აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მეტფორმინი — პრეპარატი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ

უკან

მეტფორმინი — პრეპარატი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ

6 ივლ 2025

მეტფორმინი 500 მგ

პრეპარატი მეტფორმინი სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. აპკიანი გარსით დაფარულ თითოეულ ტაბლეტში აქტიური ნივთიერება მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველობა განსხვავებულია. ამას პრეპარატის დასახელებიდანაც მარტივად მიხვდებით. მაგალითად, პსპ-ში ხელმისაწვდომია მეტფორმინი დენკი 500 მგ (შესაბამისად, მასში 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი შედის). გარდა ამისა, აფთიაქების ქსელში შეგიძლიათ მოიკითხოთ მეტფორმინი 850 მგ და მეტფორმინი 1000 მგ.

მეტფორმინი 500 მგ-ისა და მეტფორმინი 1000 მგ-ის ერთ შეფუთვაში 30-30 ტაბლეტია. რაც შეეხება მეტფორმინი დენკი 850 მგ-ს, მის ერთ შეკვრაში 120 ტაბლეტია. აფთიაქებში პრეპარატი, ნებისმიერი დოზირებით, ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისთვის და როდის გამოიყენება მეტფორმინი? 

მეტფორმინის გამოყენება რეკომენდებულია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ჭარბწონიანია და მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მეშვეობით გლიკემიის ადეკვატური კონტროლი ვერ მიიღწევა.

მოზრდილებში პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს როგორც ერთკომპონენტიანი მკურნალობის სახით, ასევე სხვა პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში.

მეტფორმინი ასევე გამოიყენება 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, როგორც მონოთერაპიის ფორმით, ასევე ინსულინთან ერთად.

კვლევების მიხედვით, ჭარბწონიან მოზრდილებში, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ, და რომელთაც დიეტის დაცვით არ მიუღიათ საკმარისი ეფექტი, მეტფორმინის გამოყენებამ პირველადი თერაპიის სახით დაავადების გართულებების რისკი შეამცირა.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი? 

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენება იგეგმება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია ნორმაში აქვთ (GFR ≥ 90 მლ/წთ):

  • საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინი დღეში 2 ან 3-ჯერ, ჭამის დროს ან მის შემდეგ.
  • 10-15 დღის შემდეგ, სისხლში გლუკოზის დონის შეფასებით, შესაძლებელია დოზის კორექტირება.
  • უმჯობესია დოზა ნელა გაიზარდოს, რათა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება იყოს შესაძლებელი.
  • მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 3000 მგ, 3 მიღებაზე განაწილებული.

თუ პაციენტი იღებს მეტფორმინი 1000 მგ ტაბლეტებს:

  • მაქსიმალური დღიური დოზაა: 1 ტაბლეტი (1000 მგ) 3-ჯერ დღეში.
  • პაციენტებში, რომლებიც იღებენ 2-დან 3 გრამამდე მეტფორმინს დღეში 500 მგ ტაბლეტების სახით, შესაძლებელია გადასვლა 1000 მგ ტაბლეტზე — 2 ცალი 500 მგ ტაბლეტი შეიძლება ჩანაცვლდეს 1 ცალი 1000 მგ ტაბლეტით.

თუ საჭიროა სხვა პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატიდან მეტფორმინზე გადასვლა, წინა მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს მეტფორმინის გამოყენება ზემოთ მოცემული სტანდარტული სქემით.

ინსულინთან კომბინირებული თერაპია:

  • მეტფორმინი ინიშნება საწყისი დოზით — 500 მგ ან 850 მგ 2 ან 3-ჯერ დღეში.
  • ინსულინის დოზა განისაზღვრება გლუკოზის მაჩვენებლების შესაბამისად.

ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქცია შეიძლება ასაკთან ერთად გაუარესდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული მონიტორინგი. დოზა რეგულირდება GFR-ის, გლომერული ფილტრაციის სიჩქარის, მიხედვით.

GFR (მლ/წთ)

მაქსიმალური დღიური დოზა

დამატებითი რეკომენდაციები

60–89

3000 მგ

განიხილება დოზის შემცირება თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.

45–59

2000 მგ

საჭიროა ლაქტოაციდოზის რისკის შეფასება. დაწყება რეკომენდებულია მაქსიმალური დოზის ნახევრით.

30–44

1000 მგ

მკურნალობა შეიძლება მხოლოდ სიფრთხილით და რეგულარული მონიტორინგით.

<30

მეტფორმინი უკუნაჩვენებია

მკურნალობა არ არის რეკომენდებული.

 

თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობისას თვეში ერთხელ მაინც თირკმლის ფუნქციის შეფასებაა საჭირო, მაღალი რისკის ჯგუფში 3-6 თვეში ერთხელ.

რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებს (10 წლის ზემოთ):

  • შესაძლებელია როგორც მონოთერაპია, ისე ინსულინთან კომბინაცია.
  • საწყისი დოზაა შეადგენს 500 მგ-ს ან 850 მგ-ს დღეში ერთხელ მისაღებად, ჭამის დროს ან შემდეგ.
  • დოზის ცვლილება შესაძლებელია 10-15 დღის შემდეგ, გლუკოზის მაჩვენებლების საფუძველზე.
  • მაქსიმალური დასაშვები დოზა შეადგენს 2000 მგ-ს დღეში 2 ან 3 ნაწილად მისაღებად.

პაციენტი იმოწმებს სისხლში შაქრის დონეს მეტფორმინის მიღებისას

მეტფორმინის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

მეტფორმინის მიღებამ შესაძლოა გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ისინი თავს განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას იჩენს. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ და როდის მიმართოთ ექიმს.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტებია:

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. როგორც აღვნიშნეთ, ეს სიმპტომები ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ჩნდება და უმეტეს შემთხვევაში თავისთავად ქრება.

პრევენციის მიზნით რეკომენდებულია მეტფორმინის მიღება ჭამის დროს (ან მის შემდეგ) დღეში 2 ან 3-ჯერ. ასევე, დოზის ნელ-ნელა გაზრდა.

ძალიან იშვიათი და საყურადღებო გვერდითი მოვლენები:

ლაქტოაციდოზი – იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულებაა, რომელიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, რადგან დაგვიანებული მკურნალობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

მისი განვითარების რისკი იზრდება თირკმლის ფუნქციის მკვეთრი გაუარესების, გულ-სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებებისა და სეფსისის (გენერალიზებული ინფექციის) დროს.

ასეთ შემთხვევებში მეტფორმინი შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს, რაც ლაქტოაციდოზის განვითარების ალბათობას ზრდის.

ვიტამინი B12-ის შეწოვის დაქვეითება - ეს შესაძლოა მეტფორმინის ხანგრძლივმა გამოყენებამ გამოიწვიოს. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს მეგალობლასტური ანემიის ნიშნები აღენიშნება.

ასევე, ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, როგორიცაა ანალიზების ცვლილება ან ჰეპატიტი. ასეთ შემთხვევებში მდგომარეობა, როგორც წესი, მეტფორმინის მიღების შეწყვეტის შემდეგ უმჯობესდება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი ან ჭინჭრის ციება.



6 ივლ 2025