აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პრექსეტილი — გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი ორსულებისთვის

უკან

პრექსეტილი — გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი ორსულებისთვის

6 აგვ 2025

პრექსეტილი DR 10მგ+10მგ 30 ტაბლეტი

 

პრექსეტილი DR განკუთვნილია ორსულ ქალებში გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შესამცირებლად. ის განსაკუთებით იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა ტრადიციული მეთოდები ეფექტს არ იძლევა. პრეპარატი წარმოდგენილია მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტის სახით, რომელიც პერორალური გზით მიიღება. ბლისტერი 30 ცალ შემოგარსულ ტაბლეტს შეიცავს.

როგორია პრეპარატის შედგენილობა 

თითოეულ ტაბლეტში ორი აქტიური ნივთიერებაა — 10 მგ. დოქსილამინის სუქცინატი და 10 მგ. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი. პირველი მათგანი ეთანოლამინის ჯგუფის ანტიჰისტამინურ საშუალებებს მიეკუთვნება და ორსულთა გულისრევისა და ღებინების კონტროლში ეფექტიანად მიიჩნევა, პირიდოქსინი, როგორც B6 ვიტამინის ფორმა, ორგანიზმის მრავალფუნქციურ მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს; ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სტაბილურ მუშაობასა და საჭმლის მონელების რეგულაციაში. 

პრექსეტილის დამხმარე ნივთიერებებს შორის აღსანიშნავია მაგნიუმის სტეარატი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დეჰიდრატი, მანიტოლი (E421), ჰიდროქსიპროპილმეთილის ცელულოზა, მეტაკრილის მჟავა, პოლიეთილენის გლიკოლი და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი. ასევე, მედიკამენტში გვხვდება: ტალკი, ტრიეთილის ციტრატი, ტიტანის დიოქსიდი, კოლოიდური კაჟბადი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და პოლისორბატი 80. თითოეული კომპონენტი ტაბლეტის სტაბილურობაში, გადამუშავების დროსა და უსაფრთხო მოხმარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

როგორია პრექსეტილის მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება აუცილებელია ექიმის დანიშნულების შესაბამისად. პრექსეტილი DR მიიღება მშიერ კუჭზე, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაღეჭვის ან დაჭრის გარეშე, რათა არ დაირღვეს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების მექანიზმი. პირველ დღეს რეკომენდებულია ორი ტაბლეტის მიღება ძილის წინ. თუ მდგომარეობის გაუმჯობესება ან სიმპტომების შემსუბუქება მეორე დღეს აღინიშნება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით — ორი ტაბლეტი საღამოს. ამ სქემის შენარჩუნება მიზანშეწონილია მანამ, სანამ ექიმი არ გირჩევთ სხვა რეჟიმზე გადასვლას.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე დღეს ღებინება ან გულისრევა მაინც შენარჩუნდება, მესამე დღეს რეკომენდებულია დოზის გაზრდა:  ერთი აბი დილით და ორი აბი საღამოს. თუ სიმპტომები მაინც ვლინდება, მეოთხე დღეს შეიძლება მიიღოთ ოთხი ტაბლეტი: ერთი დილით, ერთი შუადღეს და ორი ძილის წინ. აღსანიშნავია, რომ დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ ტაბლეტს.

პრეპარატის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა: პირის სიმშრალე, მოუსვენრობა, ძილიანობა, დაბნეულობა, გუგების გაფართოება, გულისცემის გახშირება, კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე ან თირკმლის ფუნქციის უეცარი დარღვევა. მსგავსი მოვლენებისას პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს მიმართოს. 

გამოტოვებული დოზის შემთხვევაში ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია; მკურნალობა ექიმთან შეთანხმებით უნდა გაგრძელდეს. პრეპარატის მიღების შეწყვეტაც ასევე ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო რეკომენდაციით, რათა სიმპტომების უეცარი დაბრუნება ან სხვა არასასურველი რეაქციების პროვოცირება აიცილოთ თავიდან.

პრექსეტილი DR სპეციალურად ორსულებისთვის არის შექმნილი, თუმცა მისი გამოყენება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვებისას, ვინაიდან მოქმედი ნივთიერებები დედის რძეში გადადის და, შესაძლოა, ნაყოფს ზიანი მიაყენოს. ასევე, პრექსეტილი DR არაა განკუთვნილი ბავშვებში ან 18 წლამდე მოზარდებში გამოსაყენებლად. ხანდაზმულებზე სპეციფიკური კლინიკური მონაცემები არ არსებობს, რის გამოც მათში სიფრთხილეა საჭირო.

 

ორსული ქალი, რომელიც გულისრევას გრძნობს და უარს ამბობს შეთავაზებულ საკვებზე

რა შემთხვევებში უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე პრეპარატის მიღებისას 

არსებობს რიგი კლინიკური მდგომარეობები, რომელთა დროსაც პრექსეტილის მიღება სრულიად დაუშვებელია ან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. პრეპარატის გამოყენება აკრძალულია იმ პაციენტებში, რომელთაც დოქსილამინის სუქცინატის, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ან ზოგადად ეთანოლამინის ჯგუფის ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აქვთ. ასევე, პრექსეტილის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში არსებული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გარდა ამისა, პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია იმ ადამიანებში, რომლებიც მკურნალობას გადიან მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAOI) — მედიკამენტური ჯგუფი, რომელიც ხშირად გამოიყენება დეპრესიის დროს. აღნიშნული საშუალებების პრექსეტილთან კომბინაცია, შესაძლოა, სერიოზული გვერდითი მოვლენების გამომწვევი გახდეს.

ზოგჯერ პრექსეტილის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის პირობებში. ასეთი მდგომარეობებია: ბრონქული ასთმა, თვალის შიდა წნევის მომატება, ვიწროკუთხოვანი გლაუკომა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტს პეპტიური წყლული, კუჭის გამომავალი ნაწილის (პილორო-დუოდენალური) ან შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია დაუდგინდა. ეს სითხის გატარების დაბრკოლებასა და სიმპტომების გამწვავებას იწვევს.

პრექსეტილი, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს შარდის ტესტებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტესტირება მიმდინარეობს მეტადონზე ან პენციკლიდინის ფოსფატზე (ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც შარდის ანალიზით ავლენენ). ასეთ შემთხვევაში შედეგები შეიძლება მცდარი იყოს.

ყოველი ზემოხსენებული შემთხვევა საჭიროებს წინასწარ კონსულტაციას ექიმთან. თუ რომელიმე მდგომარეობა თქვენთვის ნაცნობია ან წარსულში დაგისვეს შესაბამისი დიაგნოზი, მკურნალობის დაწყებამდე სპეციალისტს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოთ.

როგორ ურთიერთქმედებს პრექსეტილი სხვა პრეპარატებთან 

პრექსეტილის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმისთვის აცნობოთ, იღებთ თუ არა სხვა სამკურნალო საშუალებას (მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებს, ვიტამინებს ან მცენარეულ პროდუქტებს). აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან, შესაძლოა, სხვადასხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს ან გვერდითი მოვლენების რისკი გაზარდოს.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების გარდა, პრექსეტილთან ერთად არაა რეკომენდებული ალკოჰოლის ან სხვა ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავს. ასეთია: სედატიური, ჰიპნოზური და ანქსიოლიზური საშუალებები, ხველისა და გაციების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, ტკივილგამაყუჩებლები ან საძილე მედიკამენტები. ასეთმა კომბინაციამ, შესაძლოა, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება და ამასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რისკი გამოიწვიოს, განსაკუთრებით დღის განმავლობაში მოძრაობისას ან მანქანის მართვისას.

აქვე: დოქსილამინის სუქცინატის შემცველობის გამო, პრექსეტილი DR-ის მიღებამ შეიძლება ძილიანობა ან რეაქციის შენელება განაპირობოს. შესაბამისად, რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთი საქმიანობისას, რომელიც სრულ კონცენტრაციასა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს, მაგალითად, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

ამ რისკების მიხედვით, ექიმს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს, რომელსაც იღებთ. ასე არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და მკურნალობის ეფექტიანობა კი იზრდება.

 

ორსული ქალი, რომელიც ტუალეტის წინ გულისრევისა და ღებინების სიმპტომებით იტანჯება. შესაძლოა, ეს ფოტო ასახავდეს პრექსეტილის საჭიროებას გულისრევის შესამცირებლად.

რა შესაძლო გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრექსეტილს 

ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის პრექსეტილს, შესაძლო გვერდითი ეფექტები აქვს. განსაკუთრებით საფრთხილოა, როცა პაციენტს პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე რეაქციები, რაც მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პრექსეტილის მიღების ფონზე გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, მოუსვენრობა, პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება და ძილიანობა. განსაკუთრებით საგანგაშოა კუნთოვანი სისუსტის, თირკმელების ფუნქციის მოულოდნელი გაუარესების, ძლიერი გულისცემის ან მგრძნობელობის დაკარგვის შემთხვევები, რადგან ეს ორგანიზმის მძიმე რეაქციაზე მიანიშნებს.

ზოგ შემთხვევაში გვერდითი ეფექტები ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციაზე ზემოქმედების სახით. ამ მხრივ საფრთხეზე მიუთითებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შფოთვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ძილის დარღვევა ან ყალბი სივრცითი ორიენტაცია. ასევე ,აღწერილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლენილი მოვლენები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, პალპიტაცია ან სისხლის წნევის ცვალებადობა.

კუჭ-ნაწლავის სისტემაში ზოგჯერ ვლინდება მუცლის შებერილობა, ტკივილი, დიარეა ან ყაბზობამ. დერმატოლოგიური სიმპტომებიდან, შესაძლოა, აღინიშნოს ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე ან ბუშტუკოვანი დაზიანება. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება შარდვის გართულება, მით უფრო მაშინ, როცა თანმდევად იღებენ სხვა ანტიქოლინერგულ საშუალებას.

შესაძლოა, გაჩნდეს ისეთი ზოგადი სიმპტომებიც, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან სხვა სახის დისკომფორტი. თუ შეამჩნევთ რაიმე უჩვეულოს — მათ შორის იმ სიმპტომებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში ნახსენები არაა — აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური უსაფრთხოებისთვის, არამედ პრეპარატის რისკებისა და სარგებლის შეფასებისთვისაც. 

6 აგვ 2025