აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მილგამა — კომპლექსური პრეპარატი ნერვული სისტემის დაავადებების წინააღმდეგ

უკან

მილგამა — კომპლექსური პრეპარატი ნერვული სისტემის დაავადებების წინააღმდეგ

6 ივლ 2025

მილგამას საინექციო ხსნარის ამპულები, B ვიტამინების კომპლექსი.

მილგამა გერმანიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც დრაჟეების, ტაბლეტებისა და საინიექციო ხსნარის სახით არის წარმოდგენილი. თითოეული დრაჟე 100 მგ ბენფოთიამინსა და 100 მგ პირიდოქსინ ჰიდროქლორიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებების სახით პრეპარატში ასევე გვხვდება მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი და ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდები. ასევე გამოყენებულია შელაქი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი, აკაციის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის ორჟანგი, პოლიეთილენ გლიკოლი-6000, გლიცერინი, ტვინი-80 და გლიკოლის ცვილი.

რაც შეეხება მილგამას ინიექციისთვის განკუთვნილ ხსნარს, 2 მლ შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: 100 მილიგრამ თიამინის ჰიდროქლორიდს, 100 მილიგრამ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს და 1 მილიგრამ ციანკობალამინს.

მილგამა 2 მლ-ში დამხმარე ნივთიერებების სახით შედის ბენზილის სპირტი 40 მგ ოდენობით და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 20 მგ.

პსპ-ში პრეპარატი ხელმისაწვდომია დასახელებით მილგამა 100 მგ, რომლის ერთ შეფუთვაში 30 დრაჟეა. საინიექციო ხსნარი მოიკითხეთ მილგამა 2 მლ-იანი ამპულების სახელწოდებით. ერთ კოლოფში ხუთი ამპულაა. აფთიაქებში ასევე წარმოდგენილია მილგამა მონო 300 მგ, რომლის ერთ შეფუთვაში 30 ტაბლეტია.

მილგამას ჩვენებები: რისთვის გამოიყენება პრეპარატი? 

მილგამა ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება. ის რეკომენდებულია ნევრიტის, ნევრალგიის, პოლინეიროპათიის (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური ფორმების), მიალგიის, რადიკულარული სინდრომების, რეტრობულბარული ნევრიტის, სარტყელშემოწერილი ჰერპესის და სახის ნერვის პარეზის დროს.

მილგამას ტაბლეტები, დრაჟეები და ხსნარი ასევე გამოიყენება იმ ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინების დადასტურებულ დეფიციტთან არის დაკავშირებული.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

მილგამას დრაჟეები პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. ყლაპვის გასაადვილებლად შესაძლებელია მისთვის საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლება. რაც შეეხება დოზირებას, რეკომენდებულია, დღეში სამჯერ, თითოეულ შემთხვევაში 1 ან 2 დრაჟეს მიღება, ერთი თვის განმავლობაში.

მძიმე კლინიკური მდგომარეობებისა და მწვავე ტკივილების დროს პრეპარატის სისხლში სწრაფად მოხვედრის მიზნით ინიშნება ერთი ინიექცია (2 მლ) კუნთში ღრმად შესაყვანად. სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ, ან შედარებით მსუბუქი შემთხვევების დროს, შესაძლებელია ინიექციის გაკეთება კვირაში 2-3-ჯერ.

რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის ყოველკვირეული სამედიცინო შეფასება. შესაძლებლობისთანავე მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება გაგრძელდეს პერორალური ფორმით. მკურნალობის გაგრძელების ეტაპზე ხშირად საკმარისია დღეში ერთი დრაჟეს მიღება.

გაითვალისწინეთ, რომ მილგამას საინიექციო ხსნარი შეჰყავთ მხოლოდ კუნთში (ინტრამუსკულარულად). მისი ვენაში შეყვანა დაუშვებელია.

შემთხვევით ვენაში შეყვანისას, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი კვალიფიციური მედპერსონალის მიერ – როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ გარემოში, კლინიკური სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.

ინიექციებს შორის ინტერვალებში, ასევე მსუბუქ შემთხვევებში ან პროფილაქტიკური მიზნებისთვის, რეკომენდებულია მილგამა 100 მგ-ის დღეში სამჯერ მიღება.

 

მილგამას ტაბლეტები ახლო ხედით, ნერვული ტკივილის შესამსუბუქებლად.

როდის შევიკავოთ თავი მილგამას გამოყენებისგან?

მილგამას გამოყენება არ არის რეკომენდებული მძიმე ან გამწვავებული ფორმის დეკომპენსირებული გულის უკმარისობის შემთხვევაში. თავის შეკავებაა ასევე საჭირო პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას.

25 მგ-მდე დღიური დოზით მიღებისას ვიტამინს არ გააჩნია უკუმოქმედება არც ორსულობის, არც ლაქტაციის პერიოდში. თუმცა, ვინაიდან დრაჟე და საინიექციო ხსნარი თითოეულში 100 მგ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, აღნიშნულ მდგომარეობებში მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მილგამა არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რაც მასში ბენზილის სპირტის შემცველობითა და ვიტამინების მაღალი კონცენტრაციითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა საჭირო არ არის.

პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა, მილგამას გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა ისინი ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება.

პრეპარატის გამოყენებამ ზოგჯერ შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს. მათ შორის პაციენტების ნაწილში აღინიშნება ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია), კანის გამონაყარი ან აკნე. გარდა ამისა, შესაძლებელია ქავილი, ჭინჭრის ციება და სხვა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციებიც გამოვლინდეს.

განსაკუთრებულად იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მაღალი მგრძნობელობა ვლინდება, რაც შეიძლება კანის გამონაყარით, სუნთქვის გაძნელებით, კვინკეს შეშუპებით ან ანაფილაქსიური შოკით გამოიხატოს.

თუ პრეპარატი ძალიან სწრაფად შეჰყავთ, არსებობს თავბრუსხვევის, არითმიისა და კრუნჩხვების განვითარების რისკი, რაც შესაძლოა დოზის გადაჭარბებას უკავშირდებოდეს.

გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღება გვერდითი ეფექტების გაძლიერებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასუფთავება ამორეცხვით და აქტივირებული ნახშირის მიღება. საჭიროების მიხედვით ინიშნება სიმპტომატური მკურნალობა, რომელიც წამლების მიერ გამოწვეული სიმპტომების მსუბუქებას ისახავს მიზნად.

6 ივლ 2025