აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოქუნი გლაუკომის წინააღმდეგ — როგორ მუშაობს და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

უკან

კოქუნი გლაუკომის წინააღმდეგ — როგორ მუშაობს და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

6 აგვ 2025

პრეპარატი კოქუნი

 

კოქუნი თვალის წვეთებია, რომლებიც გლაუკომის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება. ამ საშუალებას ჰიპერტენზიის, ანუ მომატებული წნევის, თერაპიისას დამატებით მიმართავენ ხოლმე. 

გლაუკომა თვალის სერიოზული დაავადებაა, რომელსაც ხშირად თვალის წნევის მომატება იწვევს. შესაძლოა, ამან თვალის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს, რაც მხედველობის დარღვევას ან დაკარგვას გამოიწვევს. 

ეს დაავადება საწყის ეტაპზე ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მათი გამოვლენისას კი ზიანი შეიძლება უკვე შეუქცევადი იყოს. მხედველობის გაუარესების ან დაკარგვის თავიდან ასარიდებლად გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო. პირველ რიგში ამ დროს წნევის დამწევი პრეპარატები გამოიყენება, დამატებითი მკურნალობისათვის კი — კოქუნი ან მსგავსი მოქმედების სხვა წვეთები. 

ეს პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იგი ექიმის დანიშნულებით გამოიყენოთ. კოქუნის ფასი სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. მისი შეძენა PSP-ს ონლაინ აფთიაქში შეგიძლიათ. 

როგორ მუშაობს კოქუნი?

ეს პრეპარატი ორ ძლიერ ანტიოქსიდანტურ მოლეკულას შეიცავს — კოენზიმ Q10-სა და ვიტამინ E TPGS-ს (იგივე ტოკოფერსოლანი). ეს ნივთიერებები გლაუკომასთან დაკავშირებულ ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს და თვალს შესაძლო დაზიანებისგან იცავს. 

თავად ოქსიდაციური სტრესი მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში ზედმეტი რაოდენობით თავისუფალი რადიკალი ჩნდება. ეს მავნე მოლეკულებია, რომლებსაც უჯრედების დაზიანება შეუძლია — მათ შორის თვალის ნერვის უჯრედებისაც. გლაუკომის დროს თვალში სისხლის მიმოქცევა უარესდება, თავისუფალი რადიკალების მოქმედება აქტიურდება, შედეგად კი ოქსიდაციური დაზიანება ჩნდება.   

კოენზიმ Q10, უფრო ზუსტად, ანტიოქსიდანტია, რომელიც მიტოქონდრიებში ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს და უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. მეორე მხრივ, ტოკოფერსოლანი ვიტამინ E-ს წყალში ხსნადი ფორმაა, რომელიც უჯრედთა მემბრანებს იცავს დაზიანებისგან. მსგავსი მოქმედებით ეს კომპონენტები მხედველობის გაუარესებას უშლის ხელს.

აღსანიშნავია, რომ კოქუნი კონსერვანტებს, ანუ შემნახველ ნივთიერებებს, არ შეიცავს. კონსერვანტებმა შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს, გლაუკომის ხანგრძლივი თერაპიისას კი ამის პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოქუნი დაზიანების შესამცირებლად გამოიყენება და წნევის დამწევი მოქმედება არ ახასიათებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება იგი დამატებითი თერაპიის სახით. 

 

კოქუნის თვალის წვეთები

როგორ გამოვიყენოთ კოქუნი — ინსტრუქცია 

კოქუნის თვალის წვეთები მარტივი გამოსაყენებელია: ორივე თვალში 1-2 წვეთი უნდა ჩაისხათ დღეში ორჯერ ანდა იმ სიხშირით, რომლითაც ამას ოფთალმოლოგი გირჩევთ. პრეპარატი კონიუნქტივალურ პარკში უნდა ჩაიწვეთოთ — ქვედა ქუთუთოსა და თვალის კაკალს შორის არსებულ სივრცეში.

დეტალური მითითებები შემდეგნაირია: 

 

  • პირველ გამოყენებამდე ბოთლს დამცავი რგოლი და თავსახური მოხსენით;
  • ნაზად ჩამოწიეთ თვალის ქვედა ქუთუთო, ზემოთ აიხედეთ და ბოთლზე ფრთხილი მოჭერით 1-2 წვეთი ჩაისხით.

წამლის გამოლევასთან ერთად შეიძლება, ბოთლზე უფრო ძლიერად მოჭერა გახდეს საჭირო, რომ წვეთები გადმოიღვაროს. ვინაიდან პრეპარატი კონსერვანტებს არ შეიცავს, მისი ფლაკონ-დისპენსერი სპეციფიკურია. აღნიშნულ სირთულესაც სწორედ მისი მახასიათებლები განაპირობებს.  

გაითვალისწინეთ, რომ კონსერვანტების უქონლობის გამო კოქუნი გახსნიდან მხოლოდ 60 დღის განმავლობაში ინახება — მხოლოდ ამ დროის განმავლობაშია იგი სტერილური. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება მიზანშეწონილი აღარ არის. ვარგისიანობის ვადა, რომელიც შეფუთვაზეა მითითებული, გაუხსნელ და სწორად შენახულ პროდუქტს მიემართება.

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის გამოყენებისას? 

კოქუნის თვალის წვეთები ეფექტიანი და სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როცა მას დანიშნულებისამებრ ვიყენებთ. პრეპარატი შეიძლება ყველასათვის არ იყოს შესაფერისი და ამას ექიმი წყვეტს, თუმცა ამის ზედაპირულად შეფასება თავადაც შეგვიძლია. 

კოქუნი არ უნდა გამოიყენოთ, თუკი მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ. იმ შემთხვევაში, თუკი ჰიპერმგრძნობელობაზე მისი ჩაწვეთების შედეგად შეიტყვეთ, გამოყენება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და ოფთალმოლოგს მიმართეთ. 

ეს საშუალება ზოგჯერ თვალის სხვა წვეთებთან ერთად გამოიყენება. თუკი კოქუნს სხვა პრეპარატის პარალელურად მოიხმართ, იგი მათ მიღებამდე 10 წუთით ადრე ანდა 10 წუთის შემდეგ უნდა ჩაიწვეთოთ.  

აღსანიშნავია, რომ კოქუნის გამოყენება თვალის ლინზებთან ერთადაც შეიძლება. გამოდის, მისი ჩაწვეთებისას ლინზების მოხსნა არ გჭირდებათ. 

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის ჩაწვეთებისას ჰიგიენა ზედმიწევნით დაიცვათ. კერძოდ, გამოყენებამდე ხელები დაიბანეთ. ასევე, არ დაუშვათ, რომ ბოთლის წვერი თვალს შეეხოს — ეს ბაქტერიების გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამავე მიზეზით არ არის მიზანშეწონილი დაზიანებული ბოთლის გამოყენებაც.

კოქუნის თვალის წვეთები ბავშვებისგან მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ. არ გამოიყენოთ იგი გახსნიდან 60 დღის ანდა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

6 აგვ 2025