აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კლარიტინი — პრეპარატი ალერგიის სიმპტომების შესამცირებლად

უკან

კლარიტინი — პრეპარატი ალერგიის სიმპტომების შესამცირებლად

10 ივლ 2025

რისი წამალია კლარიტინი

 

კლარიტინი გერმანიასა და ბელგიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების და სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით 10 მგ ლორატადინს შეიცავს. პრეპარატის შედგენილობაში ასევე შედის დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და სიმინდის სახამებელი. პსპ-ში კლარიტინის 10-ტაბლეტიანი შეფუთვაა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება კლარიტინის სიროფს, მისი ყოველი 1 მლ 1 მგ ლორატადინს შეიცავს. პსპ-ში პრეპარატის 60 და 120 მლ-იანი ფლაკონებია ხელმისაწვდომი. აფთიაქების ქსელში კლარიტინი როგორც ტაბლეტის, ასევე სიროფის ფორმით, რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისთვის გამოიყენება კლარიტინი? 

პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ლორატადინი, ანტიჰისტამინურ საშუალებათა ჯგუფს მიეკუთვნება. კლარიტინი ალერგიის შესამსუბუქებლად აქტიურად გამოიყენება. ის ახშობს ჰისტამინის მოქმედებას — ნივთიერებისას, რომელიც ორგანიზმში ალერგენთან კონტაქტისას გამომუშავდება და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი ან კანის გამონაყარი.

კლარიტინი ასევე ეფექტიანია ჭინჭრის ციების დროს. კერძოდ, იგი ამცირებს ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ ქავილსა და სიწითლეს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს და საშუალებას გაძლევთ, ცხოვრების ყოველდღიური რიტმი და ძილის რეჟიმი ალერგიული სიმპტომების გამწვავების გარეშე შეინარჩუნოთ.

თუ კლარიტინის მიღების მიუხედავად სიმპტომები გაგიუარესდებათ ან არ შეგისუსტდებათ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე?

კლარიტინის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

არ გამოიყენოთ კლარიტინი:

  • თუ გაქვთ ალერგია ლორატადინის ან პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ;
  • ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუ:

  • გაწუხებთ ღვიძლის დაავადება;
  • გეგმავთ ალერგიის კანის ტესტის ჩატარებას – კლარიტინის მიღება ტესტამდე ორი დღით ადრე არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ტესტის შედეგები შეცვალოს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა გეხებათ ან ადრე გქონიათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კლარიტინის მიღება შეგიძლიათ როგორც ცარიელ, ასევე სავსე კუჭზე. პრეპარატი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას.

ორსულობა

სიფრთხილის გამო, ლორატადინის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. თუ უკვე ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას ან ამის ალბათობა არსებობს, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის პროცესში ორსულობის დადგენის შემთხვევაშიც საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

კლარიტინი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან დადგენილია, რომ ლორატადინი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, დედის რძეში გადადის. ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, ექიმთან შეთანხმებაა საჭირო.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ ტაბლეტები?

კლარიტინის ტაბლეტები მიიღება ზუსტად იმ დოზითა და სიხშირით, როგორც ეს ინსტრუქციაშია ან ექიმის შეფასებით არის განსაზღვრული. ტაბლეტი გამოიყენება პერორალურად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ მასზე არსებული ჭრილი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასაადვილებლად და არა დოზის გასაყოფად.

რეკომენდებული დოზირება:

  • მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, რომელთა წონა 30 კგ-ს აღემატება – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
  • ღვიძლის სერიოზული პრობლემების შემთხვევაში – დოზა შეიძლება მიიღოთ ყოველ მეორე დღეს, ექიმის მითითებით.

ბავშვები:
კლარიტინის ტაბლეტები არ გამოიყენება 6 წლამდე და 30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. დოზის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის წონა ზუსტად იცოდეთ.

ხანდაზმულები:
დოზის შეცვლა ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის, თუმცა სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თანმხლები დაავადებებისა და სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში დოზის ცვლილება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს კი კლარიტინი სიფრთხილით ინიშნება.

თუ შენიშნავთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია ან, პირიქით, არაეფექტიანი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიროფის მიღების წესი და დოზირება

კლარიტინის სიროფი განკუთვნილია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ტაბლეტის გადაყლაპვა უჭირს. პრეპარატის დოზა ასაკსა და სხეულის მასაზეა დამოკიდებული.

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ ბავშვის წონა 30 კგ-ზე ნაკლებია, რეკომენდებულია დღეში ერთხელ მიიღოს 5 მგ კლარიტინი, რაც შეესაბამება 1 ჩაის კოვზ სიროფს ან ნახევარ ტაბლეტს.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის წონა 30 კგ-ს აღემატება, რეკომენდებული დოზა იზრდება 10 მგ-მდე — ანუ 2 ჩაის კოვზი სიროფი ან ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მოზრდილებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, ასევე 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის, კლარიტინის სტანდარტული დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში, რაც ტოლია 1 ტაბლეტის ან 2 ჩაის კოვზი სიროფის.

სასურველია, პრეპარატი დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, საკვებთან ერთად ან უზმოზე მიიღოთ.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი კლარიტინის მიღებისას

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება კლარიტინის მიღებასაც ახლდეს თან, თუმცა ისინი ყველა მომხმარებლის შემთხვევაში არ ვლინდება.

კვლევების მიხედვით, მოზრდილებსა და მოზარდებში, რომლებსაც ალერგიული რინიტი ან ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება აღენიშნებოდათ, ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები იყო ძილიანობა, თავის ტკივილი, მადის მომატება, უძილობა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

კლარიტინის პოსტმარკეტინგული პერიოდის მონაცემებით, დაფიქსირდა უფრო იშვიათი გვერდითი მოვლენებიც. მათ შორის ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ ეფექტებს შორის აღინიშნება:

  • ძლიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ყელისა და ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ოფლიანობა
  • ნევროლოგიური სიმპტომები — თავბრუსხვევა და კრუნჩხვები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები — არარეგულარული გულისცემა, პალპიტაცია
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები — გულისრევა, პირის სიმშრალე, კუჭის დისკომფორტი
  • ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები
  • თმის ცვენა და გამონაყარი
  • ზოგადი დაღლილობა

ზოგიერთ შემთხვევაში, დაფიქსირდა წონაში მატებაც, თუმცა მისი სიხშირე დაზუსტებული არ არის.

თუ გაჩნდა რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი — განსაკუთრებით სუნთქვის გაძნელება, სახისა და ყელის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი — დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს კლარიტინისადმი მძიმე ალერგიულ რეაქციაზე, რაც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

ასევე, თუ შეამჩნევთ სხვა მოულოდნელ ან არასასურველ სიმპტომს, რომელიც არ არის შეტანილი ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გვერდითი მოვლენების უკეთ გაგებას და აღრიცხვას დაეხმაროს.

კლარიტინის სიროფის შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულ რეაქციებს შორისაა თავის ტკივილი, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, გულისრევა, გასტრიტი და კანის გამონაყარით გამოხატული ალერგიული რეაქციები.

იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს უფრო სერიოზული მდგომარეობები, როგორიცაა ანაფილაქსიური რეაქცია, თმის ცვენა (ალოპეცია) და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ბავშვებში ჩატარებულ კონტროლირებად კვლევებში იშვიათად დაფიქსირდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავის ტკივილი, გაღიზიანება ან ძილიანობა, თუმცა საერთო სურათში გვერდითი მოვლენების სიხშირე პლაცებოს დონეზე რჩებოდა.



10 ივლ 2025