ნატრიუმის ქლორიდი – ფიზიოლოგიური ხსნარი ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის დასაცავად
10 ივნ 2025

ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის რეალიზაციაც სავაჭრო დასახელებით – ნატრიუმის ქლორიდი – ხდება, სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება. იგი ინტრავენური ინფუზიისათვის, ეგრეთ წოდებული „გადასხმისთვის“ განკუთვნილი გამჭვირვალე, უფერო სითხეა. 100 მლ ხსნარი 0.9 გ ნატრიუმის ქლორიდს, ასევე საინიექციო წყალს შეიცავს.
ფიზიოლოგიური ხსნარი PSP-ში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. აფთიაქების ქსელში ხელმისაწვდომია:

ნატრიუმის ქლორიდი ელექტროლიტების დანამატ საშუალებებში შედის. აღსანიშნავია, რომ ნატრიუმი და ქლორიდი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ელექტროლიტებია, რომლებიც ძირითადად უჯრედგარეთა სითხეში გვხვდება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
ცნობისთვის, ოსმოსური წნევა არის ორი სხვადასხვა კონცენტრაციის ნივთიერების, უმეტესად ხსნარების, დიფუზური გაწონასწორება მათი გამყოფი ფოროვანი აპკის გავლით. ცოცხალ ორგანიზმში გამხსნელის როლს წყალი ასრულებს. რაც მეტია ხსნარის კონცენტრაცია (გახსნილი ნივთიერების რაც მეტ მოლეკულას შეიცავს), მით მეტია ამ უკანასკნელის ოსმოსური წნევა.
ნატრიუმისა და ქლორიდის ბალანსი ორგანიზმში რეგულირდება ჰორმონალური სისტემით – კონკრეტულად კი ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის უკანა წილისა და თირკმელების მიერ. ეს მექანიზმები სითხის მოცულობისა და ოსმოსური წნევის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ნატრიუმის ქლორიდის (ფიზიოლოგიური ხსნარის) გამოყენება რეკომენდებულია სხვადასხვა მდგომარეობის დროს, როდესაც ორგანიზმს სითხის და ელექტროლიტების (წყალ-მარილოვანი) ბალანსის სწრაფი აღდგენა ესაჭიროება. ასეთი შემთხვევები კი ხშირად ხდება ტოქსიკური დისპეფსიის, ქოლერას, დიარეის, ღებინების, ვრცელი დამწვრობის, გაუწყლოვნებით მიმდინარე ჰიპოქლორემიისა და ჰიპონატრემიის, ასევე ნაწლავების გაუვალობისა და ინტოქსიკაციის დროს.
ფიზიოლოგიური ხსნარი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ შემთხვევაში, როდესაც სითხის დაკარგვას თან ახლავს ალკალოზი – ორგანიზმში მჟავეტუტოვანი წონასწორობის დარღვევა, რაც მაღალ ტუტიანობაში ვლინდება. ასეთ დროს მისი გამოყენება მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექციას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ის უაღრესად მნიშვნელოვანია მარილის ე.წ. გამოლევისას, რაც ხშირად ხდება ოფლიანობის, ღებინების ან ფაღარათის შედეგად. ამ მდგომარეობებში, ელექტროლიტური დისბალანსის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი რეაგირებაა აუცილებელი.
ფიზიოლოგიური ხსნარი ასევე გამოიყენება მარილის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი პათოლოგიური ან ქირურგიული მდგომარეობების დროს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ან ქირურგიული ჩარევები. ამ შემთხვევებში ხშირად ფიქსირდება ქლორიდის დანაკარგი, რომელიც ნატრიუმის დანაკარგზე მეტია, რაც მიზნობრივ კომპენსაციას საჭიროებს.
ნატრიუმის ქლორიდს იყენებენ გარეგანადაც, ჭრილობის ირიგაციისთვის და მისთვის განკუთვნილი ტამპონისა და სახვევის დასატენიანებლად. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად, თვალის მოსაბანად, სხვადასხვა სამკურნალო საშუალების გაზავებისა და გახსნისათვის გამოიყენება.
ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა გზით: ინტრავენურად (წვეთოვანად), კანქვეშ, რექტალურად და გარეგანად. ხსნარის შეყვანამდე ის თბება სხეულის ტემპერატურასთან მიახლოებულ დონემდე – დაახლოებით 36-38°C-მდე.
დოზა ორგანიზმიდან დაკარგული სითხის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, დღიური ოდენობა მერყეობს 5 მლ-დან 2 ლ-მდე. მძიმე ინტოქსიკაციის ან სითხის დიდი დანაკარგის შემთხვევაში შესაძლებელია 3 ლ-მდე მოცულობის შეყვანაც.
ინტრავენური შეყვანის სიჩქარე, როგორც წესი, 540 მლ/სთ-ს შეადგენს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მისი გაზრდაა შესაძლებელი.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტების დონის მონიტორინგი პლაზმასა და შარდში.
კანქვეშ შეყვანისას ხსნარის მოცულობა ინდივიდუალური ჩვენების მიხედვითაა განსაზღვრული და, როგორც წესი, 5 მლ-ს ან მეტს შეადგენს. რექტალური გზით მიღებისას ერთჯერადად დაახლოებით 75-100 მლ შეჰყავთ. ირიგაციისა და დასველებისთვის საჭირო მოცულობა კი მოთხოვნილების მიხედვით განისაზღვრება.
ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის რაოდენობა, კონკრეტული სამკურნალო პრეპარატის გასაზავებლად, თავად იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით ან, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომელიც ამისთვის კონკრეტულ კლინიკურ მდგომარეობას აფასებს.
ბავშვებში ფიზიოლოგიური ხსნარის დოზირება ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. მათ შორის, გათვალისწინებული უნდა იყოს ორგანიზმისთვის წყლისა და ელექტროლიტების საჭიროება, ასევე ბავშვის ასაკი, სხეულის წონა და კლინიკური მდგომარეობა.
თუ ადგილი აქვს მწვავე დეჰიდრატაციას, მკურნალობის პირველ საათში რეკომენდებულია ბოლუსური მეთოდით ხსნარის შეყვანა, დოზით 20 მლ თითოეულ კილოგრამ წონაზე. ბოლუსური მეთოდი ნიშნავს პრეპარატის (ხშირად სითხის ან წამლის) შედარებით სწრაფად შეყვანას ორგანიზმში, ჩვეულებრივ ვენაში, რათა სასურველი თერაპიული ეფექტი მოკლე დროში იქნეს მიღწეული
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის მიერ მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის საერთო მოცულობა, რათა სათანადო ჰიდრატაცია მოხდეს.
ნატრიუმის ქლორიდი გარკვეულ კლინიკურ შემთხვევებში შეიძლება არაეფექტიანი აღმოჩნდეს. კონკრეტულად კი, ის არაადეკვატურია უჯრედშიდა სითხის ბალანსის აღსადგენად, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა პირიქით – უჯრედშიდა ელექტროლიტური დეფიციტის გამწვავება გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ორგანიზმს აკლია კალიუმი – უჯრედშიდა სივრცის მთავარი ელექტროლიტი. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ნატრიუმის შემცველი ხსნარი არ უზრუნველყოფს საჭირო ბალანსს და საჭიროა ხსნარების გამოყენება, რომლებიც შეიცავს როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარეთა ელექტროლიტებს.
ამასთან, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, როცა ფიზიოლოგიური ხსნარი ინიშნება გულის უკმარისობით, ციროზით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული მარილის შეკავების ტენდენციის მქონე პაციენტებში – ასეთ შემთხვევებში სითხისა და ნატრიუმის ზედმეტმა რაოდენობამ შესაძლოა ორგანიზმის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიამ ოპერაციის მიმდინარეობისას ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლოა განაპირობოს ნატრიუმის ჭარბი შეკავება, რაც ჰემოსტაზური (სხეულის ზოგიერთი ნაწილის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შენელება, შეწყვეტა) მექანიზმების აქტივაციასთანაა დაკავშირებული.
ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერჰიდრატაციის – ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის არსებობის დროს. მსგავს შემთხვევებში სასარგებლო წყალი ტოქსიკურად იქცევა და წყლით მოწამვლა ვითარდება. ჰიპერჰიდრატაციის ფონზე კი, ელექტროლიტების დისბალანსი ყალიბდება.
ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დამოკიდებულია იმ კონკრეტული პრეპარატის ინსტრუქციაზე, რომლის გასაზავებლადაც ის მოიაზრება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პრეპარატის დანართში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება.
ნატრიუმის ქლორიდის გამოყენებამ შეიძლება ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი დაგროვება, როგორც წესი, თირკმელების მიერ ნატრიუმის გამოყოფის დარღვევითაა გამოწვეული. ამ დროს ორგანიზმი ცდილობს, ნორმალური პლაზმური ოსმოლარობა (გახსნილი ნივთიერებების ნაწილაკების (მოლეკულების) კონცენტრაცია) შეინარჩუნოს. შედეგად, უჯრედგარეთა სითხე გროვდება, რაც შეიძლება ფილტვების ან პერიფერიული ქსოვილების შეშუპებით გამოიხატოს.
შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერნატრიემია – პლაზმური ოსმოლარობის მომატება – რომელიც ჰიპერტონული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ხშირად აღინიშნება. მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა თავის ტვინის დეჰიდრატაცია, რაც ძილიანობას, ცნობიერების დაბინდვას იწვევს და შესაძლოა კრუნჩხვამდე, კომამდე, სუნთქვის უკმარისობამდე და სიკვდილამდეც კი პროგრესირდეს.
ჰიპერნატრიემიის სხვა სიმპტომები მოიცავს ძლიერ წყურვილს, ნერწყვდენისა და ცრემლდენის შემცირებას, ტემპერატურის მატებას, ოფლიანობას, ტაქიკარდიას, წნევის მერყეობას (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია), თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მოუსვენრობას, გაღიზიანებას, საერთო სისუსტეს, კუნთების კანკალსა და დაჭიმულობას.
ქლორიდის ჭარბი მიღება თავის მხრივ შეიძლება უკავშირდებოდეს ბიკარბონატების (ნახშირმჟავას მჟავური მარილები) დაკარგვას, რაც ორგანიზმში დამჟანგავი ეფექტით აისახება.
10 ივნ 2025