
მაქსიტროლი თვალის სუსპენზიაა, რომელიც შეიცავს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ორ ანტიბიოტიკსა და კორტიკოსტეროიდს. ეს კომბინირებული პრეპარატი ერთდროულად უზრუნველყოფს თვალის ანთების მკურნალობასა და ინფექციასთან ბრძოლას.
მაქსიტროლის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
მაქსიტროლი სამ ძირითად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა კომბინაცია უზრუნველყოფს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ეფექტს. ეს კომპონენტებია:
- დექსამეტაზონი – კორტიკოსტეროიდი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა. იგი ამცირებს სისხლძარღვთა გაუვალობას, აცხრობს ადგილობრივ შეშუპებას, ჰიპერემიასა და ტკივილს. ასევე, თრგუნავს იმუნურ რეაქციებს, რომლებიც იწვევს ქსოვილების დაზიანებას.
- ნეომიცინის სულფატი – ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიბიოტიკია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორებიცაა Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae და სხვა.
- პოლიმიქსინ B სულფატი – ანტიბიოტიკი, რომელიც ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა გრამუარყოფით ბაქტერიებზე, განსაკუთრებით კი ისეთ რეზისტენტულ მიკროორგანიზმებზე, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa.
კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკების ეს კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტიანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც თვალში მიმდინარე ანთებას თან ახლავს ბაქტერიული ინფექცია. დექსამეტაზონი ამსუბუქებს ანთებით სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი, წვა, სიწითლე და ქავილი, ხოლო ანტიბიოტიკები – ნეომიცინი და პოლიმიქსინი B – ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს და ახდენს ინფექციის გავრცელებისა და გართულების პრევენციას.
როდის გამოიყენება მაქსიტროლი?
მაქსიტროლი ინიშნება თვალის ისეთი ანთებითი და ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
- კონიუქტივიტი – თვალის გარე გარსის (კონიუქტივის) ანთება, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ბაქტერიებით, ალერგენებით ან მექანიკური გაღიზიანებით. მაქსიტროლი ამცირებს ანთებას და ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.
- კერატიტი – რქოვანას ანთება, რომელიც გართულებულ შემთხვევებში მხედველობის დაქვეითებასაც კი იწვევს. მაქსიტროლი ახდენს ანთებით გამოწვეულ დაზიანების პრევენციას და იცავს რქოვანას.
- ბლეფარიტი – ქუთუთოების ანთება, რომელიც ხშირად ქრონიკულად მიმდინარეობს და ბაქტერიულ ფონზე ვლინდება. მაქსიტროლი ამ შემთხვევაშიც წარმატებით უმკლავდება როგორც ანთებას, ისე ინფექციას.
- თვალის ტრავმები ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა – ოპერაციის ან დაზიანების შემდეგ თვალში ხშირად ვითარდება ანთება. ასევე, იზრდება ინფექციის წარმოქმნის რისკი. მაქსიტროლი ამცირებს პოსტტრავმულ შეშუპებასა და ხელს უშლის დაზიანებულ ქსოვილებში ბაქტერიების გავრცელებას.

როგორ გამოიყენება მედიკამენტი?
მაქსიტროლი გამოიყენება ადგილობრივად, თვალში ჩაწვეთებით. დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე:
- მწვავე ფორმების დროს რეკომენდებულია 1-2 წვეთი ყოველ საათში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ინტენსიურ მოქმედებას
- მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მიღების სიხშირე თანდათან მცირდება
არ გააგრძელოთ მისი მოხმარება თვითნებურად ან ზედმეტად დიდხანს, რადგან მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორებიცაა:
- თვალშიგა წნევის მომატება – კორტიკოსტეროიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალში წნევის მატება, რაც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ სპეციალური შემოწმებისას ვლინდება.
- გლაუკომა – თუ თვალშიგა წნევა მაღალია დიდი ხნის განმავლობაში. ვითარდება ქრონიკული დაავადება გლაუკომა, რომელიც აზიანებს მხედველობის ნერვს.
- მხედველობის ველის შემცირება – გლაუკომის განვითარებასთან ერთად ან დამოუკიდებლად, შესაძლოა განვითარდეს მხედველობის ველის თანდათანობითი შევიწროება. აღქმა იზღუდება და ადამიანი ვეღარ ამჩნევს გვერდით განთავსებულ ობიექტებს, რაც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
- სუბკაფსულური კატარაქტა – თვალის ერთ-ერთი ნაწილის, ბროლის ნაწილობრივი დაბინდვა. პროგრესირების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
- იმუნური სისტემის დათრგუნვა და მეორადი ინფექციები – პრეპარატმა შესაძლოა დროებით დათრგუნოს იმუნური სისტემის პასუხი ჩირქოვან ინფექციებზე. ხშირად ასეთ ფონზე ვითარდება სოკოვანი ან ვირუსული გართულებები, რომლებიც სტანდარტული ანტიბიოტიკებით ვერ კონტროლდება.
ამიტომ მაქსიტროლის გამოყენებისას ზედმიწევნით მიჰყევით ოფთალმოლოგის დანიშნულებას და იმკურნალეთ მისი ზედამხედველობის ქვეშ.