კორვალოლი — სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედების სამკურნალო საშუალება
10 ივლ 2025

კორვალოლი და წნევა, კორვალოლი და გულის არითმია, კორვალოლი სტრესის დროს — მწვანე შეფუთვით ცნობილ “კორვალოლის კაპლს” სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.
გამჭვირვალე სითხე, სპეციფიკური დამახასიათებელი და არომატული სუნით — ასეთ აღწერა აქვს კორვალოლის 25 მლ წვეთებს. პრეპარატი სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედების კომპლექსური სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ბლოგში უფრო დეტალურად გაგაცნობთ, თუ რისთვის გამოიყენება კორვალოლის წვეთები და რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დავიცვათ მიღებამდე.
კორვალოლი მრავალმხრივ მოქმედებს. აქვს დამამშვიდებელი და საძილე ეფექტი, ამცირებს შფოთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით კი გულის მხრივ სპაზმს.
პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია სწორედ მის შედგენილობაში შემავალი ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი, ეთილის სპირტი, სტაბილიზატორი, გასუფთავებული წყალი.
ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე შუა და მოგრძო ტვინის რეტიკულურ ფორმაციის გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც ტვინის ქერქზე თუ ქერქვეშა სტრუქტურებში გამაღიზიანებელი იმპულსების შემცირებას იწვევს. ასე მიიღწევა პრეპარატის დამამშვიდებელი ეფექტი.
აუცილებელია კორვალოლი მიიღოთ თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. აქ, კი თავს მოვუყრით იმ ჩვენებებს, რაც ანოტაციაში არის აღწერილი.
კორვალოლი გამოიყენება: უძილობის, ჰიპერტონიული დაავადების ადრეული სტადიის, მომატებული გაღიზიანებადობის, არამძაფრად გამოხატული კორონალური სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
შესაძლოა ექიმმა ეს პრეპარატი დაგინიშნოთ, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სპაზმოლიზური საშუალება, მათ შორის ნაწლავების სპაზმების დროსაც.

რაც შეეხება კორვალოლის წვეთების მიღების წესებსა და დოზირებას, ამ შემთხვევაშიც თქვენი ექიმის დანიშნულებით უნდა იხელმძღვანელოთ.
ანოტაციის მიხედვით, კი კორვალოლის წვეთები საკვებისაგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ მიიღოთ სამჯერ დღეში, 15-30 წვეთის ოდენობით. წვეთები უნდა გახსნათ წყალში, ან შაქრის ნატეხზე.
თუკი გამოხატულია ტაქიკარდია და კორონალური სისხლძარღვების სპაზმი, ანოტაციის მიხედვით, ერთჯერადი დოზა შესაძლოა გაიზარდოს 40-50 წვეთამდე.
კორვალოლი ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში არ უნდა მიიღოთ. ასევე იყავით ყურადღებით, თუ გაწუხებთ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, გაქვთ გულის მძიმე ფორმით უკმარისობა, ან მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, კორვალოლის წვეთები არ უნდა მიიღოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ძილიანობა და თავბრუხვევა აღწერილია, როგორც კორვალოლის გვერდითი მოვლენები. თუ დოზის შემცირების მიუხედავად კვლავ არის გამოხატული ზოგადი დისკომფორტი, ან ვლინდება გვერდითი მოვლენები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, რადგანაც კორვალოლი 62%-ით ალკოჰოლისგან შედგება. ამ უკანასკნელმა კი, შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა. ასევე, დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება კორვალოლის გამოყენების შემთხვევაში.
კორვალოლის წვეთები 15 მლ და 25 მლ შეფუთვით იყიდება. გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღებს, რადგანაც ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან და დეტალურად გაეცანით კორვალოლის ანოტაციას.
10 ივლ 2025