მინოვივაქსი — პრეპარატი თმის ცვენის შესაჩერებლად
30 ივნ 2025

თმა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზუალური ატრიბუტი — ბევრი ადამიანისთვის ის თავდაჯერებულობასა და თვითგამოხატვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, თმის ცვენა, უეცარი იქნება ის თუ ეტაპობრივი, შესაძლოა, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დამანგრევლად მოქმედებდეს.
ეს პროცესი მხოლოდ გარეგნობას არ ცვლის, არამედ დაკავშირებულია ღრმა ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესთან. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები მუდმივად ეძებენ ეფექტიან და ხელმისაწვდომ გზას ალოპეციის შესაჩერებლად ან შესანელებლად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი საშუალება მინოვივაქსია (საერთაშორისო დასახელებით მინოქსიდილი), რომელსაც ზურგს სამეცნიერო კვლევისა და კლინიკური გამოყენების ათწლეულები უმაგრებს.
საინტერესოა, რომ მინოქსიდილი თმის ცვენასთან საბრძოლველად არ შეუქმნიათ — პრეპარატის შექმნის მიზანი ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) სამკურნალო საშუალების შექმნა იყო, თუმცა ამ უკანასკნელს მოულოდნელად თმის ზრდის თვისებები აღმოაჩნდა, რამაც გაუხსნა გზა დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოსაყენებლად.
მინოვივაქსის აქტიური ნივთიერება მინოქსიდილია, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით პროპილენგლიკოლს, უწყლო ეთანოლსა და გასუფთავებულ წყალს.
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედებას, ის პერიფერიულ სისხლძარღვებს აფართოებს, თუმცა ზუსტი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მინოქსიდილი თმის ზრდას ასტიმულირებს, ცნობილი არ არის.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა არის თქმის ცვენის მიზეზი, ამიტომ მინოვივაქსის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს, ვინაიდან ეს პრეპარატი ანდროგენული ალოპეციის დროს გამოიყენება. ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამ მდგომარეობის დროს, თმის ცვენას ფოლიკულების (თმის ძირების) მომატებული მგრძნობელობა იწვევს ანდროგენების (სქესობრივი ჯირკვლებითა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით წარმოებული ჰორმონების ჯგუფი) მიმართ.
მინოვივაქსის ხსნარის დატანა უნდა მოხდეს მხოლოდ თავის კანზე. აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც მინოვივაქსი 5%, ისე მინოვივაქსი 2%-იანი ხსნარის ფორმით.
პრეპარატით მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია მის სისტემატიურ გამოყენებაზე, პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თმის შესამჩნევი ზრდის მისაღწევად, შესაძლოა საჭირო გახდეს მინოვივაქსით მინიმუმ 4 თვის განმავლობაში მკურნალობა. მაქსიმალური ეფექტი რეგულარული 12-თვიანი გამოყენების შემდეგ მიიღწევა.

სასურველია, მინოვივაქსით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ფარმაცევტთან ან ექიმთან, რათა ზუსტად იცოდეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი.
რაც შეეხება დოზას — 1მლ მინოვივაქსი უნდა დაიტანოთ თავის კანზე დღეში ორჯერ — დილით და საღამოს. ნუ გადააჭარბებთ 2მლ დღიურ დოზას, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდია დაზიანებული ზომა. პრეპარატის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თმა და თავის კანი საფუძვლიანად მშრალია.
თავის კანზე პრეპარატის დატანა ორი მეთოდით შეგიძლიათ: სპრეის ტუმბოთი და აპლიკატორით.
(1) გამოიყენეთ სპრეი, თუ თავის კანის დაზიანებული უბანი მოცულობით დიდია. სპრეის გამოსაყენებლად:
(2) გამოიყენეთ აპლიკატორი, თუ თავის კანის დაზიანებული უბანი მოცულობით შედარებით მცირეა, ან თმითაა დაფარული.
ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. მოხსენით სპრეის თავის ან აპლიკატორის ზედა ნაწილი და პროდუქტის ნარჩენების გასასუფთავებლად და დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სპირტით.
როგორც სამედიცინო საშუალებათა უმრავლესობას, არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები მინოვივაქსსაც შეიძლება ახასიათებდეს — მათი გამოვლენის შანსის მინიმუმამდე შესამცირებლად, ყურადღება მიაქციეთ ჩამოთვლილ სიფრთხილის ზომებს და გაითვალისწინეთ ისინი.
პირველ რიგში, თუ მინოვივაქსს იყენებთ საღამოს, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი თავის კანზე დაიტანოთ დასაძინებლად დაწოლამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. ეს მინიმუმამდე შეამცირებს სახეზე არასასურველი თმის რისკს.
პრეპარატის შემთხვევით კონტაქტმა თვალებთან, ლორწოვან გარსებთან ან დაზიანებულ კანთან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება და/ან გაღიზიანება. ასეთ შემთხვევებში, უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის საფუძვლიანად დაბანა უხვი რაოდენობით ონკანის გამდინარე წყლით. წვის შეგრძნების და/ან გაღიზიანების გახანგრძლივების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მინოვივაქსის შემთხვევით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს მინოქსიდილის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან დაკავშირებული მძიმე სისტემური ეფექტები. ყველაზე ხშირი სიმპტომები მოიცავს ტაქიკარდიას, სითხის შეკავებას, ჰიპოტენზიასა და ლეთარგიას — მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მინოვივაქსის დოზის მიღება, არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
რაც შეეხება გამოყენების შემდგომ გვერდით ეფექტებს, შეიძლება განვითარდეს: სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ანგიოშეშუპება, დისკომფორტი დატანის ადგილას, ყურების და სახის ჩათვლით, კანის აქერცვლა, დერმატიტი, ბუშტუკები, სისხლდენა და დაწყლულება, ზოგჯერ ძლიერი, თმის დროებითი ცვენა, თმის ფერის შეცვლა და თმის სტრუქტურის შეცვლა . ეს შეიძლება იყოს მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშანი. ასევე, მეტ-ნაკლებად ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, ქოშინი, ქავილი, თმის ჭარბი ზრდა, დერმატიტი, აკნეს მსგავსი გამონაყარი, პერიფერიული შეშუპება, წონაში მატება. შედარებით იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა და გულისრევა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

მინოქსიდილის გამოყენება არ უნდა მოხდეს თავის კანის გაღიზიანების, ტკივილის და ანთების არსებობის შემთხვევაში. თუ გაქვთ გულის დაავადება, ანუ იშემია, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გულის სარქვლის დაავადება, პოტენციურად შესაძლო სისტემური გვერდითი ეფექტების გამო მინოვივაქსი 5%-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს — ნუ დაიწყებთ მკურნალობას დამოუკიდებლად.
არ გამოიყენოთ მინოვივაქსი 5% სხვა ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილ პრეპარატებთად ერთად, რადგან ამან არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შეიძლება ხელი შეუწყოს.
მინოქსიდილის დატანის შემდეგ (თავის კანის გაშრობამდე), რბილ ქსოვილებთან, ტანსაცმელთან, ბალიშებთან ან თავსაბურავებთან კონტაქტის დროს, მათი ფერი შეიძლება შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ მინოვივაქსი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გაითვალისწინეთ, რომ ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ექიმის ნებართვის გარეშე აღნიშნული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, რადგან არ არის დაზუსტებული ეფექტები, რომელიც შეიძლება ამას ნაყოფზე ან ჩვილზე ჰქონდეს.
უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული მინოვივაქსი 5%-ის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში და 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
მინოვივაქსი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. მინოვივაქსის ვარგისობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ 12 თვეს შეადგენს.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ მინოვივაქსს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ მისცემთ თმის ცვენას საშუალებას, თქვენი ცხოვრების ხარისხსა და თავდაჯერებულობას ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მედიცინა ამ პროცესის შესაჩერებლად ისეთ ეფექტიან საშუალებას გთავაზობთ, როგორიც მინოვივაქსია.
30 ივნ 2025