აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოლხიცინი — პრეპარატი პოდაგრის სამკურნალოდ

უკან

კოლხიცინი — პრეპარატი პოდაგრის სამკურნალოდ

6 ივლ 2025

კოლხიცინი პოდაგრა

კოლხიცინი სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. ის პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება. ის სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და სხვადასხვა დასახელებითა და დოზირებით გვხვდება. მათ შორისა: 

  • გერმანული კოლხიცინი, რომელიც კოლხიცინა ლირკას დასახელებით გამოდის, 1 მგ დოზირებით არის ხელმისაწვდომი და აფთიაქებში 60-ტაბლეტიანი შეფუთვით გვხვდება.
  • ბრიტანული კოლხიცინი 500 მკგ დოზირებით არის ხელმისაწვდომი და ერთ შეკვრაში 100 ცალი ტაბლეტია.
  • ესპანური კოლხიცინი, რომელიც კოლხიცინი სეიდის სახელწოდებით იყიდება, 1 მგ დოზირებით არის ხელმისაწვდომი და აფთიაქებში 40-ტაბლეტიანი შეფუთვით გვხვდება.

პსპ-ში კოლხიცინი, ნებისმიერი წარმოებისა და შეფუთვის, ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რა არის კოლხიცინი და რისთვის გამოიყენება იგი? 

კოლხიცინი არის ნივთიერება, რომელსაც მცენარე სათოვლია ბუნებრივად გამოიმუშავებს. მისი გამოყენებით დამზადებული პრეპარატები, რომელიც უკვე ვახსენეთ, რეკომენდებულია პოდაგრის მწვავე შეტევების და ქრონიკული პოდაგრის სამკურნალოდ, ასევე მწვავე შეტევების პრევენციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობა იწყება ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც სისხლსა და შარდში შარდმჟავას დონეს ამცირებს.

 

კოლხიცინი გამოყენება

როგორია კოლხიცინი სეიდის მიღების წესი და დოზირება 

კოლხიცინი სეიდის მიღებისას ყოველთვის მიჰყვეთ ექიმის მითითებებს და რეკომენდებულ დოზას არასოდეს გადააჭარბოთ. პრეპარატი პერორალურად მიიღება.

მოზრდილებისთვის:

  • პოდაგრის მწვავე შეტევისას:
    პირველივე სიმპტომის გამოვლენისას რეკომენდებულია, მიიღოთ 1 ტაბლეტი (1 მგ). თუ ტკივილი არ მსუბუქდება, 1-2 საათში შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ კოლხიცინის 0.5-1 მგ დოზა (ნახევარი ან ერთი მთლიანი ტაბლეტი).
    მაქსიმალური დაშვებული დოზა 24 საათში 2 მგ-ს შეადგენს, რაც 2 ტაბლეტს უდრის. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4 დღემდე, თუმცა ჯამში მიღებულმა დოზამ 6 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.
    მკურნალობის კურსებს შორის აუცილებელია მინიმუმ 3-დღიანი შესვენება.
  • პოდაგრის პროფილაქტიკა (ალოპურინოლით ან ურიკოზურიით მკურნალობის დასაწყისში):
    ჩვეულებრივ ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი. ამ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
  • პერიოდული დაავადება (ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება):
    ასეთ დროს რეკომენდებულია დღეში 1-2 ტაბლეტი, ერთდროულად ან ორ სხვადასხვა დროს მისაღებად. დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
  • ქრონიკული პოდაგრა:
    მსგავსი მდგომარეობისას დღეში 1 ტაბლეტი ინიშნება. მკურნალობის დაგეგმვა ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

12 წლიდან ბავშვებისთვის:

  • პერიოდული დაავადება ან ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება:
    როგორც წესი, ექიმის მიერ ინიშნება დღეში 1-2 ტაბლეტი, ერთდროულად ან ორ ნაწილად მისაღებად.

რაც შეეხება პოდაგრის მკურნალობასა და პრევენციას 18 წლამდე ბავშვებში — დოზირების დასადგენად საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ კოლხიცინა ლირკა? 

რაც შეეხება კოლხიცინა ლირკას, რომელიც ასევე პერორალურად მიიღება, მისი დოზირება სხვადასხვა მიზნის შესაბამისად შემდეგნაირია:

პოდაგრის მწვავე შეტევა:
რეკომენდებულია დღეში 3 ტაბლეტი (1 ტაბლეტი თითოეული საკვების წინ) 3-4 დღის განმავლობაში. მსუბუქ შემთხვევებში – 1-2 ტაბლეტი დღეში.

რეციდივების პრევენცია:
• 2-3 ტაბლეტი დღეში, პირველი 3-4 დღის განმავლობაში;
• 2 ტაბლეტი დღეში, 1 კვირის განმავლობაში;
• 1 ტაბლეტი ყოველ 2 დღეში, მომდევნო 3-5 თვის განმავლობაში.
ყოველ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, უმჯობესია – ჭამის წინ.

მწვავე პერიკარდიტი:
• 70 კგ-ზე მეტი წონის შემთხვევაში – ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში;
• 70 კგ-ზე ნაკლების ან დოზის აუტანლობისას – ნახევარი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

განმეორებადი პერიკარდიტი:
• ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში (თუ წონა 70 კგ-ზე ნაკლებია ან ვერ აიტანეთ სრული დოზა).

დოზის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია. მკურნალობაში ცვლილებები მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიტანეთ.

 

კოლხიცინი ტაბლეტი

როგორია კოლხიცინის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

კოლხიცინი სეიდის მიღებისას, ისევე როგორც ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.

ყველაზე ხშირად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გაღიზიანება — გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, მოსალოდნელია უფრო სერიოზული რეაქციები, როგორიცაა ძლიერი დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, კანის გამონაყარი ან თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური დარღვევები.

იშვიათ შემთხვევებში, ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური დარღვევები – მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და ნეიტროფილების შემცირება, აგრეთვე თრომბოციტოპენია. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს აზოოსპერმია (სპერმატოზოიდების არარსებობა), თმის ცვენა (ალოპეცია) ან ნერვული სისტემის ისეთი დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებენ კუნთების მოქმედებაზე.ეს დარღვევები, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

ასევე მოსალოდნელია კუნთოვანი სისტემის დაზიანება, მათ შორის რაბდომიოლიზი – მდგომარეობა, რომელიც კუნთის ბოჭკოების დაშლით ხასიათდება. იშვიათად კი აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევაც.

კოლხიცინა ლირკას შემთხვევაში ყველაზე ხშირად ვლინდება მომნელებელი სისტემის რეაქციები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის სპაზმური ტკივილი.

არცთუ იშვიათად, შესაძლებელია ლეიკოციტების შემცირება, თმის ცვენა, კუნთების სისუსტე ან დაზიანება – განსაკუთრებით მაშინ, თუ პარალელურად მიიღება ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატები.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თრომბოციტების დეფიციტი, ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, გამონაყარი, შეშუპება და მამაკაცებში გამანაყოფიერებელი უნარის დაქვეითება.

ძალიან იშვიათად, შეიძლება განვითარდეს სერიოზული ნერვული დაზიანება – პერიფერიული მოტორული ნეიროპათია.

დაუდგენელი სიხშირით აღრიცხულია ძლიერი დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, B12 ვიტამინის შთანთქმის პრობლემები და ლორწოვანი გარსის ცვლილებები.

ნებისმიერი გაუთვალისწინებელი რეაქციის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

6 ივლ 2025