რატომ არის ასპარკამი მნიშვნელოვანი მინერალური დანამატი?
6 ივლ 2025

პრეპარატი ასპარკამი უკრაინაში იწარმოება. ის 0.35-გრამიანი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. თითოეული ტაბლტი 175 მგ (0,175 გრ.) მაგნიუმის ასპარაგინატსა და 175 მგ (0,175 გრ.) კალიუმის ასპარაგინატს შეიცავს. ასპარკამში დამხამრე ნივთიერებების სახით ასევე შედის: სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი და ტვინ-80.
პსპ-ში ასპარკამი 10 და 50-ტაბლეტიანი შეფუთვით არის ხელმისაწვდომი. აფთიაქების ქსელში პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
მედიკამენტი ასპარკამი მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს, რომელიც მოიცავს მინერალურ დანამატებს, კერძოდ კი კალიუმისა და მაგნიუმის შემცველ პრეპარატებს. იგი მოქმედებს როგორც მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება.
მისი თერაპიული ეფექტი ასპარაგინატების უნარით არის განპირობებული. ეს ნაერთები კალიუმისა და მაგნიუმის იონებს უჯრედის შიგნით გადააქვთ და ცვლის პროცესებში მონაწილეობენ. წამალი ასპარკამი ორგანიზმს ელექტროლიტური ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში ეხმარება. იგი ამცირებს მიოკარდის (გულის კუნთის) აგზნებადობასა და გამტარობას და ზომიერ ანტიარითმიულ მოქმედებას უზრუნველყოფს.
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ხოლო მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ფიქსირდება.
რაც შეეხება ასპარკამის დანიშნულებას, პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია იმ კლინიკური მდგომარეობების დროს, როდესაც ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია) აღინიშნება, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ეს სალურეტიკების ჭარბი გამოყენებით არის გამოწვეული.
მედიკამენტი ასევე გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას, განსაკუთრებით იმ დროს, როცა არითმია სათითურას ჯგუფის პრეპარატების ტოქსიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში ასპარკამი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში შეჰყავთ.
ასპარკამის გამოყენება დაუშვებელია თუ აღინიშნება: თირკმლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა; სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია და ჰიპერმაგნიემია); პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
ასპარკამი არ გამოიყენება ჰემოლიზის, მწვავე მეტაბოლური აციდოზის, მიასთენიისა და ატრიოვენტრიკულური გამტარობის II ან III ხარისხის დარღვევების დროს. გარდა ამისა, მედიკამენტით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ფონზე, რომელიც გულის რითმის დარღვევით მიმდინარეობს.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ასპარკამი მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გამოიყენება.

პრეპარატი ასპარკამი პერორალურად, ჭამის შემდეგ მიიღება. მოზრდილი პაციენტებისთვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მიღება დღეში სამჯერ. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 3-4 კვირას შეადგენს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გამოვლენა: სახის გაწითლება, ძლიერი წყურვილი, არტერიული წნევის დაქვეითება, კუნთების სისუსტე, კიდურების შებოჭილობა ან პარესთეზია, კრუნჩხვები, გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის შენელება და პირში მეტალის გემოს შეგრძნება.
ასპარკამის დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და ექიმთან კონსულტაცია.
ასპარკამი ბავშვებში არ არის გამოცდილი, ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიაში პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული.
მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, ასპარკამის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება არასასურველი გვერდითი მოვლენები განვითარდეს. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძირითადად აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა. ზოგი პაციენტის შემთხვევაში შეინიშნება მუცლის ტკივილი, ასევე ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტის შეგრძნება ან წვა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სხვა გვერდით მოვლენებს შორისაა: კუჭ-ნაწლავში სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულების გაჩენა და პირის სიმშრალე.
პაციენტების ნაწილის შემთხვევაში ასპარკამმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის გამტარობის დარღვევა, რაც ექიმის ყურადღებასა და მკურნალობის კორექციას საჭიროებს. ზოგჯერ აღინიშნება არტერიული წნევის დაწევა.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის კუთხით შეიძლება განვითარდეს პარესთეზიები, ჰიპორეფლექსია და კრუნჩხვები, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება.
ასპარკამის მიღებას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თან ახლდეს ალერგიული რეაქციები. ეს მოიცავს ჰიპერმგრძნობელობის ნიშნებს, როგორიცაა კანის ქავილი, სახის გაწითლება ან გამონაყარი.
სუნთქვის სისტემის მხრივ შესაძლოა აღინიშნოს სუნთქვის დათრგუნვა, რაც, როგორც წესი, ჰიპერმაგნიემიით არის გამოწვეული — მაგნიუმის ჭარბი კონცენტრაცია ორგანიზმში სუნთქვით ფუნქციაზე ნეგატიურად აისახება.
ნებისმიერი მოულოდნელი ან მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
6 ივლ 2025