით, ასევე რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მიღება დღეში სამჯერ.
ბავშვებისთვის დოზირება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება.
1-დან 11 წლამდე ბავშვებში მწვავე მდგომარეობისას ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, მაქსიმუმ 8 ტაბლეტამდე დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, დოზა მცირდება დღეში სამჯერ 1 ტაბლეტამდე.
12 წელზე უფროსი ბავშვებისთვის დოზირება უკვე მოზრდილების ანალოგიური ხდება — 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში (მაქსიმუმ 12 ტაბლეტი), შემდგომში — 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში.
ინსტრუქციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ტაბლეტი ნელა უნდა გაიხსნას პირში, რაც უზრუნველყოფს მისი შემადგენელი ნივთიერებების უკეთ შეწოვას. პატარებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის გახსნა მცირე ოდენობით წყალში.
მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ინტერვალი კვებასა და პრეპარატის გამოყენებას შორის — მიღება მიზანშეწონილია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან კვებიდან ერთი საათის შემდეგ.

ინფლუციდის ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია მის შემადგენელ კომპონენტებზე.
ამასთან, ინფლუციდის მოხმარება არ არის დაშვებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა და ხორბლის სახამებელი, რაც უნდა გაითვალისწინონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია. ხორბლის სახამებლის არსებობა შეიძლება პრობლემად იქცეს ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებისთვის, თუმცა ცელიაკიის (ავტოიმუნური სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ადამიანი იღებს გლუტენს შემცველ პროდუქტებს, მაგალითად, ხორბალს, ქერს ან სხვა მარცვლეულს) შემთხვევაში პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ, რადგან მასში გლუტენი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ტემპერატურის ცვლილებებს და ზოგად მდგომარეობას. თუ ტემპერატურა არ მცირდება ან მატულობს 39°C-მდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინფლუციდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის თანხმობის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ინფლუციდი ურეცეპტოდ გაიცემა, გარკვეულ სიტუაციებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ინფლუციდის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორც წესი, ინფლუციდს ორგანიზმი კარგად იღებს და, მისი რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა ძალიან დაბალია. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს არასასურველი რეაქციები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ან უცნობი სიხშირით, შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, როგორებიც არის გამონაყარი კანზე, ასევე გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა დისკომფორტი. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის გავლა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღებისას ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს არსებული ჩივილების დროებითი გაუარესება. ასეთ შემთხვევაშიც მიზანშეწონილია პრეპარატის მოხმარების დროებით შეწყვეტა და სპეციალისტთან დაკავშირება.
რაც შეეხება ჭარბ დოზირებას — ამასთან დაკავშირებით კლინიკურად დადასტურებული მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა რეკომენდებული დოზების გადაჭარბება მაინც არასასურველია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში.
7 ივლ 2025