მელონი — პრეპარატი სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს
8 ივლ 2025

ბრონქოლიზური (ბრონქების სპაზმის შესამცირებელი), მუკოლიზური (ლორწოს გასათხელებელი) და ამოსახველებელი საშუალებების ფარმაკოლოგიური ჯგუფიდან ერთ-ერთია მედიკამენტი — მელონი. მისი მწარმოებელი ქვეყანა საქართველოა. სააფთიაქო ქსელებში კი ხელმისაწვდომია მელონი ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით.
მუკოვისციდოზი, იგივე კისტოზური ფიბროზი, ბრონქიოლიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ზოგადად, ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები — ეს ის ჩვენებებია, რა დროსაც მელონი ტაბლეტების, ან სიროფის სახით შესაძლოა დაგინიშნოთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.
პრეპარატის შედგენილობაში, როგორც მელონის სიროფში, ასევე მელონის ტაბლეტში შედის: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, სალბუტამოლის სულფატი, გვაიფენეზინი და სხვა დამხმარე ნივთიერებები. ანოტაციის მიხედვით, სწორედ ამ მთავარი და დამხმარე კომპონენტების წყალობით, მელონი ამსუბუქებს ბრონქოსპაზმს, აუმჯობესებს სასუნთქი გზებიდან ლორწოს დაცლას და ამარტივებს სუნთქვას.
უფრო კონკრეტულად, ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქების მიერ სეკრეტის გამოყოფას, ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და ასე უწყობს ხელს ნახველის გათხიერებას. სალბუტამოლი კი ბრონქების ბეტა-2 რეცეპტორებზე მოქმედებს, გლუვ კუნთებს ადუნებს და ამ გზით ამცირებს წინაღობას სასუნთქ გზებში.
ხოლო გვაიფენეზინს ამოსახველებელი მოქმედება ახასიათებს — ნახველის გათხიერების გზით ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას.

მელონის მიღების წესი და დოზირება ექიმთან უნდა შეათანხმოთ თქვენი ჩივილების, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. პრეპარატის ანოტაციაში, რა თქმა უნდა, გაწერილია ინსტრუქცია, თუმცა ის განსხვავებულია აბებისა და სიროფის შემთხვევაში.
მაგალითად, ბავშვებს ორიდან ექვს წლამდე შეუძლიათ მიიღონ ½ მელონის ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში. უკვე ექვსიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი რეკომენდებულია მელონის ერთი ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს და მოზრდილებს კი, შეუძლიათ 1-2 ტაბლეტის მიღება 3-4-ჯერ დღეში.
რაც შეეხება მელონის სიროფს, ფლაკონი არის 100 მლ მოცულობის. ყველაზე მაღალი დოზირება 5-10მლ-ის მიღება სამჯერ დღეში დაშვებულია მოზრდილებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის. 5მლ სამჯერ დღეში შეუძლიათ მიიღონ ბავშვებმა ექვსიდან 12 წლამდე, ხოლო სულ მცირე 2.5მლ სამჯერ დღეში დაშვებულია ორიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ მელონის ტაბლეტი უნდა იყოს მრგვალი ფორმის, მკრთალი ვარდისფერი, შემოუგარსავი, მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ნაზოლითა და ჭდით. ხოლო მელონის სიროფი უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, დამახასიათებელი არომატული სუნითა და მოტკბო გემოთი.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 30 წუთში და გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში. ხოლო მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან მესამე დღეს.
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და ყურადღებით გაეცანით მელონის ანოტაციას. თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, ჰიპერთირეოდიზმი, მწვავე პორფირია, გულის პათოლოგიები, ან თუ ხართ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მელონის მიღება არ შეიძლება.
ასევე, თუ მიიღეთ მელონი, ყურადღებით იყავი ისეთ სიმპტომებთან როგორიცაა: შეშუპება, თავის ტკივილი, შეწითლება, გამონაყარი კანზე, ტრემორი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ტაქიკარდია, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე — რადგანაც ეს სიმპტომები აღწერილია მელონის გვერდით მოვლენებში. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერის გამოვლინების შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ მელონი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე ჰიპერთირეოზის, გულის უკმარისობის, არითმიების, ჰიპერტენზიის დროს. მელონი არ უნდა მიიღოთ ხველის საწინააღმდეგო ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.
8 ივლ 2025