აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მაკროლაქსი: როგორია საფაღარათო საშუალების მოქმედება და მიღების წესი

უკან

მაკროლაქსი: როგორია საფაღარათო საშუალების მოქმედება და მიღების წესი

6 აგვ 2025

პრეპარატი მაკროლაქსი

 

მაკროლაქსის ფხვნილი ეფექტიანი საფაღარათო საშუალებაა, რომელსაც ძირითადად ნაწლავების სწრაფი დაცლისათვის იყენებენ. მას მიმართავენ როგორც დიაგნოსტიკური კვლევების, ასევე ქირურგიული ჩარევების წინ. 

აფთიაქებიდან ეს საშუალება რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა ექიმის რეკომენდაციის გარეშე მისი გამოყენება მაინც არ არის რეკომენდებული. მაკროლაქსის ფასი შეიძლება სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით იცვლებოდეს. მის შეძენას PSP-ს ონლაინ აფთიაქშიც შეძლებთ. 

როგორც წესი, ამ პრეპარატის მიღება უსაფრთხოა. იგი არ იწვევს ნაწლავების გარსის გაღიზიანებასა და სერიოზულ გვერდით მოვლენებს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მის გამოყენებამდე რამდენიმე საკითხი გავითვალისწინოთ. 

მოდით, მაკროლაქსის ანოტაცია ჩავშალოთ და მიმოვიხილოთ როგორც მისი მოქმედების პრინციპი, ასევე ჩვენებები, უკუჩვენებები, მიღების წესი და შესაძლო გვერდითი მოვლენები.  

მაკროლაქსის ანოტაცია მარტივად 

მაკროლაქსი ოსმოსური საფაღარათო საშუალებაა, ანუ ნაწლავებში წყლის მოზიდვით მუშაობს. იგი განავალს არბილებს და მის გამოყოფას აჩქარებს.

მაკროლაქსის პაკეტი რამდენიმე ნივთიერებას შეიცავს. ესენია: მაკროგოლი 3350, სილიციუმის ორჟანგი, ნატრიუმის საქარინი და ფორთოხლის არომატიზატორი. პრეპარატის ეფექტიანობა სწორედ ამ კომპონენტების დამსახურებაა.

საფაღარათო მოქმედებას კერძოდ მაკროგოლი 3350 იწვევს. ეს ნივთიერება მსხვილი ნაწლავის სანათურში დიდი რაოდენობით წყალს აკავებს, შედეგად კი ფეკალურ მასებს არბილებს და ათხევადებს. ეს პრეპარატი ბუნებრივ პერისტალტიკასაც უწყობს ხელს — სხვა სიტყვებით, კუჭ-ნაწლავს შეკუმშვაში ეხმარება, რათა ფეკალური მასები ეფექტიანად გამოიდევნოს. 

სილიციუმის ორჟანგის წყალობით მაკროლაქსის ფხვნილი ორგანიზმში მარტივად იხსნება, ნაცვლად კოლტების წარმოქმნისა. მედიკამენტის დანარჩენი ორი კომპონენტი გემოსა და არომატზეა პასუხისმგებელი: ნატრიუმის საქარინი დამატკბობელი ნივთიერებაა, ხოლო ფორთოხლის არომატიზატორი კი ფხვნილს ხილის არომატს ანიჭებს. 

საგულისხმოა, რომ მაკროლაქსი ნაწლავის ლორწოვან გარსს არ აღიზიანებს. იგი არ შეიწოვება და სხეულიდან უცვლელი სახით გამოიდევნება.

მაკროლაქსი, როგორც წესი, ნაწლავების დასაცლელად შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება: 

 

  • ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევების წინ;
  • ქირურგიულ ოპერაციებამდე;
  • შედარებით იშვიათად ყაბზობის, ანუ შეკრულობის, დროს. 

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: 

  • თუკი პაციენტი მედიკამენტის რომელიმე კომპონენტზე ალერგიულია; 
  • თუკი პაციენტის ასაკი 2 წელზე ნაკლებია, ხოლო წონა — 20 კგ.-ზე;
  • ნაწლავის სტენოზისა და ოკლუზიის დროს;
  • ნაწლავთა დინამიკური გაუვალობისას;
  • მწვავე, გართულებული კოლიტის დროს;
  • ნაწლავის პერფორაციისას;
  • წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დროს.

უცნობია, რამდენად უსაფრთხოა მაკროლაქსი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. ექიმი ამ პრეპარატს მაშინ დანიშნავს, თუკი შესაძლო სარგებელი პოტენციურ რისკებს გადაწონის. 

გაითვალისწინეთ, რომ მაკროლაქსის გამოყენებამდე ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა უნდა დაიცვათ. ამასთანავე, მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ სხვა ორალური პრეპარატების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფაღარათო საშუალებამ მათ შეწოვას შეუშალოს ხელი, ანუ მათი ეფექტიანობა შეამციროს. იმ შემთხვევაში, თუკი ანტიკოაგულანტებს, ანტიაგრეგანტებს ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს იღებთ, დოზის ცვლილებისთვის ექიმს უნდა მიმართოთ. 

 

მაკროლაქსი და ფაღარათ

როგორია მაკროლაქსის მიღების წესი და დოზირება

 
მაკროლაქსის მიღების წესი შემდეგია: 2 ცალი პაკეტი 1 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ და ურიოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან ხსნარს არ მიიღებთ. ეს სითხე 15-20-წუთიანი შუალედებით უნდა დალიოთ 1-2 საათის განმავლობაში. დამატებით უნდა მიიღოთ 0,5 ლიტრი წყალი. 1 საათის შემდეგ იგივე პროცედურა უნდა გაიმეოროთ დარჩენილი 2 პაკეტით (მაკროლაქსის შეფუთვაში სულ 4 პაკეტია). 

საბოლოო ჯამში, გამოდის, 2 ლიტრი მაკროლაქსის ხსნარი და 1 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ჯამში 3 ლიტრი სითხე. თუკი მომზადებული ხსნარის გამოყენებას მაშინვე არ აპირებთ, იგი მაცივარში უნდა შეინახოთ და 24 საათის განმავლობაში მიიღოთ.

ხსნარის პირველი ლიტრის მიღების შემდეგ ნაწლავის პერისტალტიკა გაძლიერდება და შიგთავსის გამოყოფა დაიწყება. განავლოვანი მასები თანდათან გამჭვირვალე გახდება. ნაწლავი დიაგნოსტიკური კვლევებისთვის მზადაა მაშინ, როცა გამოყოფილი სითხე სრულად გამჭვირვალე იქნება. 

მაკროლაქსის მიღებას ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც ახლავს. დეფეკაციამდე, შესაძლოა, მუცლის არეში ხმაური და დისკომფორტი გაჩნდეს; ზოგჯერ ვლინდება გულისრევის შეგრძნებაც. იშვიათია კანის ან სისტემური ალერგიული რეაქციები. 

თუკი გვერდითი მოვლენები ინტენსიურია, პრეპარატის მიღება უნდა შეანელოთ. ძალიან ძლიერი ან ხანგრძლივი დისკომფორტის ან ტკივილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმს მიმართოთ. 

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა შეინახოთ. ტემპერატურა 25°C-ს არ უნდა აღემატებოდეს. შეფუთვაზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადასაც — ამ დროის გასვლის შემდეგ მედიკამენტის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. 

6 აგვ 2025

პროდუქცია