იომოგი – ბუნებრივი პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის
30 ივნ 2025

იომოგი გერმანიაში წარმოებული ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელიც კაფსულების ფორმით არის წარმოდგენილი. მას ეტიოპათოგენეზური ანტიმიკრობული და ანტიდიარეული მოქმედება ახასიათებს. ერთი კაფსული შეიცავს Saccharomyces boulardii-ს (ასევე, ცნობილი როგორც Saccharomyces cerevisiae HANSEN CBS 5926) წარმომავლობის 250 მგ მშრალ საფუარს, რაც 2.5 მილიარდ სიცოცხლისუნარიან უჯრედს შეესაბამება.
იომოგი PSP-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. აფთიაქების ქსელში პრეპარატის 10-კაფსულიანი შეფუთვაა ხელმისაწვდომი.
პრეპარატი იომოგი გამოიყენება როგორც მწვავე ინფექციური დიარეის შემთხვევაში (განსაკუთრებით, თუ იგი გამოწვეულია ბაქტერიებით ან ვირუსებით), ასევე ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. იგი ეფექტიანია Clostridium difficile-ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტისა და მისი რეციდივების დროსაც – როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობისთვის.
გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მართვაში და აკნეს საწინააღმდეგოდაც.
როგორც აღვნიშნეთ, იომოგი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელიც მოქმედებს როგორც ანტიდიარეული და ანტიმიკრობული საშუალება. მისი მთავარი მოქმედი კომპონენტი – Saccharomyces boulardii – კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბიოლოგიურ დაცვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას. ის წარმოქმნის რძემჟავას, რაც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას. Saccharomyces boulardii ამცირებს ისეთი ბაქტერიების და სოკოების მოქმედებას, როგორიცაა Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Candida albicans, E. coli, Shigella dysenteriae და სხვა. ასევე ავლენს ანტიტოქსიკურ და ანტისეკრეტორულ ეფექტს, შლის ტოქსინებს და ნაწლავის უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
პრეპარატი აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნურ დაცვას, ზრდის იმუნოგლობულინ A-ს (IgA) და სხვა იმუნოგლობულინების სინთეზს, აღადგენს წვრილი ნაწლავის ფერმენტულ აქტივობას და ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. Saccharomyces boulardii მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ, რაც მისი ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, უსაფრთხოდ მიღების საშუალებას იძლევა. ის არ აღწევს სისხლის მიმოქცევაში და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღეში ბუნებრივად გამოიდევნება.

იომოგის მიღების წესი მარტივია და მისი დოზირება კონკრეტულ საჭიროებაზეა დამოკიდებული:
ნებისმიერ შემთხვევაში, იომოგის კაფსულები მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან, დაახლოებით ერთი ჭიქა წყალთან ერთად. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დიარეის შემსუბუქების შემდეგაც რამდენიმე დღით, რათა კუჭნაწლავური ბალანსი საბოლოოდ აღდგეს.

ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა იომოგის გამოყენებას თან ახლდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ქავილი და ურტიკარია – იგივე ჭინჭრის ციება, ალერგიული დაავადება, რომლის დროსაც კანზე ნასუსხის მსგავსი გამონაყარი ჩნდება.
მისი მიღების შემდეგ ასევე შეიძლება გამოვლინდეს კანის ანთებითი ცვლილებები ან ალერგიული რეაქცია კვინკეს შეშუპების ფორმით. ეს უკანასკნელი ანგიოედემას სახელითაც არის ცნობილი და წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას სხვადასხვა სახის ალერგენის, ან/და ორგანიზმში მიმდინარე სხვა დაავადების მიმართ.
იმისათვის, რომ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი შემცირდეს, გაითვალისწინეთ – პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც საფუვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.
მკურნალობის პერიოდში, თუ საჭირო ხდება განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება, აუცილებელია ლაბორატორიის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces boulardii-ს შემცველ პრეპარატს. ეს ნაბიჯი ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად არის მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ურთიერთქმედებას სხვა მედიკამენტებთან, იომოგის ანტიმიკოზურ საშუალებებთან ერთდროული მიღება პრეპარატის ეფექტიანობას ამცირებს. მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას კი, არტერიული წნევის მატებაა მოსალოდნელი.
30 ივნ 2025