მიფეპრისტონი: პრეპარატი ორსულობის ადრეული შეწყვეტისა და მშობიარობის ინდუქციისთვის
12 სექ 2025

ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ეფექტიან, ამასთან უსაფრთხო მიდგომებს მოითხოვს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა არასასურველი ორსულობის შეწყვეტა და მშობიარობის სწორად მართვა.
არასასურველი ორსულობა ადრეულ ვადებში არა მხოლოდ ფსიქოემოციური, არამედ სამედიცინო პრობლემაცაა, რომლის გადაწყვეტას მედიკამენტური მეთოდები ნაკლებად ტრავმულად და ბუნებრივად უზრუნველყოფს. ასევე ხშირია მშობიარობის პროცესის ხელოვნურად დაჩქარებისა ან მისთვის მომზადების საჭიროება, რაც კლინიკურ პრაქტიკაში დედისა და ნაყოფის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სწორედ ამ პროცესების სამართავად შეიქმნა მიროპრისტონი — სინთეზური ანტიპროგესტერონული პრეპარატი, რომელიც როგორც ორსულობის ადრეული ვადის შეწყვეტისთვის (ამენორეა 42 დღემდე, მიზოპროსტოლთან კომბინაციაში), ასევე მშობიარობის ინდუქციისა და მომზადების მიზნით გამოიყენება.
მიროპრისტონი პრეპარატის სავაჭრო დასახლებაა და ის მიფეპრისტონის საერთაშორისო დასახელებითაც არის ცნობილი. პსპ-ის აფთიაქებში მედიკამენტი ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. ერთ შეკვრაში სამი ტაბლეტია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიფეპრისტონი გამოიყენება ორსულობის ადრეული ვადის (ამენორეა 42 დღემდე) შეწყვეტისთვის მიზოპროსტოლთან კომბინაციაში, ასევე მშობიარობის მომზადებისა და ინდუქციისათვის.
ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტისათვის პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობა კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული და მისი ვადა 42 დღეს არ აღემატება. პრეპარატი არ გამოიყენება საშვილოსნოსგარე ორსულობის ეჭვისას, ასევე ორსულობისას, რომელიც დადგა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე ან ჰორმონული კონტრაცეპტივების მოხსნის შემდეგ.
მშობიარობის მომზადებისა და ინდუქციისათვის მიფეპრისტონი ინიშნება მძიმე ხარისხის გესტოზის, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, დღენაკლული ან ვადაგადაცილებული ორსულობის შემთხვევაში, ასევე როდესაც აღინიშნება დედის მენჯისა და ნაყოფის თავის ზომების შეუთავსებლობა, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ორსულობის დროს დაუზუსტებელი ეთიოლოგიის სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა ან ნაყოფის მძიმე ფორმის ჰემოლიზური დაავადება.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის რითმის დარღვევებისა და გულის უკმარისობის დროს.
მიფეპრისტონი ანტიჰესტაგენური საშუალებაა, რომელიც სინთეზურ სტეროიდულ პრეპარატებს მიეკუთვნება. იგი პროგესტერონის მოქმედების ბლოკირებას რეცეპტორულ დონეზე უზრუნველყოფს.
მიროპრისტონის აქტიური ნივთიერება აძლიერებს მიომეტრიუმის კუმშვადობის უნარს, ხელს უწყობს ქორიოდეციდუალურ უჯრედებში ინტერლეიკინ-8-ის გამოთავისუფლებას და ზრდის მიომეტრიუმის მგრძნობელობას პროსტაგლანდინების მიმართ. შედეგად, ხდება დეციდუალური გარსის დესკვამაცია და სანაყოფე კვერცხის გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს მის კლინიკურ ეფექტიანობას როგორც ორსულობის ადრეული ვადის შეწყვეტისას, ასევე მშობიარობის ინდუქციისას.
მიროპრისტონის ერთი ტაბლეტი 200 მგ მიფეპრისტონს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, კალციუმის სტეარატი და ტალკი.
პერორალურად 600 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (1,98 მგ/ლ) საშუალოდ 1,3 საათში მიიღწევა. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 69%-ს შეადგენს. მიფეპრისტონის 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს — ალბუმინსა და მჟავე ალფა-1-გლიკოპროტეინს. განაწილების ფაზის შემდეგ მისი ელიმინაცია იწყება ნელა: 12-72 საათის შუალედში კონცენტრაცია დაახლოებით ორჯერ მცირდება, შემდეგ კი კლებას უფრო სწრაფად განაგრძობს. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 18 საათს შეადგენს.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც სათანადოდ მომზადებული კადრები ჰყავთ და საჭირო მოწყობილობა აქვთ.
დღენაკლული ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტისათვის: 600 მგ მიროპრისტონი (3 ტაბლეტი, თითოეული 200 მგ) მიიღება პერორალურად ერთჯერადად ექიმის ზედამხედველობით, მსუბუქი საუზმის მიღებიდან 1-1,5 საათში, 100 მლ ანადუღარი წყლით. მიღებიდან 36-48 საათში პაციენტმა უნდა მიმართოს სამკურნალო დაწესებულებას 400 მკგ მიზოპრისტოლის მისაღებად, რის შემდეგაც აუცილებელია ექიმის დინამიკური დაკვირვება 2 საათის განმავლობაში. 10-14 დღის შემდეგ ტარდება განმეორებითი კლინიკური და ულტრაბგერული კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ხდება ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა მუცლის მოშლის დასადასტურებლად. არასრული აბორტის ან გაგრძელებული ორსულობის შემთხვევაში მე-14 დღეს ატარებენ ვაკუუმასპირაციას ასპირატის შემდგომი ჰისტოლოგიური შემოწმებით.
მშობიარობის მომზადებისა და ინდუქციისათვის: 200 მგ მიროპრისტონი (1 ტაბლეტი) მიიღება პერორალურად ერთჯერადად ექიმის ზედამხედველობით. 24 საათის შემდეგ ინიშნება იმავე დოზის მეორედ მიღება. 48-72 საათის შემდეგ ხდება სამშობიარო გზების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება პროსტაგლანდინები ან ოქსიტოცინი.
ადრეულ ვადებში ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოყენებისას, თუ მე-10-14 დღეს ეფექტი არ აღინიშნება (არასრული აბორტი ან გაგრძელებული ორსულობა), ორსულობა სხვა მეთოდით უნდა შეწყდეს, რადგან ნაყოფს შესაძლოა თანდაყოლილი მანკები განუვითარდეს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მიროპრისტონის გამოყენება მოითხოვს რეზუს-ალოიმუნიზაციის თავიდან აცილებას და აბორტის თანმხლებ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.
მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მიროპრისტონის მიღებიდან მე-3 დღეს. ხოლო მიროპრისტონის გამოყენება მშობიარობისათვის საშვილოსნოს ყელის მოსამზადებლად შემდგომ ლაქტაციას არ ზღუდავს.
მიროპრისტონის (მიფეპრისტონის) მიღებას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები: დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
აბორტის პროცედურასთან დაკავშირებულმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში და საშვილოსნოსა თუ მის დანამატებში ანთებითი პროცესების გამწვავება.
აღსანიშნავია, რომ მიროპრისტონის მიღება 2 გ-მდე დოზებში არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
12 სექ 2025