პრეპარატი ლიქუნორმი ჯანმრთელი ნაწლავებისთვის
12 სექ 2025

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები ფართოდ არის გავრცელებული როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ფორმით. ყველაზე ხშირი პრობლემა ყაბზობაა, რომელიც შეიძლება ეპიზოდური ან მუდმივი იყოს და ცხოვრების არასწორ რეჟიმს, უმოძრაობას, დაუბალანსებელ კვებას ან სხვადასხვა დაავადებას უკავშირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში ყაბზობას თან ახლავს მეტეორიზმი, ნაწლავური კოლიკა და დისკომფორტი, რაც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედებს. პრობლემის უგულებელყოფა სხვადასხვა გართულებას იწვევს, მათ შორის სწორი ნაწლავის ნახეთქებს, ბუასილსა და ანთებით პროცესებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი საშუალებები ხშირად საჭიროა დიაგნოსტიკური ან ქირურგიული ჩარევების წინ, რათა ნაწლავები სრულად გაიწმინდოს. ამგვარ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ეფექტიანი საფაღარათო და სპაზმოლიზური პრეპარატების გამოყენება, როგორიც ლიქუნორმია.
ლიქუნორმი (Liqunorm) მრავალმხრივ მოქმედი პრეპარატია, რომელიც საფაღარათო, ნაღვლმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, სპაზმს ამცირებს და ანთებით პროცესებს აცხრობს.
პრეპარატი ინიშნება როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ყაბზობის, ნაწლავების ატონიის, სპასტიური კოლიტისა და მეტეორიზმის დროს. მისი გამოყენება ასევე მიზანშეწონილია სწორი ნაწლავის ნახეთქებისა და ბუასილის შემდგომი მოვლისას, ასევე ქოლანგიტისა და ქოლეცისტიტისას, როდესაც საჭიროა ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის მართვა.
ყაზბობის წამალი ლიქუნორმი გამოირჩევა არა მხოლოდ თერაპიული, არამედ პროფილაქტიკური ზემოქმედებითაც: იგი დიაგნოსტიკური კვლევებისა და ქირურგიული ოპერაციების წინ კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად გამოიყენება, რაც პროცედურის უსაფრთხოებასა და შედეგიანობას უზრუნველყოფს. პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა და 30-ტაბლეტიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.
ლიქუნორმი (Liqunorm) მრავალკომპონენტიანი პრეპარატია, რომელიც ბუნებრივი და მინერალური წარმოშობის ნივთიერებების კომბინაციას შეიცავს. მის თითოეულ ტაბლეტში ხეჭრელის ქერქი, რევანდის ფესვები, სინამაქის ფოთლები, ალოეს წვენის კონცენტრატი, კამა და მაგნიუმის სულფატო გხვდება. აღნიშნული ნივთიერებების ერთობლიობა პრეპარატის საფაღარათო, ნაღვლმდენ, სპაზმოლიზურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს განაპირობებს, რაც ლიქუნორმის ფართო თერაპიულ შედეგს უზრუნველყოფს.
ხეჭრელის ქერქი ანტრაგლიკოზიდებითა და ორგანული მჟავებითაა მდიდარი, რომლებიც მსხვილ ნაწლავზე მოქმედებს, პერისტალტიკას აძლიერებს და განავლის გამოყოფას ამარტივებს. იგი განსაკუთრებით ეფექტიანია ატონიური შეკრულობისა და სპასტიური კოლიტის დროს; რევანდის ფესვები არა მხოლოდ საფაღარათო, არამედ ნაღვლმდენი ეფექტითაც გამოირჩევა: ისინი ნაღვლის სეკრეციას ააქტიურებს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ამავდროულად ნაწლავებში ანთებით პროცესებს ამცირებს.
სინამაქის ფოთლები ანტრაქინონულ გლიკოზიდებს შეიცავს, რომლებიც ნაწლავის ლორწოვან გარსს მსუბუქად აღიზიანებს და შედეგად პერისტალტიკას ასტიმულირებს. ეს კომპონენტი ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გაზრდასა და მის სწრაფ გამოდევნას, რაც შეკრულობის დროს განავლის ნორმალიზაციას განაპირობებს; ალოეს წვენი ამ ეფექტს აძლიერებს: მას მსუბუქი საფაღარათო და ნაღვლმდენი თვისებები აქვს, თანაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით ლორწოვანი გარსის აღდგენას უწყობს ხელს.
კამა ეთერზეთებით მდიდარია და ქოლინოლიზური თვისებებით გამოირჩევა. იგი ნაწლავებში გაზების დაგროვებას ამცირებს, მეტეორიზმსა და სპაზმურ ტკივილებს ხსნის, ამასთანავე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ ფუნქციასაც; მაგნიუმის სულფატი ოსმოსური მოქმედებით ნაწლავის სანათურში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც განავალი რბილდება და მისი გამოდევნა უმტკივნეულო ხდება. გარდა ამისა, იგი ნაღვლის გამოდევნას უწყობს ხელს და სპაზმების მოხსნასაც განაპირობებს.

ლიქუნორმის მიღების წესი ასეთია: იგი პერორალურად, ანუ პირის ღრუდან, მიიღება. მოზრდილებში რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში 2-3-ჯერ — სასურველია ჭამის წინ, მცირე ოდენობის წყლით დაყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და პაციენტის მდგომარეობასა თუ ექიმის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
ლიქუნორმის ტაბლეტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ასევე, მისი მიღება დაშვებულია ლაქტაციის პერიოდში, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი შესაძლო რისკებს სჭარბობს და მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. ლიქუნორმის დანიშვნა შეიძლება ბავშვებშიც, 8 წლის ასაკიდან, მაგრამ მხოლოდ სპეციალისტის რჩევით.
ლიქუნორმის ხანგრძლივმა და უკონტროლო გამოყენებამ, შესაძლოა, ორგანიზმში კალიუმის მარაგის დეფიციტი გამოიწვიოს, რაც საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული საშუალებების მოქმედების გაძლიერების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. თიაზიდური დიურეტიკების, ძირტკბილას შემცველი პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების პარალელურად მიღებისას ასევე იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების ალბათობა, რაც განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომასა და მონიტორინგს საჭიროებს.
ლიქუნორმის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატის რომელიმე აქტიური ან დამხმარე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ალერგიული რეაქციების რისკის გათვალისწინებაც, რადგან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება კანზე გამონაყარით, ქავილით ან სხვა ალერგიული ნიშნებით გამოვლინდეს.
უკუჩვენებაა ნაწლავის გაუვალობა და სტენოზიც, ვინაიდან ამ მდგომარეობებში საფაღარათო მოქმედებამ შეიძლება პათოლოგიური პროცესი გააუარესოს. ანთებითი დაავადებების შემთხვევაში, როგორიც წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, რადგან მან, შესაძლოა, მათი გამწვავება და გართულებები გამოიწვიოს. ლიქუნორმი არ ინიშნება აპენდიციტის დროსაც, რადგან საფაღარათო მოქმედება სიმპტომების დამალვის რისკს შეიცავს, ეს კი დიაგნოსტიკას ართულებს. ლიქუნორმი უკუჩვენებაა იმ შემთხვევაში, როცა მუცლის არეში უცნობი მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი იჩენს თავს.
ლიქუნორმის ხანგრძლივი მიღებისას, განსაკუთრებით კი ორი კვირაზე მეტი დროით, და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა, არასასურველი ეფექტები განვითარდეს. ჭარბი რაოდენობით მიღება ხშირად მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, რასაც თან სდევს პერისტალტიკის დათრგუნვა და ნაწლავის ნორმალური მოტორული ფუნქციის დარღვევა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ელექტროლიტური დისბალანსის მიზეზი გახდეს (განსაკუთრებით კალიუმის დეფიციტის), რასაც გავლენა აქვს გულისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევებში პაციენტმა შეიძლება იგრძნოს სისუსტე, კუნთების სპაზმები ან გულის რიტმის დარღვევები.
გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა რეკომენდებული დოზები მკაცრად დაიცვას და მკურნალობის ხანგრძლივობა გაითვალისწინოს.
12 სექ 2025