აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა არის ვობენზიმი და რისთვის გამოიყენება ის?

უკან

რა არის ვობენზიმი და რისთვის გამოიყენება ის?

6 აგვ 2025

რა არის ვობენზიმი და რისთვის გამოიყენება?

 

თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ისეთი ბუნებრივი პრეპარატები, რომლებიც არა მხოლოდ სიმპტომების დროებით გაქრობას, არამედ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედებას და ორგანიზმის თავდაცვითი უნარის გაძლიერებას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება ენზიმური თერაპია, რომელიც მკურნალობის პროცესში ბიოლოგიურად აქტიური ფერმენტების გამოყენებას გულისხმობს. ენზიმები პრაქტიკულად ყველა ცოცხალ პროცესში მონაწილეობს – გავლენას ახდენს საკვების მონელებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ანთების რეგულაციასა და იმუნურ პასუხზე. 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი ენზიმური პრეპარატი ვობენზიმია, რომელიც ათწლეულებია გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში. ის არა მხოლოდ სიმპტომების მოხსნას უზრუნველყოფს, არამედ აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციებს სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც მედიკამენტის მთავარი უპირატესობაა. 

ვობენზიმი წარმატებით გამოიყენება როგორც რევმატოლოგიაში, ისე ტრავმატოლოგიაში, გინეკოლოგიასა და იმუნოლოგიაში. 

როგორია ვობენზიმის შედგენილობა

ვობენზიმი გამოირჩევა უნიკალური შედგენილობით, რომელიც მოიცავს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველური წარმოშობის ენზიმებსა და ანტიოქსიდანტებს. ესენია:

  • ბრომელაინი – ფერმენტი, რომელიც მიიღება ანანასიდან. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების დამაქვეითებელი თვისებები. იგი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების სწრაფ აღდგენას, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას ოპერაციების ან ტრავმების შემდეგ. ასევე აქვს მსუბუქი ანტითრომბოზული მოქმედებაც.
  • ტრიპსინი – ცხოველური წარმოშობის პროტეოლიტური (ცილის დაშლის უნარის მქონე) ფერმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ანთების შემცირებას. იგი ხსნის შეშუპებას, ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას და ქსოვილების რეგენერაციას.
  • ქიმოტრიპსინი – ცხოველური ფერმენტი, რომელიც ტრიპსინის  მსგავსად, აქტიურად მონაწილეობს ცილის სტრუქტურების დაშლაში. ის ხელს უშლის ფიბრინის დაგროვებას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.
  • პანკრეატინი – ფერმენტების – ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას. ის ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დატვირთვას, უზრუნველყოფს ანთების რეგულაციასა და ფერმენტული ბალანსის აღდგენას. ის განსაკუთრებით ეფექტიანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.
  • რუტინი – მცენარეული წარმოშობის ბიოფლავონოიდია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება. იგი ამაგრებს კაპილარების კედლებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და იცავს ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისგან. რუტინი ასევე ანტითრომბოზული ეფექტითაც გამოირჩევა. 

ვობენზიმი ანთების შესამცირებლად, იმუნიტეტის დასაბალანსებლად და ქსოვილების რეგენერაციისთვის.

რისთვის გამოიყენება პრეპარატი?

ვობენზიმის კომპონენტების სინერგიული მოქმედება განაპირობებს პრეპარატის მრავალმხრივ თერაპიულ ეფექტს. სწორედ ამის დამსახურებით მედიკამენტი ერთდროულად უზრუნველყოფს:

  • ანთების შემცირებას – ვობენზიმში შემავალი ფერმენტები – ტრიპსინი, ქიმოტრიპსინი და ბრომელაინი პირდაპირ ზემოქმედებენ ანთებით მედიატორებზე, ამცირებენ პროსტაგლანდინების, ციტოკინებისა და ჰისტამინის აქტივობას. შედეგად, მცირდება შეშუპება, იკლებს ტკივილი და სიწითლე, ჩქარდება დაზიანებული უბნების შეხორცების პროცესი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, ტენდინიტების, დერმატიტებისა და სხვა ანთებითი პათოლოგიების მართვისას.
  • იმუნური სისტემის დაბალანსებას – ვობენზიმს არ ახასიათებს იმუნურ სისტემაზე პირდაპირი ეფექტი, არამედ მოქმედებს, როგორც რეგულატორი – ამცირებს გააქტიურებულ იმუნურ რეაქციებს ავტოიმუნური პროცესების შემთხვევაში, აძლიერებს თავდაცვით უნარებს დასუსტებული იმუნიტეტი დროს და ხელს უწყობს ორგანიზმის ჰომეოსტაზისა და თვითრეგულაციის უნარის აღდგენას. ამ თვისებების გამო, ვობენზიმი ხშირად გამოიყენება ქრონიკული ვირუსული ინფექციების, ავტოიმუნური დაავადებებისა და იმუნური სისტემის დისბალანსის დროს.
  • მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას – პრეპარატი დადებითად მოქმედებს სისხლისა და ლიმფის ნაკადზე. რუტინისა და ვაზოტონუსის მოქმედება აუმჯობესებს კაპილარებში სისხლის ცირკულაციას, ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ვენურ და ლიმფურ დრენაჟს. ეს კი მნიშვნელოვანწილად აჩქარებს შეხორცების პროცესს და ამცირებს შეშუპებას.
  • შაკიკის, ტკივილისა და შეშუპების შემცირებას – ვობენზიმი განსაკუთრებით ეფექტიანია, როდესაც სახეზეა ოპერაციების შემდგომი შეშუპება, სპორტული ტრავმები, ქრონიკული ტკივილის სინდრომები, მაგალითად, წელისა და სახსრების. პრეპარატში შემავალი ფერმენტები ააქტიურებს ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივ მექანიზმს და ამცირებს ტკივილის ინტენსივობას ტკივილგამაყუჩებლების გარეშე. 

როგორია ვობენზიმის მიღების წესი 

პრეპარატი მიიღება ცარიელ კუჭზე, ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. არ არის რეკომენდებული ტაბლეტების დალევა წვენთან, ჩაისთან ან რძესთან ერთად.

ვობენზიმის დოზა დამოკიდებულია მიზნებსა და პაციენტის რეაქციაზე:

  • მსუბუქი ანთებითი მდგომარეობები – 3 ტაბლეტი დღეში, ორჯერადი მიღებით
  • საშუალო სიმძიმის დაავადებები – 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
  • ქრონიკული, მძიმე მდგომარეობები – 5-10 ტაბლეტი დღეში, 2-3 მიღებაზე განაწილებით
  • პოსტოპერაციული პერიოდი ან მწვავე ტრავმები – 5 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 

ვობენზიმი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის დროს, ისე კომპლექსური მკურნალობის ფარგლებში. მკურნალობის საშუალო კურსი შეადგენს 2-4 კვირას, თუმცა ქრონიკული დაავადებებისას ან იმუნური დისბალანსის შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ პრეპარატის მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია პრეპარატის მოქმედების შუალედური შეფასებაც, რათა საჭიროების შემთხვევაში შემცირდეს ან გაიზარდოს დოზა. 

პრეპარატის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორად შერჩეულ სქემაზე. სქემის შემუშავებისას აუცილებლად უნდა შეფასდეს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მათ შორის თანხმლები ქრონიკული დაავადებები, განისაზღვროს დაავადების ტიპი და კლინიკური სურათი (მწვავე, ქვეწვავე თუ ქრონიკული მიმდინარეობა), სიმძიმე და პროგრესირების ხარისხი, თერაპიის მიზანი (პროფილაქტიკა, არსებული სიმპტომების შემცირება თუ პოსტოპერაციული ჩარევა). სწორად შერჩეული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა მედიკამენტისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

6 აგვ 2025