აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლიზობაქტის სპრეი და ტაბლეტები – სწრაფი მოქმედება ყელისა და პირის ღრუს ინფექციების დროს

უკან

ლიზობაქტის სპრეი და ტაბლეტები – სწრაფი მოქმედება ყელისა და პირის ღრუს ინფექციების დროს

30 ივნ 2025

პრეპარატი ლიზობაქტი

ლიზობაქტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ყელის ტკივილის, ღრძილების ანთებისა და პირის ღრუს ინფექციებისა თუ წყლულების დროს, რადგან ის არა მხოლოდ ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებას, არამედ მკურნალობასაც უზრუნველყოფს. 

ლიზობაქტი ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომია ტაბლეტებისა და სპრეის სახით. პრეპარატის ორივე ფორმას ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, ასევე, გაგაცნობთ მათი გამოყენების ინსტრუქციას

როდის ნიშნავენ ლიზობაქტის სპრეის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის 

ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორომუკოზური პრეპარატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენება პირის ღრუში, ლორწოვან ზედაპირზე. მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებებია ლისოზიმის ჰიდროქლორიდი, ცეტილპირიდინის ქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

ლიზობაქტი სპრეი ინიშნება:

  • პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების მკურნალობისათვის, მათ შორის გინგივიტის (ღრძილების დაავადება), სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთოზური წყლულების (პატარა ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე) დროს;
  • ხორხისა და ხახის ტკივილის, გაღიზიანებისა და ანთების ადგილობრივი მკურნალობისთვის;
  • ტონზილებზე და ხორხზე ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციამდე ან/და მის შემდეგ;
  • ტრავმის ან აბსცესის შემთხვევაში, ასევე, კბილის ექსტრაქციის შემდეგ. 

რაც შეეხება გამოყენებას, პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ, სასურველია, მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ მოხდეს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

ლიზობაქტის მოხმარებისას გააღეთ პირი სრულად, აპლიკატორი მიმართეთ დაავადებული ადგილისკენ და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭირეთ ხელი დოზატორს. გარდა ამისა, შეეცადეთ მედიკამენტის გაფრქვევისას შეიკავოთ სუნთქვა, რათა არ გადაგეყლაპოთ ხსნარი. მოხმარების შემდეგ კი დოზატორის ჩაკეტვის მიზნით, ჩამოკეცეთ აპლიკატორი ქვემოთ, რათა არ მოხდეს პრეპარატის გაფრქვევა.

როგორც წესი, ლიზობაქტის ერთი დოზა ხუთჯერ შესხურებას გულისხმობს, მისი გამოყენება კი რეკომენდებულია 3-6- ჯერ  დღეში, მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალებით. მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, მხოლოდ 5 დღით განისაზღვრება.

 

 მედიკამენტი ლიზობაქტი

როდის ინიშნება ლიზობაქტი ორიბლეტი ტაბლეტი და როგორია მისი მიღების წესი

ლიზობაქტის აბები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ლისოზიმის ქლორიდსა და პირიდოქსინის ქლორიდს. პრეპარატი მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე და მიეკუთვნება ადგილობრივ ანტისეპტიკურ საშუალებას. 

პრეპარატი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ცხელების გარეშე მიმდინარე ყელის სუსტი ტკივილის დროს;
  • პირის წყლულებისა და პირის ღრუს მცირე წყლულების სამკურნალოდ.

გახსოვდეთ, მედიკამენტი ყოველთვის ზუსტი ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის განსაზღვრული დოზა არ გიმსუბუქებთ ჩივილებს ან პირიქით გრძნობთ, რომ მისი მოქმედება ძალიან ძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გაზარდოთ ან შეამციროთ დოზა თვითნებურად.

ჩვეულებრივ, დღეში დაშვებულია 6-8 საწუწნი ტაბლეტის მიღება, მინიმუმ 1 საათიანი ინტერვალით. აბებით მკურნალობა, ლიზობაქტ სპრეის მსგავსად, შემოიფარგლება მხოლოდ 5 დღით. 

ლიზობაქტის მიღება

სიფრთხილის ზომები ლიზობაქტ სპრეისა და ლიზობაქტ ტაბლეტის მიღებისას

ლიზობაქტი გამოიყენება როგორც მცირეწლოვნებში, ისე მოზრდილებში, თუმცა მისი დანიშვნა დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მკურნალობის კურსი მხოლოდ 5 დღით განისაზღვრება, რადგან მისმა ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და გაზარდოს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციების გავრცელების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 5 დღის შემდეგ არ მოხდა სიმპტომების შემსუბუქება, ასევე, თუ თქვენს მდგომარეობას დაერთო სხვა ჩივილებიც, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. 

ლიზობაქტის მოხმარება არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ჰიპერმგრძნობიარენი არიან პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ. ზოგიერთ პაციენტში მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა:

  • გამონაყარი კანზე, კანის ძლიერი ქავილი, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებზე;
  • მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), სახისა და ყელის უეცარი შეშუპება (კვინკეს შეშუპება) და სხვა. 

გაითვალისწინეთ, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, აუცილებელია, დროულად დაუკავშირდეთ ფარმაცევტს ან ექიმს. გარდა ამისა, ლიზობაქტი შეიძლება შევიდეს რეაქციაში სხვა მედიკამენტებთან, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებთან. ამიტომ აუცილებელია, სპეციალისტს სრულად გააცნოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით.

დაბოლოს, შეეცადეთ, მკაცრად მიჰყვეთ ექიმის დანიშნულებას და ზედმიწევნით დაიცვათ მისი რეკომენდაციები. ამგვარად, ეფექტიანი მკურნალობის პარალელურად, გართულებების თავიდან აცილებასაც შეძლებთ.



30 ივნ 2025