აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნორკოლუტი – ეფექტიანი საშუალება ქალის სასქესო ჰორმონების დასარეგულირებლად

უკან

ნორკოლუტი – ეფექტიანი საშუალება ქალის სასქესო ჰორმონების დასარეგულირებლად

7 აგვ 2025

ნორკოლუტი და მენსტრუაცია ქალებში

 

ჰორმონალური ბალანსი ქალის ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საფუძველია.  მისმა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები და ემოციური არამდგრადობა. ჰორმონების სწორი მუშაობა ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის დონის შენარჩუნებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 

ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტი -  ნორკოლუტი უზრუნველყოფს ჰორმონალური ბალანსის აღდგენასა და მისით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას. ის შეიცავს ქალის ერთ-ერთი მთავარი სასქესო ჰორმონის – პროგესტერონის სინთეტურ ანალოგ ნორეთისტერონი და ისეთი ჰორმონალური პრობლემების მკურნალობისთვის გამოიყენება, რომლებიც ძირითადად ამ ჰორმონის დაბალი დონით არის განპირობებული. 

როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი და მიღების ჩვენებები 

პროგესტერონი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მენსტრუალური ციკლის ნორმალურ წარმართვაში, განსაკუთრებით საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის, ენდომეტრიუმის განვითარებასა და მომზადებაში. 

მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში ანუ ლუთეინურ ფაზაში ქალის ორგანიზმში ბუნებრივი პროგესტერონის დონე მატულობს, რის შედეგადაც ენდომეტრიუმი სქელდება, ხდება ჯირკვლოვანი და მზადდება კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის. როდესაც ოვულაციის შემდეგ ორსულობა არ დგება, პროგესტერონის დონე ისევ იკლებს, რაც გასქელებული ლორწოვანი გარსის დაშლას იწვევს. ენდომეტრიუმი ორგანიზმიდან მენსტრუალური სისხლდენის მეშვეობით გამოიდევნება.

როდესაც გარკვეული გარემოებების გამო პროგესტერონი საკმარისი რაოდენობით ვერ გამომუშავდება, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი და, შესაბამისად, ქალის მენსტრუალური ციკლი. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ნორკოლუტი, როგორც პროგესტერონის სინთეტური ანალოგი. კონკრეტულად, პრეპარატი გამოიყენება:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას – ეს შეიძლება იყოს არასრულყოფილი ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი. 
  • ანოვულაციისას – ამ დროს ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება ვერ ხერხდება, რაც არღვევს ციკლის ნორმალურ მიმდინარეობას. 
  • არამენსტრუალური სისხლდენა – როცა სისხლდენა არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან და განპირობებულია სხვა ფაქტორებით. 
  • ენდომეტრიოზი – ეს არის დაავადება, როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანი ქსოვილი იზრდება არასწორ ადგილებში და იწვევს ტკივილს და ციკლის დარღვევებს.
  • საკეისრო კვეთის შემდგომი ჰორმონალური მხარდაჭერა – ჰორმონალური ბალანსისა და საშვილოსნოს სწრაფად აღსადგენად.

ნორკოლუტი მიღება უნდა მოხდეს ექიმის მიერ განსაზღვრული დოზებითა და რეჟიმით. როგორც წესი, მისი დღიური რეკომენდებული დოზაა 5 მგ ტაბლეტი 1-3-ჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია პრობლემის ტიპსა და სიმწვავეზე. 

 

ნორკოლუტი ფასი და ყიდვა პსპ

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი ნორკოლუტის მიღებისას? 

ნორკოლუტმა, როგორც სხვა ჰორმონალურმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ისინი ხშირად ხანმოკლეა და დროთა განმავლობაში ქრება. ესენია: 

  • გულისრევა – ზოგჯერ პრეპარატს საწყის ეტაპზე ახასიათებს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, რაც, როგორც წესი, გულისრევის შეგრძნებით ვლინდება. 
  • წონის ცვლა – პროგესტერონის ჰორმონები ზოგჯერ იწვევს სითხის შეკავებას ორგანიზმში, რაც წონაზეც აისახება.
  • ხასიათის ცვლილებები და მეხსიერების დაქვეითება – ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესიული განწყობა, კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები. 
  • ძილის დარღვევები – ზოგჯერ თავს იჩენს ძილის პრობლემები, უსიამოვნო სიზმრები ან უძილობა. 
  • მკერდის მგრძნობელობის გაზრდა ან/და შეშუპება – ჰორმონალური დარღვევების მკურნალობის დროს ერთ-ერთი ხშირი გვერდითი ეფექტია. 
  • ალერგიული რეაქციები – იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, სახის ან სხეულის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. 

როგორია მედიკამენტის უკუჩვენებები? 

ნორკოლუტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ან აკრძალულია შემდეგი შემთხვევების დროს:

  • ორსულობა და ლაქტაცია – ასეთ დროს პრეპარატი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაყოფს ან დედის ჯანმრთელობას.
  • სისხლძარღვთა დაავადებები, თრომბოზი და თრომბოემბოლია – ჰორმონალური პრეპარატები ზრდის სისხლის შედედების რისკს, ამიტომ ნორკოლუტის გამოყენება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ან ჰქონია სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. 
  • ღვიძლის დაავადებები – ნორკოლუტის აქტიური ნივთიერება ნორეთისტერონი მეტაბოლიზდება ღვიძლის მეშვეობით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, პრეპარატის ნივთიერებების დაშლა და გამოყოფა შეფერხდეს, რამაც გამოიწვიოს მისი ორგანიზმში დაგროვება. 

ნებისმიერ შემთხვევაში ნორკოლუტის მიღებისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული გვერდითი მოვლენები და ჯანმრთელობის გაუარესების რისკები. ამიტომ არ მიიღოთ მედიკამენტი თვითნებურად და არ შეცვალოთ სპეციალისტის მიერ დადგენილი დოზები. გარდა ამისა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ნორკოლუტის მოხმარებისას წარმოქმნილი ნებისმიერ ჩივილის შემთხვევაში. დაბოლოს, ეცადეთ დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რადგან ჰორმონების დაბალანსებისთვის მას ალტერნატივა არ აქვს.



7 აგვ 2025