აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მოვალისი — რისი წამალია ის და როგორ გამოიყენება

უკან

მოვალისი — რისი წამალია ის და როგორ გამოიყენება

10 ივნ 2025

მოვალისი ამპულა, მოვალისი ნემსი და მოვალისი ტაბლეტი

მოვალისი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია, რომელიც ენოლის მჟავას წარმოებულებს მიეკუთვნება. მას გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება ახასიათებს, რაც ეფექტიანად აქცევს ისეთი ქრონიკული ანთებითი დაავადებების სამკურნალო საშუალებად, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი და ანკილოზირებადი სპონდილიტი. 

მოვალისის მოქმედება პროსტაგლანდინების — ანთებით პროცესებში მონაწილე ნაერთების — სინთეზის ინჰიბირებას ეფუძნება, რაც ანთების აქტიურ შესუსტებასა და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს.

პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში და სტანდარტულ ანთებით მოდელებზე. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სელექციურად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა-2-ს (ცოგ-2), ანუ იმ ფერმენტს, რომელიც ანთებითი რეაქციების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ამგვარი სელექციურობა საშუალებას იძლევა, რომ მოვალისმა ნაკლები რისკით იმოქმედოს ციკლოოქსიგენაზა-1-ზე (ცოგ-1), რომელიც კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვაში მონაწილეობს.

მოვალისი სხვადასხვა სამკურნალო ფორმაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის ტაბლეტებისა და ამპულების სახით, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ყველაზე შესაფერისი ვარიანტი შეარჩიოს. 

მოვალისის ტაბლეტის დოზებია — მოვალისი 7.5 მგ. და მოვალისი 15 მგ, რაც დაავადების სიმძიმისა და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით დოზის მორგებას აადვილებს. მოვალისის ამპულა 15 მგ. დოზით იწარმოება და მკურნალობის საწყის ეტაპზე გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი ანტიბოლური ეფექტია საჭირო ან პერორალური მიღება შეუძლებელია.

 

მოვალისი ფასი პსპ-ში

როგორია მოვალისის ინსტრუქცია — მიღების წესი და დოზირება 

პრეპარატის საინიექციო ხსნარი კუნთში ღრმად შეჰყავთ და სხვა მედიკამენტებთან ერთ შპრიცში მისი შერევა არ შეიძლება (შეუთავსებლობის რისკის გამო). ამპულებით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ რამდენიმე დღით, რის შემდეგაც საჭიროა პაციენტის გადაყვანა პერორალურ ფორმებზე. დოზა დღეში ერთხელ 15 მგ ან 7.5 მგ-ია. ეს ტკივილის ინტენსივობისა და ანთებითი პროცესის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოვალისი ბავშვებში ნემსის სახით არ გამოიყენება და მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, რომელთაც თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღენიშნებათ, სადღეღამისო დოზის მაქსიმუმი  7.5 მგ-ია.

მოვალისის აბები პერორალურად მიიღება — ჭამის დროს წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით. სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობისთვის რეკომენდებული დოზებია:

  • რევმატოიდული ართრიტი — 15 მგ. დღეში. თერაპიული ეფექტის შედეგის მიღების შემდეგ დოზა შეიძლება 7.5 მგ-მდე შემცირდეს;
  • ოსტეოართროზი — 7.5 მგ. დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაზრდა 15 მგ-მდე;
  • ანკილოზირებადი სპონდილიტი — 15 მგ. დღეში, ეფექტის შემთხვევაში დოზა, შესაძლოა, შემცირდეს 7.5 მგ-მდე;
  • თირკმელების უკმარისობისას — განსაკუთრებით ჰემოდიალიზისას, დღიური დოზა 7.5 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს. მოზარდებისთვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 0.25 მგ-ს სხეულის კილოგრამზე.

თუ მოვალისი ერთდროულად სხვადასხვა ფორმით ინიშნება (მაგალითად, ამპულა და ტაბლეტი), მნიშვნელოვანია, რომ ჯამური სადღეღამისო დოზა 15 მგ-ს არ აღემატებოდეს. მოვალისის კომბინირებული გამოყენება მკაცრ დოზირებასა და სამედიცინო ზედამხედველობას საჭიროებს.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა, დაუყოვნებლივი კუჭის ამორეცხვა ჩატარდეს და სიმპტომატური მკურნალობა დაინიშნოს. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, თუმცა დადასტურებულია, რომ ქოლესტირამინი ორგანიზმიდან მელოქსიკამის გამოყოფას აჩქარებს.

 

მოვალისის ანოტაცია წაიკითხეთ ბლოგში

როგორ მოქმედებს პრეპარატი — მოვალისის ანოტაცია 

ამპულის ფორმით მიღებული პრეპარატი ორგანიზმში ფართოდ ნაწილდება და პლაზმის ცილებს მჭიდროდ უკავშირდება — დაახლოებით 99%-ით. იგი ჰემატოენცეფალურ ბარიერს ლახავს და სინოვიალურ სითხეში აღწევს, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმურ კონცენტრაციასთან შედარებით დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით მეტაბოლიზდება. მისი გამოყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, მიმდინარეობს. უცვლელი ფორმით ორგანიზმიდან გამოყოფილი პრეპარატის რაოდენობა დღიური დოზის მხოლოდ 5%-ს შეადგენს და ნაწლავებიდან გამოიდევნება. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12 საათია, ხოლო პლაზმური კლირენსი საშუალოდ 8 მლ/წთ-ს უდრის, რაც ხანდაზმულ პაციენტებში, შესაძლოა, შემცირდეს.

მელოქსიკამის მეტაბოლიზმი ძირითადად ღვიძლში, ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით ხორციელდება. პრეპარატის დაახლოებით 23% ციტოქრომ 2C9-ის გავლენით იშლება, რაც მეტაბოლიზმის მთავარი მექანიზმია. დამატებითი გზით იგი ციტოქრომ 3A4-ის საშუალებით გადამუშავდება. მელოქსიკამის დაახლოებით 13% ალტერნატიული გზით გადამუშავდება, მაგალითად, ზეჟანგვითი დაჟანგვის პროცესის მეშვეობით.

მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ პრეპარატი შეიძლება, ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში შევიდეს იმ მედიკამენტებთან, რომლებიც ანალოგიურად მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ 2C9-ის ან 3A4-ის მეშვეობით, ან რომლებიც გავლენას ახდენს მელოქსიკამის აქტივობაზე. ამის გამო მსგავსი პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა ყურადღება და კონტროლი.

მოვალისი (ტაბლ.) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგად შეიწოვება, რაც მის მაღალ ბიოშეღწევადობაზე მიუთითებს  — დაახლოებით 89%. პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 5–6 საათის შემდეგ ფიქსირდება. მრავალჯერადი მიღებისას ფარმაკოკინეტიკური სტაბილურობა მესამე–მეხუთე დღეს მიიღწევა. საკვების მიღება მელოქსიკამის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს, რაც მისი გამოყენებისას მოქნილობას ზრდის.

ფარმაკოკინეტიკის სტაბილურ ფაზაში მაქსიმალურ (Cmax) და მინიმალურ კონცენტრაციებს შორის განსხვავება მცირეა: 7.5 მგ დოზისთვის — 0.4-1.0 მკგ/მლ, ხოლო 15 მგ დოზისთვის — 0.8-2.0 მკგ/მლ. მელოქსიკამის კონცენტრაცია მუდმივი მიღების შემდეგ 1 წლის განმავლობაშიც იმავე დონეზე რჩება. 

ღვიძლის ან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის განაწილების მოცულობა იზრდება და, შესაძლოა, შედარებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნოს. ასეთ დროს 7.5 მგ-ზე მეტი არ უნდა მიიღოთ. გასათვალისწინებელია, რომ ხანდაზმულ პაციენტებში საშუალო კლირენსი მცირედით დაბალია, ვიდრე ახალგაზრდა პირებში.

როგორია პრეპარატის უკუჩვენებები

მოვალისის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომელთაც მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ აღენიშნებათ. არსებობს ჯვარედინი ალერგიული რეაქციების რისკი ისეთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ, როგორიც აცეტილსალიცილის მჟავაა. განსაკუთრებით, პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს იმ ადამიანებში, რომელთაც არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას ბრონქული ასთმის შეტევები, ცხვირის პოლიპოზი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება ჰქონდათ.

მოვალისი უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში. ასევე იმ შემთხვევებში, როცა აქტიური სისხლდენა აღინიშნება — მათ შორის კუჭ-ნაწლავიდან, ცერებროვასკულარული ან სხვა ტიპის. პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს — ეს ბიოლოგიური მექანიზმი ნაყოფის ნორმალურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებს, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება მუცლის მოშლასთან და გულის მანკების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. ასეთი მანკის განვითარების რისკი 1%-დან 1.5%-მდე იზრდება და დოზისა თუ მკურნალობის ხანგრძლივობის პროპორციულად იმატებს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატმა, შესაძლოა, ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს, მათ შორის არტერიული ნაკადის დროული დახურვა ან ფილტვების ჰიპერტენზია. ასევე, არსებობს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისა და ამნიონური სითხის შემცირების საფრთხეც. დედის მხრივ, მოსალოდნელია მშობიარობის გაჭიანურება საშვილოსნოს შეკუმშვადობის დაქვეითების გამო და სისხლდენის ხანგრძლივობის მატება.

 

მოვალისი ინსტრუქცია, რომელიც წამლის გამოყენებისას დაგჭირდებათ

როდის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე

მოვალისის ამპულები მხოლოდ კუნთში შეყვანისთვის არის განკუთვნილი და მისი ვენაში ინიექცია დაუშვებელია. ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, მოვალისი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის პათოლოგიები აქვთ ან ანტიკოაგულანტურ თერაპიას გადიან. მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, პეპტიური წყლულის ან პერფორაციის რისკი, რაც პრეპარატის დაუყოვნებლივ შეწყვეტას საჭიროებს. ხანდაზმულ პაციენტებში მსგავსი გართულებები, როგორც წესი, უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

მოვალისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებმა, რომელთაც კანისა და ლორწოვანის არასასურველი რეაქციები. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის შეწყვეტაა აუცილებელი. მსგავსი პრეპარატები თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს, რაც ამ ორგანოს სისხლმომარაგების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითების პირობებში, შესაძლოა, თირკმლის ფუნქციის დეკომპენსაცია განვითარდეს, თუმცა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ თირკმელების ფუნქცია, როგორც წესი, აღდგება. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ მასშტაბური ქირურგიული ჩარევები ჰიპოვოლემიის ფონზე — მათთან დიურეზისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლია რეკომენდებული.

ასეთი მედიკამენტებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმელების ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი. ასევე შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების, განსაკუთრებით შრატის ტრანსამინაზების, ტრანზიტორული და უმნიშვნელო მატება. მკვეთრი ან მუდმივი დარღვევებისას მკურნალობის შეწყვეტა და ლაბორატორიული მონიტორინგია აუცილებელი. 

ღვიძლის ციროზის მქონე, კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება შედარებით მძიმედ მიმდინარე გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, რის გამოც მათი მდგომარეობის სისტემური კონტროლია საჭირო. ნატრიუმის, კალიუმის და სითხის შეკავების გამო შესაძლებელია ჰიპერტენზიის პროგრესირება და გულის უკმარისობის განვითარება. მხედველობის დაქვეითების, თავბრუსხვევის ან ძილიანობის შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა შეზღუდულია იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც კონცენტრაციას მოითხოვს, მათ შორისაა ავტოტრანსპორტის მართვა.

მოვალისის კომბინაცია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის, სალიცილატებთან) ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებების, მათ შორის წყლულისა და სისხლდენის რისკს. იგი ასევე ზრდის ლითიუმის პლაზმურ კონცენტრაციას, რისთვისაც საჭიროა მონიტორინგი. მეტოტრექსატთან კომბინაცია აძლიერებს მის ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას, რაც მოითხოვს სისხლის ანალიზის კონტროლს. მელოქსიკამი ამცირებს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტურობას და, დიურეზულებთან ერთად გამოყენებისას, ზრდის თირკმლის უკმარისობის რისკს დეჰიდრატირებული პაციენტებში.

ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (ბეტა-ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ვაზოდილატატორები, დიურეზულები) ერთად გამოყენებისას მელოქსიკამი მათ ეფექტიანობას ამცირებს, რაც პროსტაგლანდინების ბლოკირებით აიხსნება. ქოლესტირამინი მელოქსიკამის გამოყოფას აჩქარებს, ციკლოსპორინთან კომბინაციით კი, შესაძლოა, თირკმლის ტოქსიკურობა გაიზარდოს. პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, შესაძლოა, ჰიპო ან ჰიპერგლიკემიის მიზეზი გახდეს, ამიტომ გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლის რეკომენდებული.

მელოქსიკამი ორგანიზმში სითხის, ნატრიუმისა და კალიუმის შეკავებას უწყობს ხელს, რაც დიურეზულების ნატრიურეზულ ეფექტს ასუსტებს და გულის უკმარისობისა თუ ჰიპერტენზიის პროგრესირებას ამძიმებს. არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, ტიკლოპიდინი, ჰეპარინი და თრომბოლიზური პრეპარატები ამ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას სისხლდენის რისკს ზრდის. რაც შეეხება ანტაციდებს, ციმეტიდინს, დიგოქსინს და ფუროსემიდს — მათთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

10 ივნ 2025