ნეიროსერკის ანოტაცია მარტივად: როგორია პრეპარატის მიღების წესი და რა უნდა გავითვალისწინოთ
6 აგვ 2025

ნეიროსერკი მედიკამენტია, რომელიც უმთავრესად მენიერის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ მდგომარეობას ხშირად თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, გულისრევა და წონასწორობის დარღვევები ახლავს თან. ამ ყველაფერმა ადამიანის ცხოვრების ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს — გაართულოს ავტომანქანის მართვა, სიარული და ყურებში ხმაურის გამო განტვირთვაც კი.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი მედიკამენტი არსებობს, ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება კი ნეიროსერკის ტაბლეტებია. ხანგრძლივი, სწორი გამოყენების შემთხვევაში ეს საშუალება მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს.
ეს წამალი აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იგი ექიმის დანიშნულებით მიიღოთ. ნეიროსერკის ფასი შეიძლება სააფთიაქო ქსელებისა და სააქციო პერიოდების მიხედვით განსხვავებული იყოს. გასათვალისწინებელია პრეპარატის დოზაც. მაგალითად, ნეიროსერკი 24 მგ ფასით 16-მილიგრამიანი ვერსიისგან განსხვავდება. ამ პრეპარატის მოძიებას PSP-ს ონლაინაფთიაქში შეძლებთ.
მოდით, მანამდე ნეიროსერკის ანოტაცია და პრეპარატთან დაკავშირებული დეტალები მიმოვიხილოთ.
პრეპარატი ნეიროსერკი მენიერის სინდრომისა და ვესტიბულარული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს მდგომარეობები შიდა ყურის პრობლემებთან არის დაკავშირებული და შეიძლება ახლდეს: თავბრუსხვევა, გულისრევა, ყურებში ხმაური და სმენის დაქვეითებაც კი. წამალი ნეიროსერკი ამ სიმპტომების გამოვლენის სიხშირესა და სიმძიმეს ამცირებს.
ამას იგი მოქმედი ნივთიერების, ბეტაჰისტინის, წყალობით ახერხებს. მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. მეორე მხრივ, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე რამდენიმე ძირითადი ეფექტი მაინც არის გამოვლენილი.
ბეტაჰისტინი ჰისტამინის რეცეპტორებზე მოქმედებს. კერძოდ, იგი ნაწილობრივ ააქტიურებს H1 რეცეპტორებს და ბლოკავს H3 რეცეპტორებს, ეს კი ჰისტამინის გამოყოფას უწყობს ხელს და წონასწორობის რეგულაციას აუმჯობესებს. გარდა ამისა, იგი შიდა ყურსა და ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც ვესტიბულარული სისტემის ფუნქციის აღდგენას ეხმარება.
ცნობილია ისიც, რომ ბეტაჰისტინი ცენტრალური ვესტიბულარული კომპენსაციის პროცესს აჩქარებს. ეს ორგანიზმს ეხმარება, რომ წონასწორობის დარღვევებს უფრო სწრაფად მოერგოს, მაგალითად, შიდა ყურის დაზიანების შემდეგ.
ეს პრეპარატი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება. იგი ორგანიზმში ასევე ჩქარა მუშავდება ძირითადად 2-პირიდილძმარმჟავად. სისხლში ბეტაჰისტინი დაბალი კონცენტრაციით ხვდება, ამიტომ ორგანიზმიდან მის გამოყოფას სწორედ ამ მეტაბოლიტით აფასებენ ხოლმე.
მედიკამენტი სხეულიდან შარდით გამოიდევნება. ბეტაჰისტინის გამოყოფის სიჩქარე დოზის გაზრდისას არ იცვლება, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში მისი დამუშავების მექანიზმი სტაბილურია.

ნეიროსერკის ჩვენება უმთავრესად მენიერის სინდრომია, ანუ ეს პრეპარატი ხშირად ამ მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება. მენიერის სინდრომს თავბრუსხვევა (გულისრევისა და ღებინების თანხლებით), სმენის დაქვეითება და ყურებში ხმაური ახასიათებს. ეს წამალი გამოიყენება ვესტიბულარული თავბრუსხვევის (ვერტიგო) სიმპტომური მკურნალობისთვისაც.
გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. ნეიროსერკის უკუჩვენება არის:
ბეტაჰისტინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის, რადგან ამ შემთხვევებში მის უსაფრთხოებაზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. დადგენილი არ არის, გადადის თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. შესაბამისად, თუკი ლაქტაციისას ექიმმა მისი გამოყენება მიზანშეწონილად ჩათვალა, მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.
ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება, ასევე ბრონქული ასთმა ანდა არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებათ.
ნეიროსერკის ინსტრუქცია საკმაოდ მარტივია. ეს პრეპარატი ორალური გზით მიიღება, ჭამის დროს.
ნეიროსერკი 24მგ შემცველობით, თითო ტაბლეტი, 2-ჯერ უნდა მიიღოთ დღეში. მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივია. ამას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თქვენი საჭიროებების საფუძველზე. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ნეიროსერკი 16 მგ. ტაბლეტების სახითაც. სპეციალისტი გირჩევთ, თუ რომლის გამოყენებაა თქვენთვის უმჯობესი.
რაც შეეხება სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებას, სხვა პრეპარატებთან ამ წამლის ურთიერთქმედება ცოცხალ ორგანიზმებში არ შეუმოწმებიათ. ამის მიუხედავად, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ იგი, სავარაუდოდ, ღვიძლის ციტოქრომის P450 ფერმენტების მუშაობას არ აფერხებს.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ბეტაჰისტინის დაშლას აფერხებს ისეთი პრეპარატები, რომლებიც მონოამინოოქსიდაზას (MAO) ბლოკავს, B ქვეტიპის ჩათვლით (MAO-B). ასეთი საშუალება შეიძლება იყოს, მაგალითად, სელეგინინი. შესაბამისად, ბეტაჰისტინისა და МАО ინჰიბიტორების (МАО-B-ს ჩათვლით) ერთდროული მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.
გარდა ამისა, ბეტაჰისტინი ჰისტამინის ანალოგია; შესაბამისად, შესაძლოა, მას გავლენა ჰქონდეს ისეთ წამლებზე, რომლებიც H1-ჰისტამინის რეცეპტორებს ბლოკავს. თეორიულად, ამ დროს შეიძლება რომელიმე საშუალების ეფექტიანობა შეიცვალოს.
ნეიროსერკის დოზის კორექცია საჭირო არაა ხანდაზმულებში. საჭირო არაა არც მაშინ, როცა პაციენტს ღვიძლის ანდა თირკმლის უკმარისობა აქვს.
გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან მაშინვე არ გაქრება — ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ. უკეთესობა შეიძლება რამდენიმე კვირაში შენიშნოთ. საუკეთესო შედეგების მისაღებად ზოგჯერ რამდენიმეთვიანი მკურნალობაა საჭირო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, ნეიროსერკის მიღების წესი ექიმთან დააზუსტოთ.

ბეტაჰისტინის მიღებისას ზოგჯერ გვერდითი მოვლენებიც ვლინდება. განსხვავებულია თითოეული სიმპტომის გამოვლენის სიხშირე — ზოგი რამ შედარებით ხშირია, ზოგი კი თითქმის არასდროს ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სიხშირეების შემდეგნაირი კლასიფიკაცია აქვს: ძალიან ხშირია სიმპტომები, რომლებიც 10 ადამიანიდან ერთზე მეტ შემთხვევაში ვლინდება; ხშირია გვერდითი მოვლენები, რომლებიც 100 ადამიანიდან 1-10 შემთხვევაში ფიქსირდება; არც ისე ხშირია გამოვლენა 1000 ადამიანიდან 1-10 შემთხვევაში; იშვიათია გვერდითი ეფექტები, რომლებიც 10 000 ადამიანიდან 1-10 შემთხვევაში ჩნდება, ხოლო ძალიან იშვიათია, როცა ეს 10 000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ხდება. ზოგჯერ არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე ვერ დგინდება, ასეთ დროს კი ამბობენ, რომ გამოვლენის სიხშირე უცნობია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა და დისპეფსია, ანუ კუჭის დისკომფორტი. უცნობი სიხშირით შეიძლება გამოვლინდეს ღებინება, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა ნაწილი), მუცლის ტკივილი და შებერილობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირი გვერდითი მოვლენაა თავის ტკივილი. კანს რაც შეეხება, უცნობი სიხშირით შეიძლება გამოვლინდეს ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. უცნობი სიხშირით ვლინდება ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც.
ნეიროსერკის დოზის გადაჭარბება შესაძლებელია. ამის სიმპტომები შეიძლება იყოს: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ძილიანობა (თუკი 640 მილიგრამამდე დოზაა მიღებული), კრუნჩხვები, გულსა და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები (თუ 640 მილიგრამამდე ან სხვა საშუალებებთან ერთად მიიღება).
მნიშვნელოვანია, რომ ზედოზირების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ. ზოგადად, სპეციალისტები ამ დროს კუჭის გამორეცხვასა და აქტივირებული ნახშირის მიღებას უწევენ რეკომენდაციას. სხვა მხრივ, ექიმი მკურნალობას თქვენი სიმპტომების შესაბამისად წარმართავს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თერაპიული ეფექტი ზოგჯერ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში იზრდება. სიმპტომების გაუმჯობესება რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ შეინიშნება, საუკეთესო შედეგების მისაღწევად კი ზოგჯერ რამდენიმეთვიანი მკურნალობაა საჭირო. შესაბამისად, არ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუკი შედეგს მალევე ვერ დაინახავთ — ეს ბუნებრივია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს წამალი სიფრთხილით, ექიმის ზედამხედველობის, ქვეშ მივიღოთ. ეს ეხებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ბრონქიალური ასთმა და არტერიული ჰიპერტენზია.
კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ნეიროსერკი არ ზემოქმედებს ან მინიმალურად ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე. პირიქით, ხშირად მენიერის სინდრომი და ვესტიბულარული დარღვევები ართულებს ამ ყველაფერს, რადგან თან ახლავს თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება და წონასწორობის დარღვევები.
ეს სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ ქრება, ამიტომ ავტომობილის მართვის გადაწყვეტილება უმჯობესია, თქვენივე მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღოთ.
მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე შეინახოთ. იგი თავისივე შეფუთვაში უნდა იდოს, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ნეიროსერკის ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 2 წელია. იმისათვის, რომ წამალი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს, ნუ გამოიყენებთ მას ამ დროის გასვლის შემდეგ. ვადის შემოწმებას პრეპარატის შეფუთვაზე შეძლებთ.
6 აგვ 2025