მუკოგენი – პრეპარატი კუჭის წყლულისა და გასტრიტის წინააღმდეგ
12 სექ 2025

არასწორი კვების შედეგები ხშირად კუჭის პრობლემების სახით ვლინდება, რაც დისკომფორტს, წვის შეგრძნებას, მუცლის ტკივილსა და ზოგჯერ ქრონიკულ დარღვევებსაც იწვევს. დღეს მედიცინა კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვის, ანთებითი პროცესების შემცირებისა და წყლულოვანი მდგომარეობების მართვისთვის სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობს.
ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია მუკოგენი, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის სტაბილურობას უზრუნველყოფს. პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით რებამიპიდს შეიცავს, რომელიც ციტოპროტექტორული თვისებებით გამოირჩევა.
პსპ-ის აფთიაქებში მუკოგენის 100 მგ-იანი დოზირებული ტაბლეტები რეცეპტის გარეშე გაიცემა. ერთ შეფუთვაში 30 ტაბლეტია.
მუკოგენში შემავალი რებამიპიდი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც აგრესიული ფაქტორებისგან კუჭის ლორწოვანის დაცვას უწყობს ხელს. ის ამას კუჭის წვენსა და ლორწოვანში ენდოგენური პროსტაგლანდინების (PGE2 და PGI2) დონის გაზრდით აღწევს.
რებამიპიდის გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუჭის ლორწოვანში და ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ზრდის ზედაპირული ლორწოს რაოდენობას, თუმცა არ ცვლის ბაზალურ სეკრეციას.
ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით, 100 მგ რებამიპიდის პერორალური მიღების შემდეგ, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 2 საათში მიიღწევა. პრეპარატი ორგანიზმში არ აკუმულირდება, მისი 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო 10% უცვლელი სახით შარდთან ერთად გამოიყოფა.
მედიკამენტი მუკოგენი (რებამიპიდი) კუჭსა და ნაწლავებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენება. მათ შორის, იგი ეფექტიანია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როდესაც ლორწოვანი გარსის დაცვა და სიმპტომების შემსუბუქებაა საჭირო.
მას ასევე იყენებენ ქრონიკული გასტრიტის გამწვავების პერიოდში, ანთებითი პროცესების შემცირებისა და ლორწოვანი გარსის დასაცავად.
მუკოგენში შემავალი რებამიპიდი ეფექტიანია ეროზიული გასტრიტის მკურნალობისას, ხელს უწყობს კუჭის ლორწოს რეგენერაციას და სიმპტომების შემცირებას. ასევე გამოიყენება არაწყლულოვანი დისპეპსიის დროს, როდესაც პრეპარატი კუჭის ფუნქციას აუმჯობესებს და დისკომფორტს აქრობს.
გარდა ამისა, რებამიპიდი პროფილაქტიკური მიზნით ინიშნება, როდესაც ადამიანი იღებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, რომლებიც შესაძლოა კუჭის ლორწოს აზიანებდეს. ამ შემთხვევაში მუკოგენი ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას და კუჭის დაზიანების რისკს ამცირებს.

მუკოგენი პერორალური გზით, პირის ღრუს გავლით მიიღება. იგი 14 წელს ზემოთ მოზარდებისა და ზრდასრულთათვის არის განკუთვნილი. ორივე შემთხვევაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 3-ჯერ. პრეპარატის მიღება არ არის დაკავშირებული კვებასთან, ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც მშიერ კუჭზე, ისე ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების ტიპსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, ის 2-4 კვირას შეადგენს. კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება 2-8 კვირამდე გახანგრძლივდეს. თერაპიის დასრულების შემდეგ უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში კურსი გაგრძელდეს ან დამატებითი მონიტორინგი ჩატარდეს.
გაითვალისწინეთ, რომ წამალი მუკოგენის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შეზღუდულია. მაგალითად, პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც რებამიპიდის ან მუკოგენის დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ.
უკუჩვენებებს შორისაა ასევე კუჭის ავთვისებიანი დაავადებები, რადგან ასეთი მდგომარეობის დროს პრეპარატის მიღებამ შესაძლოა სიმპტომები გადაფაროს და სწორი დიაგნოზის დასმა ხელი შეუძალოს.
მუკოგენის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან მისი უსაფრთხოება ამ კატეგორიის პაციენტებში არ დადასტურებულა. გარდა ამისა, პრეპარატი არ გამოიყენება 14 წლამდე ბავშვებში, ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად ისინი შეიძლება მუკოგენის მიღების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა იშვიათად. როგორც წესი, ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა. მაგალითად, შესაძლებელია დისპეპსიური დარღვევები, როგორიცაა ფაღარათი, გულისრევა ან ღებინება.
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება გემოვნების შეცვლა ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, რაც მკურნალობის პროცესში ღვიძლის ფუნქციის კონტროლს საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები უმეტესად დროებითია და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება, მათი გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
12 სექ 2025