აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაგნეროტი — მაგნიუმის შემცველი პრეპარატის ჩვენებები, დოზირება და გვერდითი მოვლენები

უკან

მაგნეროტი — მაგნიუმის შემცველი პრეპარატის ჩვენებები, დოზირება და გვერდითი მოვლენები

30 ივნ 2025

მაგნეროტი 500 მგ

 

მაგნეროტი გერმანიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი. ის ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებების კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. პრეპარატი გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელთა განვითარებასაც ორგანიზმში ამ მინერალის დონის ცვლილება იწვევს.

აქტიური ნივთიერების სახით ერთი ტაბლეტი მაგნეროტი 500 მგ მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატს შეიცავს (შესაბამისად 32.8 მგ მაგნიუმი). დამხმარე ნივთიერებები სახით კი პრეპარატში შედის: აეროსილი, ნატრიუმის კარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, პოვიდონ K30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციკლომატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

PSP-ში მაგნეროტის 20-ტაბლეტიანი და 50-ტაბლეტიანი შეფუთვებია ხელმისაწვდომი. პრეპარატი აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისთვის გამოიყენება ეს პრეპარატი? 

მაგნიუმი ერთ-ერთი აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში მრავალფეროვან ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლაში, ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის რეგულირებაში და მიოკარდიუმის ფუნქციონირებაში. იგი კალციუმის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ანტაგონისტია.

ოროტის მჟავა, რომელიც პრეპარატში შედის, უჯრედულ ზრდასა და ადენოზინტრიფოსფორმჟავასთან შეკავშირებით მაგნიუმის ეფექტიანობას აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში მაგნიუმის დეფიციტი ტოქსიკოზისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობას ზრდის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაძლოა ექიმმა მაგნეროტი დაგინიშნოთ.

გარდა ამისა, პრეპარატი მაგნეროტი შემდეგი მდგომარეობების კომპლექსური მკურნალობისას გამოიყენება: მიოკარდიუმის ინფარქტი; გულის ქრონიკული უკმარისობა; მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმია; სპასტიური მდგომარეობები, მათ შორის ანგიოსპაზმი (წვრილი არტერიების, არტერიოლებისა და კაპილარების სპაზმი); ათეროსკლეროზისა (სისხლძარღვების შევიწროება და არტერიების დახშობა) და დისლიპიდემიის პროფილაქტიკა. ეს უკანასკნელი სისხლში ლიპოპროტეინების მიერ ტრანსპორტირებადი ლიპიდების პათოლოგიურად მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

 

მაგნეროტი ფასი

როგორია მაგნეროტის გამოყენების წესი და დოზირება 

პრეპარატი მაგნეროტი, როგორც წესი, პაციენტს პირველი შვიდი დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ორ-ორი ტაბლეტი ენიშნება. საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ დოზა მცირდება და დღეში ორ-სამჯერ, ერთჯერადად ერთ ტაბლეტის მიღებაა რეკომენდებული. მკურნალობის კურსი არანაკლებ ოთხიდან ექვს კვირამდე უნდა გაგრძელდეს.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციისა და მეთვალყურეობის საფუძველზე, კურსის გამეორებაც არის დასაშვები.

იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს წვივის კუნთების კრუნჩხვები აღენიშნება, განსაკუთრებით ღამით, საღამოს საათებში რეკომენდებულია მაგნეროტის 2-3 ტაბლეტის მიღება.

რაც შეეხება მაგნეროტის გამოყენების წესს, პრეპარატი ჭამის წინ პერორალურად (პირის ღრუს გავლით), მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად მიიღება.

 

 მაგნეროტი მედიკამენტი

მედიკამენტის გვერდითი მოვლენები — რას უნდა ველოდოთ 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება პრეპარატ მაგნეროტის მიღებასაც ახლდეს თან. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ზოგჯერ აღინიშნება დიარეა და საჭმლის მონელების სისტემასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები. ხშირად, ეს გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების შემთხვევაში ქრება. გარდა ამისა, პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

თირკმელების გამართულად ფუნქციონირების პირობებში, მაგნიუმის მიღება, როგორც წესი, ტოქსიკურ რეაქციებს არ იწვევს. თუმცა დოზის გადაჭარბებისას, თირკმლის უკმარისობის შემთხვევებში, მაგნიუმით მოწამვლის რისკი იზრდება. ტოქსიკური გამოვლინებები სისხლის შრატში მაგნიუმის დონის მატებასთან არის დაკავშირებული. სიმპტომების სახით კი შეიძლება გამოვლინდეს: არტერიული წნევის ვარდნა, გულისრევა და ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, სუნთქვის დათრგუნვა, კომატოზური მდგომარეობა, გულის გაჩერება ან ანურია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკა მოიცავს ორგანიზმის რეჰიდრატაციას და ფორსირებულ დიურეზს (შარდის გამოყოფა). თუკი თირკმლის ფუნქცია მოშლილია, საჭიროა ჰემოდელიზი ან პერიტონეული დიალიზი, რაც ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორებას გულისხმობს.

თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი ეფექტების ფორმა დამძიმდება ან ნებისმიერ სხვა სიმპტომს შეამჩნევთ, რომლებზეც ინსტრუქციაში არ წერია, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ.

 

პრეპარატი მაგნეროტი

როდის უნდა მოვერიდოთ მაგნეროტის მიღებას?

გვერდითი მოვლენების შესამცირებლად მაგნეროტის მიღებას უნდა მოერიდოთ, თუ პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ. მაგალითად, მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას, აქედან გამომდინარე, ის არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც ლაქტოზას აუტანლობა აქვთ. პრეპარატი დაუშვებელია ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებშიც.

მედიკამენტის გამოყენებისგან თავის შეკავება რეკომენდებულია ასევე შარდკენჭოვანი დაავადების, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ასციტით მიმდინარე ღვიძლის ციროზის დროს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 18 წლამდე ასაკის პირებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მაგნეროტის გამოყენებას უნდა მოერიდოთ. 



30 ივნ 2025