აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კვამატელი - პრეპარატი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს

უკან

კვამატელი - პრეპარატი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს

7 ივლ 2025

კვამატელი 20მგ მედიკამენტი

გულძმარვა, კუჭის წვა, ტკივილი - მაშინ, როდესაც ეს სიმპტომები გამოწვეულია კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით, შესაძლოა თქვენმა მკურნალმა ექიმმა პრეპარატი კვამატელი დაგინიშნოთ. მედიკამენტის საერთაშორისო დასახელება ფამოტიდინია და ის სააფთიაქო ქსელებში გვხვდება როგორც აბების სახით: კვამატელი 20, კვამატელი 40 მგ, ასევე კვამატელი ამპულა / კვამატელი საინექციო, ფხვნილის სახით, საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად. პრეპარატის მწარმოებელი ქვეყანა უნგრეთია.

კვამატელის ანოტაცია - როდისაა ნაჩვენები მედიკამენტის მიღება

ფამოტიდინი არა მხოლოდ მედიკამენტის საერთაშორისო დასახელებაა, არამედ შემადგენელი ნივთიერებაც. კვამატელის ტაბლეტი შეიცავს 20 მგ, ან 40 მგ ფამოტიდინს, ხოლო ერთ ფლაკონში შედის 20მგ ფამოტიდინის ლიოფილიზირებული ფხვნილი, გამხსნელის სახით კი, 5მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 0.9%. 

თუკი გაწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული ეზოფაგიტი, რაც გამოწვეულია კუჭის სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებით, რეფლუქს ეზოფაგიტი, ან კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, გაქვთ ზოლინგერ ელისონის სინდრომი, ან გსურთ კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკა (თავის დაცვა კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში მოხვედრისგან) ზოგადი ანესთეზიის დროს - სწორედ ამ მდგომარეობების დროს არის ნაჩვენები კვამატელის მიღება. 

კვამატელი ორგანიზმში თავის ფუნქციას ასრულებს ფამოტიდინის დახმარებით. სწორედ ეს ნივთიერება თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციას.

თუკი მედიკამენტს ტაბლეტის სახით მიიღებთ პერორალურად, ანუ პირის ღრუს საშუალებით, მისი მოქმედება დაიწყება ერთი საათის შემდეგ და გაგრძელდება ათი, თორმეტი საათის განმავლობაში. ხოლო თუ კვამატელი ვენაში ინიექციის სახით მიიღეთ, მისი მოქმედება დაიწყება ოცდაათი წუთის განმავლობაში. ტაბლეტის შემთხვევაში პრეპარატის 30-35% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად, ინიექციის შემთხვევაში 65-70% გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად უცვლელი სახით.

 

კვამატელი გულძმარვის დროს

როგორია ამ მედიკამენტის მიღების წესი 

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიიღოთ არა თვითნებურად, არამედ ექიმის დანიშნულების მიხედვით. აქ გაგაცნობთ კვამატელის მიღების წესს, ანოტაციის მიხედვით. 

კვამატელის მიღების წესი და დოზები დამოკიდებულია იმაზე, თუ რის სამკურნალოდ გესაჭიროებათ ეს მედიკამენტი. მაგალითად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში, შესაძლოა კვამატელის 20მგ ტაბლეტი ექიმმა დაგინიშნოთ ორჯერ დღე-ღამეში, ხოლო კვამატელის 40მგ ტაბლეტი - ერთჯერ, ძილის წინ. მკურნალობის კურსი კი შესაძლოა გაგრძელდეს 4-8 კვირა, აუცილებელია ეს ნაწილიც ექიმთან შეათანახმოთ. ასევე, გაითვალისწინეთ:

  • თუკი კვამატელს იღებთ წყლულის რეციდივის პროფილაქტიკისთვის, შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ 20მგ-იანი ტაბლეტი ერთჯერ, ძილის წინ.
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. 
  • თუ გაწუხებთ კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსი, ანოტაციის მიხედვით შეგიძლიათ მიიღოთ კვამატელი 20მგ-იანი დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, 6 კვირის განმავლობაში. 
  • საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების, ეზოფაგიტის დროს, 20, ან 40მგ-იანი ტაბლეტი დღეში ორჯერ, შესაძლოა მკურნალობის კურსი გაგრძელდეს 12 კვირის განმავლობაში. 
  • ხოლო თუ მედიკამენტს იღებთ ზოგადი ანესთეზიის დროს კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკისთვის, რეკომენდებულია მიიღოთ 40მგ, ოპერაციის წინა საღამოს და ასევე დილით, ოპერაციამდე. 

რაც შეეხება კვამატელს ინიექციის სახით, ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი ამ ფორმით მხოლოდ მძიმე შემთხვევაში გამოიყენება, ან მაშინ, როდესაც ტაბლეტის მიღება შეუძლებელია. 

განსაკუთრებული მითითებები და გვერდითი მოვლენები - რა უნდა გაითვალისწინოთ

პაციენტებს, რომელთაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აქვთ, კვამატელი სიფრთხილით ენიშნებათ. საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დოზის შესაბამისი კორექცია. ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე ქსოვილის მიკროსკოპული ანალიზი, იგივე ჰისტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. ამ ხერხით გამოირიცხება ავთვისებიანი პროცესი ორგანიზმში და არ მოხდება დიაგნოსტიკის გაძნელება, ან სიმპტომატიკის შენიღბვა. 

კვამატელის ჭარბი დოზირებით მიღების შემთხვევაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, ექიმის მეთვალყურეობით.

არ მიიღოთ კვამატელი ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის, ან სხვა ჰისტამინური H-2 რეცეპტორების ბლოკატორების მიმართ. კვამატელის მიღება უკუნაჩვენებია ბავშვებისთვისაც. 

თუკი მიიღეთ კვამატელი და გრძნობთ დაღლილობას, თავის ტკივილს, არითმიას, ყაბზობას, დაგეწყოთ დიარეა, ქავილი, გულისრევა, პირის სიმშრალე, კუნთების და სახსრების ტკივილი, ალერგიული რეაქციები, ან სხვა უჩვეულოდ საყურადღებო ჩვენებები, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგანაც სწორედ ეს არის პრეპარატის გვერდითი მოვლენების არასრული ჩამონათვალი. 

7 ივლ 2025