ნიტრონალი მწვავე ბაქტერიულ დიარეასთან გასამკლავებლად
8 აგვ 2025

კუჭის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგჯერ ჩვენს ორგანიზმში ბაქტერიები ხვდება და მწვავე დიარეას იწვევს. ეს პრობლემა თავს იჩენს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ნაწლავური პათოგენებით განპირობებული ფაღარათი, როგორც სიმპტომი, ხშირად თავისით ქრება. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ეფექტიანი ანტიმიკრობული მკურნალობაა საჭირო.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატი ნიტრონალი გამოიყენება, რომელიც კაფსულებისა და სუსპენზიის სახითაა წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერებად ნიფუროქსაზიდს შეიცავს — ნაწლავური ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე კომპონენტს, რომელიც მწვავე ბაქტერიული დიარეის სამკურნალოდ ინიშნება. პრეპარატი სასარგებლო ბაქტერიებს არ ვნებს, რაც დისბაქტერიოზის განვითარების რისკს ამცირებს. ასევე, ის არც რეზისტენტული შტამების წარმოქმნას უწყობს ხელს.
წარმოგიდგენთ ნიტრონალის ანოტაციას:
ბანანის არომატის მქონე სუსპენზია, რომელსაც ხშირად ნიტრონალის სიროფს უწოდებენ, ბავშვების მიერ ადვილად მიიღება და ყოველ 5 მლ-ზე ნიფუროქსაზიდს 200 მგ. დოზით შეიცავს. ის ჰომოგენური, მკვეთრი ყვითელი ფერის სითხეა და დამხმარე ნივთიერებებსაც აერთიანებს; ნიტრონალის კაფსულები 200 მგ. დოზით მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ის მყარი სტრუქტურისა და ყვითელი ჟელატინის სახით იწარმოება, რომელიც იმავე ფერის ფხვნილითაა შევსებული.
ნიტრონალი ნაწლავური ანტიმიკრობული საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება და მისი გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც დიარეა, სავარაუდოდ, ბაქტერიული წარმოშობისაა. სწორი გამოყენებისას პრეპარატი სიმპტომებს სწრაფად ამსუბუქებს და დიარეის პროგრესირებას აჩერებს.
ნიფუროქსაზიდი 5-ნიტროფურანის წარმოებულ ანტიმიკრობულ საშუალებებს მიეკუთვნება და ფართო სპექტრის მოქმედებით გამოირჩევა. მისი მთავარი მექანიზმი დეჰიდროგენაზების აქტივობის ბლოკირებაში მდგომარეობს, რაც პათოგენური ბაქტერიების უჯრედული სუნთქვის ციკლს, ცილების სინთეზს, ტრიკარბონის მჟავების ციკლსა და სხვა ბიოქიმიურ პროცესებს არღვევს. ამ გზით ნიფუროქსაზიდი ბაქტერიულ ზრდას ამცირებს, მიკრობული უჯრედის მემბრანას შლის და ბაქტერიული ტოქსინების წარმოქმნას ეწინააღმდეგება.
ნიტრონალი ეფექტიანია როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა: Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Clostridium perfringens, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica, Campylobacter jejuni და სხვა.
ორივე ფორმის მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრაქტიკულად არ შეიწოვება, არამედ ნაწლავის სანათურში მოქმედებს. ანტიბაქტერიული ეფექტი სრულად ლოკალიზებულია ინფექციის კერაში, სისტემური გავრცელების გარეშე, რაც გვერდითი ეფექტების რისკს ამცირებს.ნიფუროქსაზიდი ნაწლავებში მეტაბოლიზდება, ხოლო მიღებული დოზის 20%-ზე მეტი უცვლელი სახით გამოიყოფა.

პრეპარატის ორივე ფორმა — სუსპენზია და კაფსულები — პერორალურად, რეგულარული ინტერვალებით მიიღება, რათა ორგანიზმში ანტიმიკრობული აქტივობის მუდმივი დონე შენარჩუნდეს.
ნიტრონალის სუსპენზია განკუთვნილია როგორც მოზრდილთათვის, ისე სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის:
ნიტრონალის სუსპენზიის გამოყენება დაუშვებელია დღენაკლულ ჩვილებსა და 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში. პრეპარატის მიღებამდე ფლაკონი აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ, რათა ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ. სწორი დოზირებისათვის სუსპენზიას თან მოყვება საზომი ხუფიც.
რაც შეეხება მეორე ფორმას ნიტრონალის კაფსულები მოზრდილებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის (6 წლის ზემოთ) არის განკუთვნილი:
კაფსულების გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება. მკურნალობის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში ერთ კვირას არ უნდა აღემატებოდეს. თუ სიმპტომები შენარჩუნდა ან გაძლიერდა, ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი.

ნიტრონალი, კერძოდ კი მისი აქტიური ნივთიერება ნიფუროქსაზიდი პაციენტების მიერ, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება და არასასურველ ეფექტებს იშვიათად იწვევს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ასეთი შემთხვევა, შესაძლოა, ჰიპერმგრძნობლობის რეაქციებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც ხასიათდება კანზე გამონაყარით, ჭინჭრის ციებით, ანგიონევროზული შეშუპებით ან, მძიმე ფორმებში, ანაფილაქსიური შოკით.
ამ ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს მიმართოს. თუ პრეპარატის გამოყენებისას რაიმე გვერდითი მოვლენა იჩენს თავს, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, სპეციალისტთან კონსულტაციაა აუცილებელი.
ნიტრონალის გამოყენება არ შეიძლება ნიფუროქსაზიდისა და ნიტროფურანის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ასევე მაშინ, თუ აღინიშნება ალერგია მედიკამენტის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ. გარდა ამისა, სუსპენზიის ფორმა სორბიტოლსა და საქაროზას შეიცავს, რის გამოც მისი მიღება უკუნაჩვენებია იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ასეთია: ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას აბსორბციის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა.
ნიტრონალის მიღება არ არის რეკომენდებული ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას თრგუნავს ან დისულფირამის მაგვარი რეაქციების გამოწვევა შეუძლია. პრეპარატის მიღებისას ალკოჰოლის დალევა მკაცრადაა აკრძალული, რისი მიზეზიც სწორედ ასეთი რისკების თავიდან აცილებაა.
ნიტრონალი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ქალა-ტვინის ტრავმების ან ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების მქონე პაციენტებში. ასევე, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც მკურნალობის პროცესში აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.
ბაქტერიული დიარეის დროს აუცილებელია ადეკვატური რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარება, პერორალური ან ინტრავენური გზით. ეს პაციენტის ასაკზე, ფაღარათის ინტენსივობასა და ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შესაბამისი დიეტის დაცვაც.
იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები გრძელდება ან მკურნალობის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, ექიმთან კონსულტაციაა საჭირო. მსგავსი ნაბიჯი აუცილებელია ასევე იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის სისტემური ნიშნები გამოვლინდება, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაციის ნიშნები ან საერთო მდგომარეობის გაუარესება. ამ დროს, შესაძლოა, ექიმმა სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია დანიშნოს.
ნიტრონალის კაფსულებსა და სუსპენზიაში ნატრიუმის შემცველობა 1 მმოლ-ზე ნაკლებია (ანუ 23 მგ-ზე ნაკლები), რაც საშუალებას იძლევა, პრეპარატი ნატრიუმისგან თავისუფალი მედიკამენტების კატეგორიას მივაკუთვნოთ. პრეპარატი ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ ზემოქმედებს
ორსულობის პერიოდში ნიტრონალის უსაფრთხოებაზე საკმარისი მონაცემი არ არსებობს. მისი პოტენციური ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური ზემოქმედება არაა გამორიცხული, რის გამოც ფეხმძიმე ქალებში სიფრთხილეა საჭირო. ლაქტაციის დროს ნიტრონალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხანმოკლე კურსით და მკაცრად განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში.
ნიტრონალი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ორივე ფორმით ხელმისაწვდომია.
8 აგვ 2025